ენთელი (ნასოფლარი)
ენთელი — ნასოფლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ურავლის ხეობაში, სოფ. ურავლის სამხრეთით, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება „ენთელი“ აღნიშნავს მდინარის ფსკერიდან ამოსულ ყინულივით ცივ წყალს. ამავე სახელწოდების ორი სოფელი არის ადიგენის მუნიციპალიტეტშიც, მდ. ქვაბლიანის მარცხენა სანაპიროზე (ზემო ენთელი და ქვემო ენთელი).
ისტორია
რედაქტირება„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (1595) მიხედვით, ურავლის ხეობის სოფელი ენთელი შედიოდა ახალციხის ლივაში და ცხოვრობდა 8 კომლი: დავითა დავითის ძე, იასონა – ძე მისი, საბია, პეტრე – ძე მისი, ხალა, ფოცხვერა – ძე მისი, ბადურა რომანის ძე, დავითა. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი, ბოსტნეული; ჰყავდათ ღორი და ფუტკარი. მათი გადასახადი 19 000 ახჩას აღწევდა. 1944 წლიდან, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დეპორტაციის შემდეგ, სოფელი დაუსახლებელია.
ენთელის ეკლესია
რედაქტირებაენთელის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°32′20″ ჩ. გ. 43°03′26″ ა. გ. / 41.538917° ჩ. გ. 43.057306° ა. გ. |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
ენთელში მდგარა დარბაზული ეკლესია (ფართობი 8 მ X4 მ), სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენებით. შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან, არქიტრავის ქვაზე გამოყვანილი თაღით. ეკლესია თლილი ქვითაა ნაგები, ჰორიზონტალური წყობა განსაკუთრებით გარედან შეიმჩნევა. შიგნიდან კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა. პილასტრი ორსაფეხურიანია, ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილია პროფილირებული ლავგარდანი.
ეკლესიის გალავანზე ცერად ნაწყობი მაღალი ლოდების მწკრივი იყო შემოვლებული. ამჟამად ეკლესიის შენობისა და გალავნის მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 11.