ემოცია
ემოცია (ფრანგ. emotion — ვაღელვებ) — ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, გარე სინამდვილესა და თავისი თავისადმი ინდივიდის დამოკიდებულების განცდა (შიში, რისხვა, სიხარული, სიყვარული და სხვა). ემოციას უპირისპირებენ გრძნობას (ვიწრო მნიშვნელობით), რომლისგანაც იგი მეტი სუბიექტურობით განსხვავდება. ემოციას მჭიდრო კავშირი აქვს გამომსახველ მოძრაობებთან. შესწავლილია ადამიანის ტვინში ემოციის ლოკალიზაციის საკითხები, დამუშავებულია აგრეთვე მისი ფიზიოლოგიური საფუძვლები.
ემოციის როლი ინდივიდის ქცევის სტრუქტურაში არ არის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული: ზოგი მკვლევარი ხაზს უსვამს მის მარეგულირებელ და ქცევის მამოძრავებელ ფუნქციას, ზოგი კი ქცევის დეზორგანიზაციის გამომწევ გავლენას.
ემოციის ბუნება მატერიალისტურად ახსნა ივანე პავლოვმა უმაღლესი ნერვული სისტემის კანონებით. პავლოვის შეხედულებით, ემოცია არის თავის ტვინის დიდ ნახევარსფეროებში მიმდინარე პროცესები დინამიკური სტერეოტიპის არსებობისას, ემოციის ანატომიურ-ფიზიოლოგიური სუბსტრატია თავის ტვინის ნახევარსფეროები, აგრეთვე ქერქქვეშა წარმონაქმნები. ემოციის დროს პერიფერიული ცვლილებები დაკავშირებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებასთან.
თავის ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა წარმონაქმნების ურთიერთქმედების მოშლა იწვევს მძიმე დარღვევებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- იმედაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 139.
- ნათაძე რ., ზოგადი ფსიქოლგია, თბ., 1956;
- უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, შრომები, ტ. 3-4, თბ., 1964;
- Павлов И. П., Полное собрание сочинений, 2 изд., т. 3, кн. 2, М. — Л., 1951;
- Симонов П. В., Теория отражения и психофизиология эмоций, М., 1970;
- Дерябин В. С., Чувства, влечения, эмоции, Л., 1974;
- Joung P. Т., Emotion in man and animal, its nature and dynamic basis, N. Y., 1973;
- Emotions, ed. L. Levi, N. Y., 1975.