ვეგეტატიური ნერვული სისტემა
ვეგეტატიური ნერვული სისტემა (ავტონომიური ნერვული სისტემა; ვნს) — ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს შინაგანი ორგანოების (მომნელებელი, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, გამრავლების, გამომყოფი და სხვ.) მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამით — ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას.
შედგება ორი ნაწილისაგან - სიმპათიკური და მისი თანამგზავრი პარასიმპათიკური, რომლებიც აინერვირებენ შინაგან ორგანოებს. როგორც სიმპათიკური, ისე პარასიმპათიკური ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური და პერიფერიული ნაწილებისგან. ვეგეტაციური ნერვული სისტემის ერთიანი ცენტრები მოთავსებულია თავის ტვინის ჰემისფეროების ქერქში, ზოლიან სხეულში და ჰიპოთალამუსის მიდამოს ბირთვებში. ვეგეტაციური ნერვული სისტემის ნერვული ბოჭკოები ფუნქციის მიხედვით შეიძლება იყოს - მგრძნობიარე (აფერენტული), მამოძრავებელი (ეფერენტული) და სეკრეციული. ვნს-ის ნერვული ბოჭკოები, გამოსული შესაბამისი ცენტრებიდან მიემართება მომუშავე ორგანოსკენ და მისვლამდე შეწყდება მხოლოდ ერთ, რომელიმე ნერვულ კვანძში. ამგვარად, არჩევენ ორ მონაკვეთს: პირველი მონაკვეთი ცენტრიდან - კვანძამდე ანუ პრეგანგლიური ბოჭკო; მეორე მონაკვეთი კი - ნერვული კვანძიდან მომუშავე ორგანომდე ანუ რუხი ფერის პოსტგანგლიური ნერვული ბოჭკო.
ლიტერატურა
რედაქტირება- რამაზ ხეცურიანი, „ადამიანის ნორმალური ანატომია“, თბილისი, 2006
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 342-343.