თეოდორ კოხერი

(გადამისამართდა გვერდიდან ემილ თეოდორ კოხერი)

ემილ თეოდორ კოხერი (გერმ. Emil Theodor Kocher; დ. 25 აგვისტო, 1841, ბერნი, შვეიცარია, — გ. 27 ივლისი, 1917, იქვე) — შვეიცარიელი ქირურგი, მუცლის ღრუს თანამედროვე ასპექტური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1865 წელს დაამთავრა ბერნის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. თეოდორ ბილროთისა და ბერნჰარდ ლანგენბეკის მოწაფე. 1872-1911 წლებში ბერნის უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკის დირექტორი იყო. კოხერმა დაამუშავა ადამიანის ყველა მსხვილი სახსრის ოპერაციის მეთოდი. შექმნა ახალი ქირურგიული ხელსაწყოები, რომლებიც ამჟამად მის სახელს ატარებს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებსა და მკურნალობაზე ნაშრომებისათვის 1909 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

თეოდორ კოხერი
გერმ. Theodor Kocher
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1841(1841-08-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ბერნი[9]
გარდ. თარიღი 27 ივლისი, 1917(1917-07-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (75 წლის)
გარდ. ადგილი ბერნი[9]
დასაფლავებულია Bremgarten cemetery[10] [11]
მოქალაქეობა  შვეიცარია[9]
საქმიანობა ქირურგი[9] , ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიოლოგი
მუშაობის ადგილი ბერნის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბერნის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[9]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[12] [13] და honorary Fellow of the Royal College of Surgeons[14]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემილ თეოდორ კოხერი დაიბადა ბერნში 1841 წელს. მამა ინჟინერი იყო და დიდი გავლენა მოახდინა კოხერის შრომის კულტურაზე, დედა კი ღრმად მორწმუნე პროტესტანტი (მორავიული ეკლესიის მრევლი) და მზრუნველი ქალი იყო; თავად კოხერიც ყოველთვის მორწმუნე ქრისტიანი იყო. 1865 წელს კოხერმა დაამთავრა ბერნის უნივერსიტეტი, სადაც მის მასწავლებლებს შორის იყვნენ ჰერმან-ასკან დემე, გეორგ-ალბერტ ლიუკე, თეოდორ ბილროთი და ბერნჰარდ ლანგენბეკი. 1866 წლიდან იყო ლიუკეს ასისტენტი და პრივატ-დოცენტი, მუშაობდა ჰემოსტაზის (სისხლდენის შეჩერების) ექსპერიმენტულ მეთოდებზე, მხრის ამოვარდნილობის ქირურგიული კორექციის ტექნიკაზე.

1872 წელს, ბილროთისა და ლანგენბეკის რეკომენდაციით, კოხერი სტრასბურგში გადასული ლიუკეს ნაცვლად დაინიშნა ბერნის უნივერსიტეტის ორდინარულ პროფესორად და ქირურგიული კლინიკის დირექტორად. ამ პოზიციაზე კოხერი 45 წლის განმავლობაში მუშაობდა, მიუხედავად არაერთი მიწვევისა პრაღაში, ვენასა და ბერლინში. ამ პერიოდში კოხერმა პირველად მიმართა ჩიყვის სამკურნალოდ ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის მეთოდს (თირეოიდექტომია). პაციენტთა ამ ჯგუფში 1883 წელს მან აღწერა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაკარგვით გამოწვეული მდგომარეობა („კრეტინიზმი“) და ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით დაამუშავა ჯირკვლის ნაწილობრივი ამოკვეთის მეთოდი. 1912 წლისთვის კოხერს ფარისებრ ჯირკვალზე შესრულებული ჰქონდა 5 000-მდე ქირურგიული ჩარევა და საკუთარ პრაქტიკაში ამ ოპერაციის სიკვდილიანობა 18 %-იდან 0,5 %-მდე შეამცირა. კოხერმა ასევე დახვეწა კუჭზე, ფილტვებზე, ენაზე, თავის ტვინის ნერვებზე ოპერაციების მეთოდები, თიაქარკვეთის ტექნიკა, ცეცხლნასროლი ჭრილობების მკურნალობის გზები. ქირურგიულ პრაქტიკაში მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ჯოზეფ ლისტერის მიერ მოწოდებული სრული ასეპტიკის პრინციპი. მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „ჭრილობების ანტისეპტიკური მკურნალობა“ (Die antiseptische Wundbehandlung, 1881), „ლექციები ქირურგიული ინფექციების შესახებ“ (Vorlesungen über chirurgische Infektionskrankheiten, 1911) და „ოპერაციული ქირურგიის სახელმძღვანელო“ (2 ტომად; Chiruigische Operationslehre, 1911).

თეოდორ კოხერი იყო მრავალი სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციის საპატიო წევრი, 1902 წელს — ბერლინში გერმანიის ქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტი, 1905 წელს — ბრიუსელში ქირურგთა პირველი საერთაშორისო კონგრესის თავმჯდომარე, 1913 წელს — შვეიცარიის ქირურგთა საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. 1909 წელს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე ნაშრომებისათვის მიიღო ნობელის პრემია და გახდა ამ ჯილდოს მფლობელი პირველი შვეიცარიელი და პირველი ქირურგი. 1912 წელს ბერნის უნივერსიტეტს ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის შესწირა 200 000 შვეიცარიული ფრანკი. ჰყავდა მეუღლე — მარი ვიჩი და სამი ვაჟიშვილი, რომელთაგან უფროსი — ალბერტი — ქირურგიის ასისტენტ-პროფესორი და მამამისის აქტიური თანამშრომელი იყო. თეოდორ კოხერი 1917 წელს გარდაიცვალა, 75 წლის ასაკში, მის მიერ წარმოებული უკანასკნელი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში.

ეპონიმები

რედაქტირება

კოხერმა შექმნა არაერთი ოპერაციული მეთოდი, ქირურგიული ხელსაწყო და ინსტრუმენტი, რომელიც მის სახელს ატარებს. თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიაში გამოიყენება კოხერის სახელთან დაკავშირებული ეპონიმები:

  • კოხერის მომჭერი — ქირურგიული ინსტრუმენტი დაკბილული პირებით და ჩამკეტი კბილებით;
  • კოხერის წერტილი — თავის ტვინის პარკუჭებიდან ცერებროსპინალური სითხის სადრენაჟო კათეტერის ჩადგმის ადგილი;
  • კოხერის მანევრი — ქირურგიული მანევრი რეტროპერიტონულ სივრცეში მდებარე სტრუქტურებზე მიდგომისას;
  • კოხერ-დებრე-სემელენის სინდრომი — ჰიპოთირეოზით გამოწვული მდგომარეობა ახალშობილებსა და ბავშვებში;
  • კოხერის კისრის განაკვეთი — ქირურგიული განაკვეთი ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციების დროს;
  • კოხერის ნეკნქვეშა განაკვეთი — ქირურგიული განაკვეთი ნაღვლის ბუშტზე ოპერაციების დროს;
  • კოხერის ნიშანი — ქუთუთოების დამახასიათებელი მდგომარეობა ჰიპერთირეოზის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • თეოდორ კოხერი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
  • Theodor Kocher – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2020.
  • Tröhler, Ulrich (5 September 2014). „Emil Theodor Kocher (1841–1917)“. Journal of the Royal Society of Medicine. 107 (9): 376–377. doi:10.1177/0141076814546085.
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Who Named It?
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 Base biographiqueBIU Santé.
  8. 8.0 8.1 Portrait Archive — 2011.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118564110 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. OpenStreetMap — 2004.
  11. Find a Grave — 1996.
  12. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1909Nobel Foundation.
  13. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  14. Plarr's Lives of the Fellows