ელენე თარხნიშვილი

1881-1961 Singer, Educator.; born 28 March, 1881; ; died 2 August, 1961
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელენე თარხნიშვილი (დ.1881, 28 მარტი, ახალქალაქი — გ. 2 აგვისტო, 1961, იტალია) — ქართველი მომღერალი, დაიბადა სოფელ ახალქალაქში. გაღარიბებულ თავად იოსებ რევაზის ძე თარხან–მოურავის ოჯახში. მონათლეს 1883 წელს სოფელ ავლევში, მიძინების ეკლესიაში, სადაც ცხოვრობდა ბებიამისი, ამირეჯიბის ქალი, რომელიც დედით ბაგრატიონი იყო. ელენეს აღზრდაში დიდი ამაგი მიუძღვის მამიდას, ცნობილ ქართველ მწერალ ეკატერინე გაბაშვილს და ივანე მაჩაბლის მეუღლეს – ტასო ბაგრატიონს, რომელიც ახლო ნათესავად ერგებოდა.

ელენე თარხნიშვილი
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1881
კასპის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქი
გარდაცვალების თარიღი 2 აგვისტო, 1961 (80 წლის)
იტალია
ეროვნება ქართველი
პროფესია მომღერალი,
მეუღლე(ები) დე ვიტა

ელენემ 1897 წელს ოქროს ჯვრით დაასრულა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. 1900–იან წლების დასაწყისში სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებულ მამას გაჰყვა. მოიარეს გერმანია, საფრანგეთი. მოინახულეს ხელოვნების კერები. დაწყებითი მუსიკალური განათლება ელენე თარხნიშვილმა მიიღო საქართველოში მოღვაწე ჩეხ მუსიკოს იოსებ რატილთან. იგი მოსწავლეთა ქოროს სოლისტი იყო. ელენე სიამოვნებით მონაწილეობდა ოჯახებში გამართულ საღამოებში და ქართული ჰანგებით ატკბობდა შეკრებილებს. 1905 წელს, მშობლიურ სოფელში, ეგრედწოდებულ „მაჩაბლიანთ სასახლეში“, სალონური საზოგადოების წინაშე, რომელთა შორისაც აკაკი წერეთელიც იმყოფებოდა ელენემ პირველად შეასრულა ცნობილი რომანსი „მხოლოდ შენ ერთს“. მისი ხმით მოხიბლულმა აკაკიმ იმავე ღამეს დაწერა მომღერლისადმი მიძღვნილი ლექსი – „სიმღერა“.

1905–1907 წლებში ელენე თარხნიშვილი ვოკალურ ხელოვნებას სრულყოფდა პეტერბურგში. ბინად ნათესავებთან გაჩერდა, ცხოვრების სახსრისთვის დილაობით მდივნად მუშაობდა, საღამოობით კი იტალიური და ფრანგული ენის კურსებზე დადიოდა. ბეჯითი და ყოველდღიური მეცადინეობით მან სერიოზულ ტექნიკურ პროგრესს მიაღწია და შემდგომი წინსვლისთვის 1908 წელს გაემგზავრა მილანში. იტალიაში მეურვეობას უწევდა იმხანად იქ მყოფი ვანო სარაჯიშვილი. მან მოაწყო მოწაფედ მაესტრო ემა დოტისთან. მასთან მეცადინეობით მომღერლის ხმა კიდევ უფრო დაიხვეწა და გაძლიერდა.

სრულიად ახალგაზრდა ელენემ ზედმიწევნით შეისწავლა მთელი რიგი საოპერო პარტიები ისე, რომ მუსიკათმცოდნეთა ყურადღება მიიქცია. ერთ–ერთ შინაურ საღამოზე მისი გამოსვლის შემდეგ იტალიური გაზეთი წერდა: „ პატივცემულმა ემა დოტიმ მოგვასმენინა თავისი მოწაფის, ახალგაზრდა არტისტი ქალის ელენე თარხნიშვილის სიმღერა. ელენე თარხნიშვილს მშვენიერი და სასიამოვნო ხმა აქვს, მღერის გრძნობით. ახალგაზრდა მომღერალს მომზადებული აქვს „ფაუსტი“, „რიგოლეტო“, „მანონი“, „დონ პასკუალე“, „ბალ–მასკარადი“. ამ ოპერებიდან ელენე თარხნიშვილმა შეასრულა სხვადასხვა ადგილები. იმღერა, აგრეთვე, არია „ტრავიატადან“. ახალგაზრდა მომღერალ ქალს დიდებული მომავალი ელის“.

ასეც მოხდა. 1910 წელს დოტის მეგობარმა, კომპოზიტორმა პიეტრო მასკანიმ გადაწყვიტა დასის შეკრება აშშ–ში გასამგზავრებლად. გასტროლიორთა შესარჩევად მილანის „ლა სკალას“ თეატრში ჩატარდა კონკურსი, რომელშიც, 14 კონკურსანტს შორის, პირველობა ჩვენმა თანამემამულემ მოიპოვა და იტალიურ დასთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში.

იტალიაში დაბრუნებული ელენე 1911 წელს ქალაქ მონცაში მიიწვიეს მთავარ როლზე ოპერა „ტრავიატაში“. იგივე პარტია იმღერა მან ქალაქ სავონაში. 1911–1912 წლებში ელენე თარხნიშვილი სამშობლოში მოღვაწეობდა. იგი მონაწილეობდა თბილისის ოპერის თეატრის სპექტაკლებში: "ტრავიატა", "რიგოლეტო", „ფაუსტი“, "ბოჰემა"; კონცერტებს მართავდა სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბაქო, პეტერბურგი...

1913 წლიდან მომღერალი კვლავ იტალიაშია. 1920 წელს ელენე ცოლად გაჰყვა საოპერო მომღერალ (ტენორი), პიანისტსა და დირიჟორ არტურო დე ვიტას. გათხოვების შემდეგ იგი მეუღლის გვარით მოღვაწეობდა. ძირითადად მილანში ცხოვრობდა, სადაც 1923 წლამდე მღეროდა თეატრ "Teatro Carcano"–ში. მძიმე ავადმყოფობის გამო, მომღერალი ნაადრევად ჩამოშორდა სცენას. 1924–1925 წლებში ქალაქ ბერგამოში შედგა მისი არტისტული მოღვაწეობის მეთხუთმეტე და უკანასკნელი სეზონი.

1925 წელს ელენე ვიტამ მილანში გახსნა ვოკალური სკოლა, სადაც მრავალი წარმატებული ვოკალისტი აღიზარდა; აქ იგი 1953 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ, სამწუხაროდ, საგრძნობლად დაუქვეითდა სმენა, თითქმის დაყრუვდა. ამის გამო დახურა ბინა–სტუდია მილანში და მეუღლის ნათესავებთან გადასახლდა სამხრეთ იტალიის ქალაქ რეჯიო–კალაბრიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება