ევსტათი თესალონიკელი
ევსტათი თესალონიკელი (ბერძ. Εὐστάθιος Θεσσαλονίκης, Eustathios ho Thessalonikeus; გ. 1195) — ბიზანტიელი თეოლოგი და კომენტატორი, თესალონიკეს მთავარეპისკოპოსი. ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად (1988 წელს), ხსენების დღეა 20 სექტემბერი.
წარმოშობით იყო კონსტანტინოპოლიდან. თავდაპირველად იყო მირის ეპისკოპოსი ლიკიაში, 1175 წლიდან — თესალონიკეს მიტროპოლიტი. მას ეკუთვნის თეოლოგიური ტრაქტატები და წერილები. დიონისე პერიეგეტეს ეპიკური პოემის მისეული სქოლიოები შეიცავს სტეფანე ბიზანტიელისა და არიანეს ამჟამად დაკარგულ ფრაგმენტებს. მნიშვნელოვანია ევსტათი თესალონიკელის ჰომეროსის „ილიადისა“ და „ოდისეის“ კომენტარები. ევსტათი ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია „თესალონიკეს აღება“, 1185 წელს ნორმანების მიერ თესალონიკეს აღების და გაძარცვის ისტორია, რომლის თვითმხილველი თავადაც იყო. ევსტათი ქალაქის დამცველთა შორის აღნიშნავს იბერებისა და ალანების გულადობას. აქვე უთითებს, რომ ქალაქის დამცველთა სარდალს, დავით კომნენოსს, „თავზე ეხურა იბერიული ყაიდის უცხოური წითელი ქუდი“ , ხოლო შემდეგ ნაწყვეტში, უცხოურ ქუდს, რომელიც იმპერატორ ანდრონიკეს ეხურა, უკვე ლაზურს უწოდებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970.
- მიწიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 562.