დიონისე პერიეგეტე
დიონისე პერიეგეტე (ძვ. ბერძნ. Διονύσιος ὁ Περιηγητής) — II საუკუნის I ნახევრის ბერძენი პოეტი, გეოგრაფი. წარმოშობით ქ. ალექსანდრიიდან (ეგვიპტე).
სრულად არის მოღწეული მისი 1187 ტაეპისაგან შემდგარი ჰეგზამეტრით დაწერილი პოემა „მსოფლიოს აღწერილობა“, რომელიც რომაულ და ბიზანტიურ ხანაში მიჩნეული იყო გეოგრაფიის ძირითად სახელმძღვანელოდ. თხზულება ლათინურად თარგმნეს ავენიუსმა (IV ს.) და პრისციანმა (V ს.), ევსტათი თესალონიკელმა (XII ს.) კი მას კომენტარები დაურთო.
დიონისეს თხზულებაში არის ცნობები კავკასიის გეოგრაფიასა და იქ მცხოვრებ ხალხებზე. წყაროს მიხედვით კოლხიდაში კირკეს დაბლობზე მოედინება მდ. ფასისი; აფსირტეს კუნძულებს შეაფარეს თავი არგონავტებს დადევნებულმა კოლხებმა; მიდიელები მედეას შთამომავლები არიან, რის გამოც მათ ქვეყანაში მედიცინა დიდად განვითარდა.
კოლხებისა და ფასისის დასავლეთით დიონისე მოიხსენიებს პონტოელ ტომებს, მ. შ., ბიძერებს, ბექირებს, მაკრონებს, ფილირებს, ტიბარენებს, ხალიბებს. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე სახლობენ სინდები (ზიკხები), კერკეტიები, აქაველები (დიონისეს მიხედვით მოსული ბერძნები არიან), ჰენიოხები, ძიგიები (პელაზგიდების ქვეყნიდან მოსულან). კოლხებს დიონისე ეგვიპტიდან მოსულებად მიიჩნევს, აღმოსავლეთ იბერები კი თითქოს პირენედან მოსულან და დამხვდურ ჰირკანიელებთან ომი გადაუხდიათ. იბერთა მეზობელ, აღმოსავლეთით მცხოვრებ ტომს დიონისე კამარიტებს უწოდებს (სხვა წყაროებით უცნობია), ამ მხარეს კი — ღვინის ქვეყანას. დიონისე ასევე იცნობს „მამაც ალბანებს“ (კასპიის ზღვის დასავლეთით) და სარმატებს (მეოტისის ტბის აღმოსავლეთით, თუ სარმატიის დაბლობზე).
ლიტერატურა
რედაქტირება- ყაუხჩიშვილი თ., ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, [ტ.] 1, თბ., 1967.
- ყაუხჩიშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Dionysius Periegetes, Description of the Known World. With Introduction, Translation, and Commentary. J. L. Lightfoot. Oxford, 2014.