დრუმლინი
დრუმლინი (ინგლ. drumlin) — ძირითადი მორენით აგებული სერისებურად წაგრძელებული და ერთმანეთის პარალელურად ორიენტირებული, ელიფსური მოყვანილობის ბორცვები. წაგრძელებულია მყინვარის მოძრაობის მიმართულებით. სიმაღლე 5-იდან 60 მ-მდე, სიგრძე რამდენიმე ასეული მეტრიდან 2,5–3 კმ-მდე, სიგანე 100-იდან 700 მ-მდე.[1]
წარმოიქმნება ფსკერის მორენების გადატანისა და აკუმულაციის შედეგად. დრუმლინები ჯგუფურად გვხვდება პლეისტოცენური საფარული გამყინვარების გავრცელების რაიონებში, უმეტესად ვაკესა და მთისწინეთში, სადაც წარმოქმნიან ეგრეთ წოდებულ დრუმლინურ ლანდშაფტს. ჩვეულებრივ გავრცელებულია ფართო დაბლობ ტერიტორიებზე.[2]
მსგავსი ბორცვები გვხვდება აგრეთვე დიდი მდინარეების ხეობებში, სადაც არ იყო დაფიქსირებული ძველი გამყინვარება. ასეთია მაგალითად, მდინარე ანგარის ხეობა რუსეთში.[3]
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თანამედროვე დრუმლინი წარმოდგენილია მყინვარული მასის ქვეშ ანტარქტიდაში, ისლანდიის პროგლაციალურ ზონასა და აგრეთვე შვეიცარიაში. ვეებერთელა დრუმლინური მინდვრები გვხვდება კანადაში (ახალი შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი), ესტონეთში, ფინეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, პოლონეთში, რუსეთსა და აშშ-ში.[4]
ნიუ-იორკის დრუმლინური მინდორი აერთიანებს დაახლოებით 10 ათასამდე დრუმლინს. დრუმლინები ბევრია აგრეთვე ბალტიისპირეთსა და ლენინგრადის ოლქში, რომლებიც მეოთხეული გამყინვარების გავრცელების არეს მიეკუთვნებიან.[5]
დრუმლინებს მიაკვლიეს სახაში, პატაგონიაში, აფრიკაში და სხვა. 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია ნამიბიაში აღმოჩენილი დრუმლინების შესახებ.[6] სახელწოდება მომდინარეობს გელური სიტყვისგან „druim“ და პირველად გაჩნდა 1833 წელს.[7]
სქოლიორედაქტირება
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ Друмлины // Большая российская энциклопедия
- ↑ Друмлины // Географический словарь
- ↑ Andrew Goudie, Encyclopedia of Geomorphology: Volume 1: A–I. Routledge, 2004 - 578 pages
- ↑ გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი, გეოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2018.
- ↑ Researcher unearths an ice age in the African desert
- ↑ Drumlin | Encyclopedia Britannica