დოსითეოსი (ფიცხელაური)

(გადამისამართდა გვერდიდან დოსითეოს ფიცხელაური)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიცხელაური.

მთავარეპიკოპოსი დოსითეოსი (ერისკაცობაში: დიმიტრი არჯევანის ძე ფიცხელაური; დ. ოქტომბერი, 1774, იკოთი — გ. 19 ნოემბერი, 1830, თბილისი) — ქართველი სასულიერო პირი.

დოსითეოსისა და პაფნოტი ეპისკოპოსების ხელმოწერა 1821 წლის 21 აგვისტოს დოკუმენტზე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქსნის საერისთავოს აზნაურის არჯევან ფიცხელაურის და მარინე მაღალაშვილის ოჯახში. 17 წლის ასაკში 1791 წელს ახალგაზრდა ფიცხელაური იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში მონაზვნად აღიკვეცა. 1795 წელს ერეკლე მეფის თანხმობით და კათოლიკოს ანტონ II-ის კურთხევით ხოფის მონასტრის არქიმანდრიტად იქნა დადგენილი.

დოსითეოსი ანტონ II-ის ერთგულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. 1801 წელს ანტონმა დოსითეოსს მიანდო იკორთის წინამძღვრობა, იმავე წელს ქვათახევის მონასტერიც ჩააბარეს. 1803 წელს დოსითეოსი დროებით წილკნის ეპარქიასაც მართავდა. 1806 წელს ანტონმა დოსითეოსს შიომღვიმისა და თერის მონასტერთა წინამძღვრობა უბოძა, ხოლო 1808 წელს მასვე ჩააბარა ურბნისის ეპარქიაც. ასე რომ, 1810 წლისათვის დოსითეოსი 36 წლის ასაკში განაგებდა ექვს ეპარქიას – იკორთის, ქვაბთახევის, შიომღვიმის, თერის, წილკნის და ურბნისის.

1810 წელს კათოლიკოსი ანტონ II რუსეთის მთავრობამ პეტერბურგში გაიწვია. კათალიკოსს რუსეთში დოსითეოს ფიცხელაურიც თან გაჰყვა. დოსითეოსი ცდილობდა რუსეთის მთავრობის ყურადღება მიექცია და ამას მიაღწია კიდეც. 1811 წლის 18 სექტემბერს იგი მიიღო პეტერბურგის მიტროპოლიტმა, რომელმაც მას ეპისკოპოსად კურთხევა აღუთქვა.

XIX საუკუნის 10-იან წლებში რუსეთის წინაშე წამოიჭრა ოსეთში ქრისტიანობის გავრცელების საკითხი. სინოდის ობერპროკურპრმა ეს საკითხი პეტერბურგში მოღვაწე ეპისკოპოსს დოსითეოს ფიცხელაურს დაავალა. 1811 წლის დეკემბერში დოსითეოსმა ა. გოლიცინს წარუდგინა მოხსენება აღნიშნულ საკითხზე. ოსების გაქრისტიანების საქმე რუსეთის მთავრობამ მისთვის საიმედო დოსითეოსს მიანდო.

დოსითეოსი დაინიშნა ოსეთის ეპარქიის არქიერად და ოსეთის სასულიერო კომისიის ხელმძღვანელად. 1815 წლის 2 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ოსეთის სასულიერო კომისია. კომისიის წევრებმა მიიღეს ფიცი. დოსითეოსის პატაკებიდან ირკვევა რომ 1715 წლის მაისიდან 1816 წლის ბოლომდე გაუქრისტიანებია 10 506 სული, მაგრამ მათ შორის ქსნის ხეობის ოსები არ იხსენიებიან. 1816 წელს ქსნის ხეობაში მდგომარეობა გართულებულა, ამიტომ ქსანი და გვედისძირი ერისთავებს დაუბრუნეს. 1817 წელს დოსითეოსი ქსნის ერისთავების დასმენის შედეგად იმპერატორის ბრძანებით ყველა თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და მოსკოვს გაიწვიეს – ფაქტობრივად საპატიო პატიმრობაში ვისოკოპეტრეს მონასტერში, სადაც მას 12 წლის გატარება მოუხდა.

რუსეთში დოსითეოსი ბიბლიურ საზოგადოებას დაუკავშირდა და მისი დავალებით მოსკოვში ქართულ ენაზე ახალი აღქმის წიგნების ბეჭდვას ხელმძღვანელობდა. დოსითეოსს რუსულიდან უთარგმნია მილტონის „დაკარგული სამოთხე“.

1829 წელს დოსითეოსს საქართველოში დაბრუნების ნება დართეს. წამოსვლის წინ იმპერატორმა მას ძვირფასი პანაღია აჩუქა და დამატებით პენსია დაუნიშნა: ათასი მანეთი ასიგნაციებით და 500 მანეთი ვერცხლით (მანამდე 2000 მანეთის რაოდენობით ჰქონდა პენსია დანიშნული). თბილისში დაბრუნებულ მთავარეპისკოპოსს რამდენიმე თვის სიცოცხლეღა ელოდა. იგი ქოლერით მოცულ ქალაქში 1830 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში ავლაბრის ფერისცვალების მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსნისხეველი არქიეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური, ქსნის ხეობის წარსული და აწმყო, ვ. ზანგურაშვილი, თბ., 2005, გვ. 109-112
  • სანქტ-პეტერბურგიდან მოვლინებული ქართველი მთავარეპისკოპოსი: დოსითეოს ფიცხელაური, ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე: ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX სს. საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან, მ. ღაღანიძე, თბ., 2010, გვ. 52-55
  • ბუბულაშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 486.
  • История грузинской иерархии, с присовокуплением обращения в христианство Осетии и других народов, М., 1826.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება