დეტსკაია ლიტერატურა

„დეტსკაია ლიტერატურა“ (რუს. „Детская литература“ — საბავშვო ლიტერატურა) — ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურის გამოშვებაზე სპეციალიზებული უმსხვილესი გამომცემლობა სსრკ-ში. შეიქმნა სკპ(ბ) ცკ 1933 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით, მოსკოვში. განყოფილებები ჰქონდა ლენინგრადსა (1993 წლამდე) და ნოვოსიბირსკში (2000 წლამდე). გამომცემლობის ჩამოყალიბებასა და მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მაქსიმ გორკი, სამუილ მარშაკი, კორნეი ჩუკოვსკი. 1933–1935 და 1942–1962 წლებში ეწოდებოდა „დეტგიზ“-ი („Детгиз“), 1936–1941 წლებში — „Детиздат ЦК ВЛКСМ“ („საკ. ალკკ ცკ საბავშვო გამომცემლობა“). საბავშვო საკითხავის წრეში შეიტანა მსოფლიოს ხალხთა ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. გამოსცემდა ბავშვებისთვის ცალკეულ ნაწარმოებებს, თხზულებათა კრებულებს ისეთი ავტორებისა, როგორიცაა აგნია ბარტო, ვალენტინ ბერესტოვი, ვიტალი ბიანკი, არკადი გაიდარი, ვიქტორ დრაგუნსკი, ბორის ჟიტკოვი, ლევ კასილი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, სერგეი მიხალკოვი, ნიკოლოზ ნოსოვი, მიხეილ პრიშვინი, ალექსი ტოლსტოი, ედუარდ უსპენსკი და სხვ. გამოუშვა სპეციალური სერიები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის: „საბავშვო ბაღის ბიბლიოთეკა“, „ყველაზე პატარებისთვის“, „ჩემი პირველი წიგნები“, „წიგნი წიგნისთვის“, „მცირე საისტორიო ბიბლიოთეკა“, „ვკითხულობთ თავად“, „მშვენიერების სამყაროში“, „შემეცნების ჰორიზონტები“, „ადამიანები, დრო, იდეები“, „იცოდე და შეძელი“, „თავგადასავლებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ბიბლიოთეკა“, „სასკოლო ბიბლიოთეკა“, „სასკოლო ბიბლიოთეკა არარუსული სკოლებისათვის“, „ჩვენი დროის გმირები“, „ჯარისკაცული დიდება“, „მეცნიერება სურათებში“, „ოქროს ბიბლიოთეკა“, „თავგადასავლების სამყარო“ და სხვ. 1976–1987 წლებში გამომცემლობამ გამოუშვა სერიის „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის“ 57 ტომი. წიგნების ილუსტრაციების ავტორები იყვნენ მხატვრები: ალექსანდრე ბენუა, ივანე ბილიბინი, იური ვასნეცოვი, ევგენი კიბრიკი, ვლადიმერ კონაშევიჩი, კუკრინიკსები, ვლადიმერ ლებედევი, ვლადიმერ სუტეევი, ვლადიმერ ფოვარსკი, ევგენი ჩარუშინი, დემენტი შმარინოვი და სხვ.

გამომცემლობასთან დაარსდა საბავშვო წიგნის სახლი (1950; 1993 წლიდან — დამოუკიდებელი დაწესებულება). გამომცემლობა მუდმივად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში; დაჯილდოებულია გრან-პრის დიპლომით (1937, პარიზი), ოქროს მედლით (1958, ლაიფციგი), დიპლომით „ულამაზესი წიგნის ოქროს ლიტერა“ (1979, ლაიფციგი), რუსეთის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის 1-ელი ხარისხის დიპლომი (1996, მოსკოვი).

2006 წელს გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (დღეს — ღია სააქციო საზოგადოება «გამომცემლობა „დეტსკაია ლიტერატურა“»).

ლიტერატურა

რედაქტირება