არკადი გაიდარი (რუს. Арка́дий Петро́вич Гайда́р, ნამდვილი გვარი — გოლიკოვი რუს. Го́ликов; დ. 22 იანვარი, 1904, ლგოვი, კურსკის გუბერნია — გ. 26 ოქტომბერი, 1941, ლეპლიავო, კანევის რაიონი, ჩერკასკის ოლქი) — რუსი და საბჭოთა საბავშვო მწერალი და კინოსცენარისტი. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო და მეორე მსოფლიო ომებში. ცნობილია საბავშვო მოთხრობებით „ტიმური და მისი რაზმი“, „ცხელი ქვა“, „ცისფერი ფინჯანი“, „ჩუკი და გეკი“.

არკადი გაიდარი
რუს. Аркадий Петрович Голиков
დაბადების თარიღი 9 (22) იანვარი, 1904[1] [2]
დაბადების ადგილი ლგოვი[3] [4] [5] [6]
გარდაცვალების თარიღი 26 ოქტომბერი, 1941(1941-10-26)[3] [1] [7] [6] [8] [9] [10] [11] [12] [2] (37 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლეპლიავო
დასაფლავებულია კანევი
ფსევდონიმი Аркадий Гайдар
საქმიანობა მწერალი[11] , საბავშვო მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი და სამხედრო კორესპონდენტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ[13] [14] [15]
Magnum opus Timur and His Squad
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი
მეუღლე ლია სოლომიანსკაია
შვილ(ებ)ი ტიმურ გაიდარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არკადი გაიდარის მშობლები იყვნენ მასწავლებელი პიოტრ გოლიკოვი და ნატალია სალკოვა. ოჯახში არკადის შემდეგ სამი ქალიშვილიც დაიბადა. პიოტრ გოლიკოვის წინაპრები ყმა გლეხები იყვნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა, ესწავლა და დაუფლებოდა მასწავლებლის პროფესიას. მისგან განსხვავებით, მისი მეუღლე არისტოკრატული ოჯახის შვილი იყო (შორეულ ნათესავად ერგებოდა მიხაილ ლერმონტოვს). ცოლ-ქმარი სოციალ-დემოკრატიული და მარქსისტული იდეებით იყვნენ გატაცებული და მიუხედავად იმისა, რომ რსდმპ წევრები არასოდეს ყოფილან, ბევრი პარტიული მეგობარი ჰყავდათ. ამის გამო, 1908 წელს ოჯახს ნიჟნი-ნოვგოროდში გადასახლებამ მოუწია, სადაც პიოტრ გოლიკოვმა სააქციო საზოგადოებაში დაიწყო სამსახური, მისმა მეუღლემ კი, სათანადო კურსების გავლის შემდეგ, ბებიაქალობას მიჰყო ხელი. 1912 წელს, სამსახურის ცვლილების გამო, გოლიკოვები საბოლოოდ დამკვიდრდნენ ქ. არზამასში, სადაც მომავალი მწერალი რეალურ სასწავლებელში ჩაირიცხა.

გოლიკოვების ოჯახი განათლებულად ითვლებოდა. მშობლებს ჰქონდათ კარგი ბიბლიოთეკა, ხშირად ესაუბრებოდნენ და უკითხავდნენ წიგნებს შვილებს. ამის წყალობით, მომავალმა მწერალმა ადრევე ისწავლა კითხვა და გაუღვივდა ინტერესი და სიყვარული ლიტერატურის მიმართ.

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, პიოტრ გოლიკოვი ჯარში გაიწვიეს. არკადიმ გადაწყვიტა, მამისათვის მიებაძა, მაგრამ, უახლოეს სადგურზე დააკავეს და ოჯახში დააბრუნეს. მაშინ იგი არზამასის რეალური სასწავლებლის მოსწავლე იყო. შემდგომ წლებში არკადი სისტემატურ მიწერ-მოწერას აწარმოებდა მამასთან და გარდა მოკითხვისა, დიდ ინტერესს გამოხატავდა სამხედრო და პოლიტიკური საკითხების მიმართაც.

რევოლუცია და პარტიული მოღვაწეობის დასაწყისი

რედაქტირება

1917 წელს 13 წლის არკადი გოლიკოვი ბოლშევიკურ პარტიას დაუახლოვდა და აქტიურად ჩაერთო პარტიულ საქმიანობაში — მონაწილეობდა ქალაქის პატრულირებაში, მანიფესტაციების დაგეგმვაში, 1918 წელს კი იგი პარტიაშიც მიიღეს, ხმის უფლების გარეშე (როგორც არასრულწლოვანი). რადგან არზამასის ბოლშევიკთა შორის მცირე იყო წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი, ყმაწვილ გოლიკოვს კრების ოქმების შედგენა და ადგილობივ გაზეთ "მოლოტისათვის" (რუს. Молот — ურო) სტატიების წერა და რედაქტირებაც ევალებოდა. ყოველივე ამას იგი რეალურ სასწავლებელში სწავლას უთავსებდა[16].

მომავალ მწერალზე მძიმე შთაბეჭდილება იქონია მშობლების ოჯახის დანგრევამ — პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ, მამამ ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან დაიწყო ცხოვრება. ამის შემდეგ, არკადის დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გაწყვეტილი ურთიერთობა მამასთან [17].

სამხედრო სამსახურში

რედაქტირება

1918 წლის ბოლოს არკადი გოლიკოვმა სწავლა მიატოვა და წითელ არმიაში ჩაირიცხა. თავდაპირველად, იგი ადიუტანტი იყო და რკინიგზაზე პატრულირებდა, მალევე, კავშირგაბმულობის რაზმის უფროსი გახდა. 1919 წელს გაიარა სამხედრო მომზადების რამდენიმე კურსი და პარალელურად, მონაწილეობდა სხვადასხვა ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობაშიც. შემდგომ წლებშიც ერთმანეთს ენაცვლებოდა ბრძოლები სამოქალაქო ომის სხვადასხვა ფრონტებზე დონთან, სოჭთან, კავკასიაში[18], პარტიული სამუშაო და სამხედრო კურსები. რამდენჯერმე დაიჭრა, მიიღო კონტუზია, გადაიტანა ტიფი[16][19]. ჯერაც მოზარდი გოლიკოვი მალევე დაწინაურდა სამხედრო სამსახურში — 1920 წელს უკვე შტაბის კომისარი იყო, 1 წლის შემდეგ — ნიჟეგოროდის პოლკის ქვეგანაყოფის მეთაური[20].

ტამბოვის აჯანყება და ციმბირი

რედაქტირება

1920 წელს ტამბოვის გუბერნიაში ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა, ალექსანდრ ანტონოვის ხელმძღვანელობით. 1921 წლის ივნისში ტამბოვის გუბერნიის სამხედრო სარდალმა მ. ტუხაჩევსკიმ გაიდარი 58-ე განსაკუთრებული დანიშნულების პოლკის მეთაურად დანიშნა. პოლკი ახორციელებდა რეპრესიულ ღონისძიებებს აჯანყებულების და მათი თანამგრძნობი მოსახლეობის მიმართ. 1921 წლის აგვისტოსათვის აჯანყება თითქმის მთლიანად იქნა ჩახშობილი, განსაკუთრებული სისასტიკით.

1922 წელს გოლიკოვი გადაისროლეს ხაკასიაში — ციმბირში, ენისეის გუბერნიის აჩინსკ-მინუსინის რაიონში მდებარე მხარეში, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის (ე.წ. "ჩონ"-ის) მეთაურად. მისი მოვალეობა იყო ატამან სოლოვიოვის მეთაურობით წარმართული ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობა და აჯანყების მეთაურთა ლიკვიდაცია.

ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციებისა და უშიშროების სამსახურების მიერ შედგენილი ოქმებისა და დასმენების მიხედვით, ხაკასიაში მოქმედების დროს გოლიკოვი და მისი რაზმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ - მოსახლეობის დაშინებისა და "ბანდიტების" გამოვლენის მიზნით, აყავდათ მძევლები, ხვრეტდნენ მათ, კლავდნენ არა მხოლოდ ეჭვმიტანილებს, არამედ, შემთხვევით ადამიანებსაც. არ ზოგავდნენ ბავშვებსაც კი[16][17], ეწეოდნენ ქონების კონფისკაციასა და ეგზეკუციებს. გოლიკოვის სიმკაცრე და გადამეტებული უმოწყალობა უკმაყოფილებას იწვევდა მას დაქვემდებარებულ რაზმშიც. ამ ნიადაგზე, ივნისში გოლიკოვი გამოიძახეს და დაკითხეს ადგილობრივ პოლიტსამმართველოში. მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე № 274, თანამდებობის ბოროტად გამოყენების და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. გოლიკოვი თავს იმართლებდა და განსაკუთრებულად მკაცრი ღონისძიებების აუცილებლობას ბანდიტებისადმი მოსახლეობის თანაგრძნობით და ხელქვეითთა და პასუხისმგებელ პირთა უპასუხისმგებლობით და გულგრილობით ხსნიდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სასჯელის ასაცილებლად. 1922 წლის სექტემბერში გაიდარი საბოლოოდ ჩამოაცილეს დაკისრებულ საქმიანობას და გადაუწყვიტეს ნახევარი წლით პარტიიდან გარიცხვა, 2 წლით კადრებში გადაყვანა, გამოსაცდელი ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების გარეშე[21], ასევე, მიეცა რეკომენდაცია, სამედიცინო დახმარებისათვის მიემართა.

ავადმყოფობა და დემობილიზაცია

რედაქტირება

პარტიული და სამხედრო ხაზით წარუმატებლობას დაერთო ჯანმრთელობის გაუარესებაც: სამოქალაქო ომის დროს მიღებული ჭრილობებისა და ტრავმების ნიადაგზე, გოლიკოვს განუვითარდა ტრავმული ფსიქოზი, რის გამოც იგი დიდ სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას განიცდიდა. დაავადების პირველმა ნიშნებმა ჯერ კიდევ ხაკასიაში სამსახურის დროს იჩინა თავი. ამის გამო, 1924 წელს მომავალი მწერალი საბოლოოდ დემობილიზებულ იქნა წითელი არმიის რიგებიდან[22]. იგივე ხანას დაემთხვა ოჯახის დანგრევა, მედდა მარია (მარუსია) პლაკსინასთან (რომელზეც არკადი გოლიკოვი 1921 წელს დაქორწინდა) და ჯერ მარიასთან შეძენილი პატარა ვაჟის — ჟენიას, შემდეგ კი — დედის გარდაცვალებაც (1924 წელს)[23]. გოლიკოვს გამუდმებით აწუხებდა თავის ტკივილები და შფოთვა, რის ჩახშობასაც იგი ალკოჰოლით ცდილობდა, ამან კი ძლიერ ალკოჰოლიზმამდე მიიყვანა. მომავალმა მწერალმა რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, ხშირად იყენებდა თვითდაზიანებებს სამართებლით[17]. ბიოგრაფ ბორის კამოვის გადმოცემით, რომელიც თავად გაიდარის დღიურებს ეყრდნობოდა, მწერალს ხშირად ელანდებოდა საკუთარი ხელით მოკლული ადამიანები. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობამ გოლიკოვი აიძულა, მთელი დანარჩენი ცხოვრება ინტენსიურად ემკურნალა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში[24], ალკოჰოლიზმი კი მუდმივ პრობლემად ექცა[16].

1925-40 წლები, სამწერლო მოღვაწეობა

რედაქტირება

პირველი ნაწარმოები, "მარცხისა და გამარჯვების დღეები", 1925 წელს გამოქვეყნდა ალმანახ "კოვშში", თუმცა, კრიტიკა უარყოფითად გამოეხმაურა მწერლის დებიუტს. იმავე წელს მწერალი პერმში გაემგზავრა, სადაც გაზეთ "ზვეზდას" კორესპონდენტი გახდა. იქვე გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოები — მოთხრობა "კუთხის სახლი" — ამჟამად, უკვე "გაიდარის" ფსევდონიმით, თუმცა, არც ამ მოთხრობას მოჰყოლია დადებითი რეცენზიები. შემდგომი ნაწარმოები იყო "რევოლუციური საბრძოლო საბჭო", რომელიც ძლიერ შემოკლებული სახით დაიბეჭდა იქვე.

პერმში გაიდარი მეორედ დაქორწინდა 17 წლის ჟურნალისტზე, აქტიურ კომკავშირელ რახილ (ლია) სოლომიანსკაიაზე. 1 წლის შემდეგ ოჯახს ვაჟი — ტიმური შეეძინა. 1927 წელს გაიდარმა ურალზე, ქ. სვერდლოვსკში გადაინაცვლა და იქაური გაზეთის კორესპონდენტი გახდა. შემდგომ წლებში დაიწერა "სკოლა" და "მეოთხე ბლინდაჟი". ფსიქიკური ავადმყოფობის გამწვავებამ და ალკოჰოლიზმმა ხელახლა იჩინა თავი, რის გამოც 1931 წელს მეუღლემ გაიდარი მიატოვა და ბავშვიც წაიყვანა. გაიდარმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ, გადაარჩინეს. 1932 წელს იგი ისევ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც დაიწყო "სამხედრო საიდუმლოების' წერა[16].

მიუხედავად ავადმყოფობისა, რაც ფსიქიატრიულ კლინიკებსა და სანატორიუმებში პერიოდული ვიზიტებით გრძელდებოდა, 1932-40 წლები ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა გაიდარისათვის. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოებები: "შორეული ქვეყნები", "სამხედრო საიდუმლოება", "ცისფერი ფინჯანი", "მედოლის ბედი", "კვამლი ტყეში", "ჩუკი და გეკი", "ტიმური და მისი რაზმი", რამაც მწერალს ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო აღიარება მოუტანა. მწერლობის პარალელურად, გაიდარი ისევ ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სსრკ-ს სხვადასხვა მხარის ჟურნალ-გაზეთებში.

1938 წელს გაიდარი დაქორწინდა დორა ჩერნიშოვაზე და იშვილა მისი ქალიშვილი — ევგენია.

რეპრესიები

რედაქტირება

1938 წელს, პოლიტიკური რეპრესიების დროს, დააპატიმრეს და შემდეგ — დახვრიტეს ლია სოლომიანსკაიას მეორე ქმარი — ჟურნალისტი და პარტიული მოღვაწე იზრაილ რაზინი, თავად სოლომიანსკაია კი გაასამართლეს, როგორც "ხალხის მტრის" მეუღლე და გადასახლება მიუსაჯეს. სარწმუნო გადმოცემების მიხედვით, გაიდარმა სცადა, რომ საკუთარი ავტორიტეტის მოშველიებით დაეხსნა თავისი შვილის დედა და ეჟოვსაც კი დაუკავშირდა ამ თხოვნით[17], მაგრამ, ამაოდ. ლია სოლომიანსკაიამ 2 წელი დაჰყო აყმოლაში, "სამშობლოს მოღალატეების ცოლების შრომა-გასწორების ბანაკში" (ე.წ. "ალჟირი"), რის შემდეგაც გაათავისუფლეს[23].

რეპრესიების აჩრდილი გამოჩნდა ვრცელ მოთხრობაში "მედოლის ბედი", რომლის საწყის ვარიანტში მთავარი პერსონაჟის მამას — სამოქალაქო ომის მონაწილე სამხედროს, დაუსაბუთებელი ბრალდების გამო აპატიმრებდნენ. ამის გამო ჟურნალმა "პიონერმა" დაუყოვნებლივ შეწყვიტა მოთხრობის ბეჭდვა, გამომცემლობა "დეტიზდატმა" კი — წიგნად გამოცემა. შინსახკომში საქმე აღიძრა ამ ფაქტის გარშემო. მწერალი უკვე დაპატიმრებას ელოდა, როცა, მოულოდნელად, მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს. სავარაუდოდ, სწორედ ამის საფასურად მოუხდა მწერალს ნაწარმოების სიუჟეტის შეცვლა — ახალ ვარიანტში, გაურკვეველი პოლიტიკური ბრალდების მაგიერ, პერსონაჟს უკვე ეკონომიკური დანაშაულის გამო ასამართლებდნენ. ამის შემდეგ, ნაწარმოები შეუფერხებლად დაიბეჭდა ბოლომდე და ცალკე წიგნადაც გამოიცა არაერთხელ. მიუხედავად კონიუნქტურისა, მკითხველმა მაინც იგრძნო წითელი არმიის რიგებში ჩატარებული წმენდის ექო, რის გამოც იმხანად არაერთი ბავშვი დარჩა მშობლების გარეშე, როგორც ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, სერიოჟა შჩერბაჩოვი[25].

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმისთანავე, გაიდარი უკრაინაში გაემგზავრა, გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" სამხედრო კორესპონდენტად. იგი უკვე ფრონტზე იყო, როცა დაიბეჭდა მისი უკანასკნელი ნაწარმოები — ზღაპარი "ცხელი ქვა". სექტემბრის ბოლოს, კიევის ბრძოლაში წითელი არმიის მარცხის შედეგად, გაიდარი მტრით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ერთხანს იგი პოლკოვნიკ ორლოვის რაზმში აღმოჩნდა, რომელიც ცდილობდა, რომ ალყა გაერღვია და წითელ არმიას შეერთებოდა, შემდგომში იგი ადგილობრივი პარტიზანული რაზმის მეტყვიამფრქვევე გახდა.

გაიდარი დაიღუპა 1941 წლის 26 ოქტომბერს, სოფელ ლეპლიავოსთან, როცა რამდენიმე პარტიზანთან ერთად, მოულოდნელად, გერმანელებს (ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით — უკრაინელი კოლაბორაციონისტებისაგან შედგენილ საპოლიციო რაზმს) შეეჩეხა. სიკვდილის წინ მოასწრო დაყვირება, რის გამოც, სხვა პარტიზანებმა დროულად შეძლეს მიმალვა. დაასაფლავა ადგილობრივმა მოსახლეობამ. დაღუპვის გარემოებები დიდხანს იყო უცნობი, რის გამოც, შინსახკომი აქტიურად ამუშავებდა გაიდარის გერმანიის მხარეზე გადასვლის ვერსიას. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვა ომის დასრულების შემდეგ. 1947 წელს გაიდარის ცხედარი სათანადო პატივით გადაასვენეს და დაკრძალეს ქ. კანივში[26].

ფსევდონიმის ისტორია

რედაქტირება

ფსევდონიმ "გაიდარის" შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, "გაიდარი" მწერლის ხაკასიურ თავგადასავლებს უკავშირდება. ხაკასიელები, რომელთაც ახსოვდათ გაიდარის სადამსჯელო საქმიანობა, აღნიშნავდნენ, რომ აჯანყების მეთაურის, ატამან სოლოვიოვის ძებნისას იგი მუდმივად იყენებდა ხაკასიურ სიტყვას "ჰაიდარ" (ხაკასიურად — სად, საით) მოსახლეობასთან ურთიერთობაში, რათა ხალხისაგან გაეგო, რა გზას დადგომოდა და სად ეძებნა სოლოვიოვის რაზმი. მეორე ვერსიით, რომელსაც ემხრობოდა მწერლის ვაჟიშვილი — ტიმურ გაიდარი, ფსევდონიმი მომდინარეობდა გამოთქმიდან "ოლიკოვ რკად დ'არზამას (ფრ. არკადი გოლიკოვი არზამასიდან — ბავშვობაში წაკითხული "სამი მუშკეტერის" პერსონაჟის, დ'არტანიანის მიხედვით) [17].

აღიარება

რედაქტირება

გაიდარის ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა სსრკ-ში — მისი მოთხრობები არაერთხელ გამოიცა სხვადასხვა ხალხთა ენებზე, შეტანილი იყო სასკოლო პროგრამაში, საფუძვლად დაედო მხატვრულ და მულტიპლიკაციურ ფილმებს ("ტიმური და მისი რაზმი" და "მედოლის ბედი" — ორჯერ იქნა ეკრანიზებული) და თეატრალურ დადგმებს.

მოთხრობის "ტიმური და მისი რაზმის" გამოსვლის შემდეგ, საყოველთაო ხასიათი მიიღო ე.წ. "ტიმუროვცების" (ქართ. "თემურელების") მოძრაობამ — პიონერთა რაზმები, "თემურელები" მფარველობდნენ და დახმარებას უწევდნენ მარტოხელა მოხუცებს და ოჯახებს, რომელთა წევრებიც წითელ არმიაში მსახურობდნენ. ამ მოძრაობამ პოპულარობა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეინარჩუნა[27].

შთამომავლები

რედაქტირება

ვაჟიშვილი — ტიმურ გაიდარი მსახურობდა საზღვაო ძალებში, მიაღწია კონტრ-ადმირალის წოდებამდე.

შვილიშვილი — ეგორ გაიდარი — ეკონომისტი, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. სხვადასხვა დროს ეკავა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარისა და ფინანსთა მინისტრის პოსტები.

შვილიშვილის შვილი — მარია გაიდარი — ჟურნალისტი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 2015-2018 წლებში ოდესის საოლქო საბჭოს წევრი, 2019 წლამდე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 ПроДетЛит — 2019.
  3. 3.0 3.1 Гайдар Аркадий Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. http://www.goodreads.com/book/show/2845490-the-blue-cup
  5. Goodreads — 2006.
  6. 6.0 6.1 http://russiapedia.rt.com/prominent-russians/literature/arkady-gaidar/
  7. http://www.goodreads.com/author/show/537813.Arkady_Gaidar
  8. Babelio — 2007.
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. TracesOfWar
  11. 11.0 11.1 The Fine Art Archive — 2003.
  12. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 447–449. — ISBN 5-94848-245-6
  13. http://www.goodreads.com/list/show/47908.S_ch_thi_u_nhi_Li_n_X_d_ch_ti_ng_Vi_t
  14. Amazon.com
  15. http://www.bloomberg.com/apps/news?pid=newsarchive&sid=aksFQ_yV.X00
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 https://24smi.org/celebrity/3772-arkadii-gaidar.html
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 http://www.pseudology.org/people/Gaydar_Arkady.htm
  18. http://gaidarovka-metod.ru/index.php?option=com_content&view=article&id=143&Itemid=122
  19. Осыков Б. И. Время было необыкновенное. — Воронеж, Центр.-Чернозёмное кн. изд-во, 1984. (Хроника жизни и творчества).
  20. https://obrazovaka.ru/alpha/g/gajdar-arkadij-gaydar-arkadiy
  21. Центр хранения и изучения документов новейшей истории Красноярского края
  22. http://museum-arzamas.ru/city/titulus/28
  23. 23.0 23.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-31. ციტირების თარიღი: 2020-08-17.
  24. Б. Камов. Рывок в неведомое. — М.: Детская литература, 1991. — С. 286, 302. — ISBN 5-08-002662-6
  25. Камов Б. Н. Аркадий Гайдар. Мишень для газетных киллеров. — 2011. — С. с. 50. — ISBN 978-5-373-03972-7.
  26. https://www.youtube.com/watch?v=ORhDdrhmDm8
  27. http://bse.sci-lib.com/article110608.html