კომკავშირი
სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი (ან უბრალოდ შემოკლებით საკ. ალკკ; კომკავშირი; რუს. Комсомол) — საბჭოთა ახალგაზრდობის მასობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია. წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აქტიურ თანაშემწესა და რეზერვს; დახმარებას უწევდა პარტიას ახალგაზრდობის კომუნიზმის სულისკვეთებით აღზრდაში. რუსეთის ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირი (რაკკ) შეიქმნა 1918 წლის 29 ოქტომბერს მუშა და გლეხი ახალგაზრდობის კავშირებისა სრულიად რუსეთის I ყრილობაზე. 1924 წლის ივლისში რაკკს — ვლადიმერ ლენინის სახელი მიეკუთვნა — რუსეთის ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი (რალკკ). საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნასთან დაკავშირებით (1925 წელი) 1926 წლის მარტს კომკავშირს ეწოდა საკავშირო ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი. სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის წესდების მიხედვით, კომკავშირში იღებდნენ 14-იდან 28 წლამდე ასაკის მოწინავე ახალგაზრდებს.
სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი | |
---|---|
ისტორია | |
დაფუძნდა | 1918 წლის 29 ოქტომბერი |
პოზიციები | |
იდეოლოგია | მარქსიზმ-ლენინიზმი |
შტაბ-ბინა | მოსკოვი, რუსეთი |
კომკავშირი წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის საიმედო რეზერვს. მისი მთავარი ამოცანა იყო პარტიისადმი დახმარების გაწევა ქალიშვილებისა და ჭაბუკების აღზრდის საქმეში, მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებზე, რევოლუციური ბრძოლის გმირულ ტრადიციებზე, მუშების, კოლმეურნეების ინტელიგენციის შრომის მაგალითებზე, ჩაუნერგოს და განუმტკიცოს მოზარდ თაობას კლასობრივი მიდგომა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მოვლენისადმი.
სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის ორგანიზაციული წყობის პრინციპის წარმოადგენდა დემოკრატიული ცენტრალიზმი. კომკავშირის პირველადი ორგანიზაციები იქმნებოდა საწარმოებში, კოლმეურნეობებში, საბჭოთა მეურნეობებში, სასწავლებლებში, დაწესებულებებში, საბჭოთა არმიისა და ფლოტის ნაწილებში. უმაღლესი ორგანო იყო საკავშირო ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში კავშირის მთელ საქმიანობას ხელმძღვანელობდა საკ. ალკკ-ის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც ირჩევდა ბიუროსა და სამდივნოს. საკ. ალკკ თავის მუშაობას აგებდა კოლექტიური ხელმძღვანელობის ლენინური პრინციპების განუხრელი დაცვის, შინაკომკავშირული დემოკრატიის ყოველმხრივი განვითარების, მისი ყველა წევრის ინიციატივისა და თვითმოქმედების ამაღლების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის ფართოდ გაშლის საფუძველზე.
XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისში მუშათა მოძრაობის გავლენით რუსეთში გააქტიურდა სტუდენტთა მოძრაობა. ახალგაზრდა მუშათა, აგრეთვე გლეხთა კლასობრივი თვითშეგნების გამოღვიძებაში, სტუდენტთა რევოლუციურ განწყობილების განვითარებაში უპირველესი დამსახურება მიუძღვის ბოლშევიკურ პარტიას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციური გამარჯვების შემდეგ პეტროგრადში, მოსკოვსა და სხვა სამრეწველო ცენტრებში შეიქმნა მუშათა ახალგაზრდობის წრეები, კომიტეტები, ხოლო შემდეგ — კავშირები. ახალგაზრდა პროლეტარები ირაზმებოდნენ ბოლშევიკური ლოზუნგებით. ახალგაზრდობის მოძრაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რსდმპ (ბ) VI ყრილობამ (1917 წლის ივლისი-აგვისტო) რეზოლუციაში „ახალგაზრდობის კავშირების შესახებ“ ყრილობამ საჭიროდ მიიჩნია პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული დამოუკიდებელი ორგანიზაციების შექმნა.
ალკკს ჰქონდა მრავალი ახალგაზრდული, პიონერული, საბავშვო გაზეთი და ჟურნალი სხვადასხვა ენაზე. საკ. ალკკ ცკ-ის ყოფილი გაზეთებია „კომსომოლსკაია პრავდა“ და გაზეთი „პიონერსკაია პრავდა“. ცენტრალური ჟურნალები იყო „კომსკომოლსკაია ჟიზნი“, „მოლოდოი კომმუნისტი“, „სმენა“, „მურზილკა“ და სხვა.
კომკავშირმა არსებობა გაწყვიტა 1991 წელს. სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო: 3 ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და ოქტომბრის რევოლუციის ორდენით.
ლიდერები
რედაქტირება
|
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლენინური კომკავშირი დაარქივებული 2012-03-12 საიტზე Wayback Machine.
- ახალგაზრდობის მოძრაობის ისტორიის მუზეუმი
- ვლადიმერ მაიაკოვსკი «Лозунги к комсомольской перекличке. Готовься! Целься!»
- რუსეთის კომკავშირი
- უკრაინის კომკავშირი დაარქივებული 2012-01-14 საიტზე Wayback Machine.
- მოლდოვის კომკავშირი დაარქივებული 2011-08-20 საიტზე Wayback Machine.
- ბელარუსის კომკავშირი დაარქივებული 2011-11-19 საიტზე Wayback Machine.
- ყაზახეთის კომკავშირი დაარქივებული 2011-11-24 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- თეთვაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 531-534.
- კიროვი ს.მ. „ახალგაზრდობის შესახებ“ — თბილისი, 1939;
- Трущенко Н. В., Партия и комсомол. 1918—1920 гг., Горький, 1966.