დევდარაკი
დევდარაკი — დაკიდული ტიპის სამი მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის ყაბახის სათავეში.[1]
დევდარაკი
| |
---|---|
დევდარაკი, 1913 წლის ფოტოსურათი | |
კოორდინატები: 42°42′33″ ჩ. გ. 44°31′55″ ა. გ. / 42.70917° ჩ. გ. 44.53194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
ქედი | კავკასიონი |
ტიპი | დაკიდული |
მდგომარეობა | პულსაციური |
მყინვარები ჩრდილოეთ და სამხრეთ დევდარაკი მდინარე ამალის აუზში ყველაზე დიდი მყინვარებია, რომელთა საერთო ფართობია 4,00 კმ². ორივე მათგანი დაკიდული ხეობის ტიპის მყინვარია და ჩრდილო-აღმოსავლური ექსპოზიციით ხასიათდება. აღნიშნული მყინვარები 1960 წელს ერთი მყინვარის სახით იყო წარმოდგენილი, რომელთა ფართობი 4,82 კმ² იყო. დევდარაკის მყინვარი სამ ნაწილად დაიშალა, ჩრდილოეთით მდებარე ნაკადს გამოეყო ჰიფსომეტრიულად უფრო მაღალ სიმაღლეზე მდებარე სამხრეთი ნაკადი. კოსმოსური სურათების მიხედვით ირკვევა, რომ მყინვარების ერთმანეთისაგან გაყოფა დაახლოებით 2000 წელს უნდა მომხდარიყო. მესამე მცირე ზომის დაკიდული ტიპის მყინვარი მათგან სამხრეთ აღმოსავლეთით ზღვის დონიდან დაახლოებით 4000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. დევდარაკი ტურიზმის ობიექტია.[2]
დევდარაკის მყინვარი ცნობილია თავისი მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით, რომელიც აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808, 1817 და 2007 წლებში. მძლავრი ჩამოზვავება მოხდა 1832 წელს, როდესაც ყინულოვანმა ზვავმა დააგუბა მდინარე თერგი და მისი დინება შეაჩერა 8 საათით. ჯებირის გარღვევის შემდეგ გლაციალურმა ღვარცოფმა დიდი ზიანი მიაყენა ქალაქ ვლადიკავკაზს. ინტენსიური მოძრაობით გამოწვეული ნგრევები იწვევდა წყლის შეგუბებას, კატასტროფულ წყალმოვარდნებს დარიალის ხეობაში, ზიანდებოდა საქართველოს სამხედრო გზა.[2] 1832 წლის დევდარაკის მყინვარის კატასტროფის შედეგად მდინარე თერგის ხეობაში, ზემო ლარსთან აღმოჩნდა ერმოლოვის ქვა.[3]
დევდარაკის დნობის გამო ამალი-დევდარაკის ხეობაში სტიქიური პროცესები ორჯერ განვითარდა: პირველად 2014 წლის 17 მაისს, ხოლო მეორედ 2016 წლის 20 აგვისტოს. 2014 წლის 17 მაისს მომხდარი სტიქიის დროს, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდარაკისა და თერგის შესართავთან გლაციალური (მყინვარული) ღვარცოფი მოვარდა. სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა. გარდა ამისა, დაზიანდა რუსეთიდან მომავალი მაგისტრალური გაზსადენები.[4]
2016 წლის 20 აგვისტოს დევდარაკის ხეობაში ღვარცოფული ნაკადის მოვარდნის გამო სამხედრო გზაზე 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოწვა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა. დაზიანდა ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი და ლარსი ჰესი. დაიტბორა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი და „დარიალჰესის“ გვირაბი.[5]
დევდარაკის ბოლოსა და ბართქორთის ქედზე გადის მყინვარწვერზე ასასვლელი ერთ-ერთი მოხერხებული გზა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 355.
- ↑ 2.0 2.1 ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები, თბ.: გამომცემლობა „კოლორი“, 2014.
- ↑ ერმოლოვის ქვა | National Geographic Magazine
- ↑ დარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები 07:00-20:00 სთ-მდეა შესაძლებელი
- ↑ სვანეთში მყინვარების ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება