დარიღა ნაზარბაევა
დარიღა ნაზარბაევა (ყაზახ. Дариға Назарбаева, დ. 7 მაისი, 1963) — ყაზახი პოლიტიკოსი, ყაზახეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი მეთაური, პარლამენტის სენატის ექს-სპიკერი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი.
დარიღა ნაზარბაევა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 მაისი, 1963 თემირტაუ, ყაზახეთის სსრ, სსრკ |
ეროვნება | ყაზახი |
მოქალაქეობა | ყაზახეთი |
განათლება | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკური მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე, მომღერალი. |
შვილ(ებ)ი | ნურალი (დ. 1985), აისულთანი (1990-2020), ვენერა (დ. 2000) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული პერიოდი
რედაქტირებადარიღა ნაზარბაევამ 1980 წელს ალმა-ათაში დაამთავრა გიმნაზია და ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე, სადაც სამი წლის მანძილზე სწავლობდა. 1985 წელს მან დაამთავრა ასევე ალმაათის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოგვიანებით კი პოლიტიკურ მეცნიერებაში მიიღო პროფესორის ხარისხი მოსკოვის სახელმწიფო საქმეთა აკადემიაში.[1]
1994 წელს დარიღა მედია-ბიზნესში შეუდგა საქმიანობას. იგი გახდა მსხვილი საინფორმაციო სააგენტო "ხაბარ"-ის, ასევე ტელევიზიის მფლობელი. მან გაითქვა სახელი, როგორც ოპერის მომღერალმა (მეცო-სოპრანო). სხვა კონცერტებთან ერთად, აღსანიშნავია ნაზარბაევას გამოსვლები პარიზში 2007 და 2013 წლებში, ასევე მოსკოვის დიდ თეატრში 2003 და 2011 წლებში.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2003 წელს დარიღა ნაზარბაევა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. მან დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით შეერწყა სახელისუფლო პარტია "ნურ ოტანს". მომდევნო წელს იგი გახდა პარლამენტის დეპუტატი და ფრაქციის თავმჯდომარე. მოგვიანებით მუშაობდა საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი მოწვევის წევრად. 2015 წელს გახდა პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ერთი წლის შემდეგ კი დაინიშნა სენატის წევრად, სადაც მუშაობდა საგარეო ურთიერთობების, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელად.
2016 წელს პრეზიდენტმა ნაზარბაევმა მრავალმნიშვნელოვნად მიანიშნა, რომ მის გარშემო ზოგი ქალი მზად არის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობისთვის.[2] გაჩნდა სპეკულაციები, რომ შესაძლოა მამა საკუთარ ქალიშვილს გზას უკვალავდა პრეზიდენტის პოსტისკენ. თუმცა, მეორე მხრივ, სასახლის კარზე არცთუ უმნიშვნელო პოზიციები ეკავა უმცროს ქალიშვილს დინარას, რომელიც დაქორწინებულია რესპუბლიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ცნობილ ნავთობისა და გაზის მაგნატ თიმურ ყულიბაევზე.[3]
2019 წლის 19 მარტს პრეზიდენტმა მოულოდნელად გამოაცხადა გადადგომის შესახებ. მისი თანამდებობა დროებით სენატის მეთაურმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დაიკავა, რომელმაც, თავის მხრივ, საკუთარი პოსტი დარიღა ნაზარბაევას დაუთმო. იმის გათვალისწინებით, რომ ნურსულთანმა არაერთი თანამდებობა შეინარჩუნა, დარიგას დაწინაურებამ საკონსტიტუციო იერარქიის მეორე თანამდებობაზე აღძრა ხელახალი ეჭვები მის სამომავლო საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებით.
თუმცა 2020 წლის 2 მაისს გამოცხადდა თოყაევის ბრძანებულება დარიღა ნაზარბაევას გათავისუფლების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მას შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება.[4] ამ გადაწყვეტილებამ საექსპერტო სფეროში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამოითქვა ვარაუდები, რომ ნაზარბაევების ოჯახში მოხდა განხეთქილება, რომელიც მამის სასარგებლოდ დასრულდა, ან ძალაუფლებისათვის ბრძოლის ფარგლებში თოყაევმა მეტოქე თავიდან მოიცილა.
2021 წლის 10 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგად მმართველი „ნურ ოტანის“ (სამშობლოს სხივი) პარტიული სიით გასული დეპუტატი ეკონომიკური რეფორმების და რეგიონული განვითარების კომიტეტის წევრი გახდა.
კორუფციული ბრალდებები
რედაქტირება"ფორბსის" მონაცემებით, მედიის, საბანკო, ტელესაკომუნიკაციო და სამშენებლო ბიზნესის მეშვეობით ნაზარბაევას უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება 2013 წელს 595 მლნ დოლარს აღწევდა, რითაც რესპუბლიკის უმდიდრეს პირთა სიაში მას მე-13 ადგილი ეკავა.
დარიღა ალიევას სახელით ნაზარბაევამ 2003 წელს ავსტრიაში საბანკო ანგარიშები გახსნა. რამდენადაც ამ გვარის ტარების უფლება იურიდიულად მას არ გააჩნდა, გაჩნდა ეჭვი ნაზარბაევას მიერ ყალბი პასპორტის გამოყენების თაობაზე. ანგარიშებზე დიდძალი თანხა განთავსდა მისი ქმრის ფულის გათეთრების სქემის მეშვეობით. მეუღლემ რახატ ალიევმა ავი სახელი გაითქვა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობისას ქრთამის აღების, ფულის გათეთრების, დოკუმენტების გაყალბების თუ შანტაჟის არაერთი ფაქტის გამო. როდესაც 2002 წელს რახატ ალიევი ავსტრიაში ყაზახეთის ელჩად დაინიშნა, წყვილმა ვენაში ფეშენებელური სახლი შეიძინა. ფულის გათეთრების საქმეზე ავსტრიაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ალიევი 28 საბანკო ანგარიშს ფლობდა, მათგან სამს - ერთობლივად მეუღლესთან. 2005 წლის მხოლოდ ერთ დღეს ერთ-ერთ საერთო ანგარიშზე 18 მლნ.ევროს გადარიცხვა განხორციელდა.
წყვილის საერთო შვილმა ნურალი ალიევმა ასტანის მერის მოადგილედ მუშაობისას აღიარა, რომ გააჩნდა 200 მლნ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება უცხოეთში, ხოლო ბიზნესწილებს 40 სხვადასხვა კომპანიაში ფლობდა.[5]
2007 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ყაზახეთის პროკურატურამ პრეზიდენტის სიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. რახატ ალიევმა დაკარგა თანამდებობები და იძულებული გახდა, ავტრიისთვის შეეფარებინა თავი. მის დაუსწრებლად გამოცხადდა, აგრეთვე, მეუღლესთან მისი განქორწინება. რამდენიმე წლის შემდეგ მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც მკაცრად დაგმო ყოფილი სიმამრი და, ზოგადად, მის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა. [6] ალიევს ავსტრიის გასამოძიებო სამსახურმა წაუყენა ბრალდება ყაზახეთში ორი ბანკირის გატაცების და მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, თუმცა სასამართლოს მოლოდინში მან საპატიმრო საკანში თავი ჩამოიხრჩო.
2020 წლის მარტში ბიბისი-მ გაარკვია, რომ დარიღა ნაზარბაევასთან და ნურალი ალიევთან დაკავშირებული იყო ლონდონის პრესტიჟულ უბნებში მდებარე სამი სახლი, რომლებიც ოფშორებში დარეგისტირებულ კომპანიებზე იყო გაფორმებული. მათი საერთო ღირებულება შეადგენდა 103 მლნ დოლარს.[7]
ქონების საეჭვო წარმომავლობის მოტივით პროკურატურამ მოითხოვა მისი დაყადაღება შემდგომი კონფისკაციის მიზნით, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაიზიარა.[8]
შვილის სიკვდილი
რედაქტირებაუმცროსი შვილი აისულთანი ფეხბურთელი იყო და ინგლისური კლუბების ჩელსისა და პორტსმუთის აკადემიაში იყო მიწვეული, მოგვიანებით კი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.
ნარკოდამოკიდებულების გამო მას პრობლემები შეექმნა დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. 2020 წლის თებერვალში ლონდონში ყოფნისას აისულთანმა ყაზახეთში არსებული კორუფციის შესახებ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, აგრეთვე, ითხოვა პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება, აგვისტოში კი ის გარდაცვლილი იპოვეს.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Dariga Nazarbayeva: Kazakhstan’s understudy president ft.com 22 March 2019
- ↑ Widowed opera singer daughter of 'Papa' - Kazakhstan's next president? reuters.com 20 March 2019
- ↑ Dariga Nazarbayeva dismissed from top Senate seat thediplomat.com
- ↑ Прекращены полномочия Дариги Назарбаевойtengrinews.kz
- ↑ Report on Dariga Nazarbayeva's financial shenanigans eurasiademocracy.org
- ↑ Widowed opera singer daughter of 'Papa' - Kazakhstan's next president?reuters.com
- ↑ Unexplained Wealth Order focuses on London mansion bbc.com 10 March 2020
- ↑ Family win fight with UK cops over billionaire row mansion bloomberg.com
- ↑ Внук скончался вдруг novayagazeta.ru