ფულის გათეთრება — არალეგალური გზებით მიღებული ფულადი სახსრების ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზებას, ანუ მათი ჩრდილოვანი, არაფორმალური ეკონომიკიდან ფორმალურში გადაყვანას იმისათვის, რომ ამ სახსრებით ღიად (სახალხოდ) სარგებლობა გახდეს შესაძლებელი.

გათეთრების პროცესში ხდება შემოსავლის ნამდვილი წყაროს დამალვა, რეალური გარიგებების ფორმალურით შეცვლით, მაგ. დამამოწმებელი დოკუმენტების გაყალბებით, მესამე პირთა დოკუმენტების გამოყენებით და მისთ. ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ფულის გათეთრებისთვის ხშირად ოფშორულ ზონებს იყენებენ, ეს არის ქვეყნები ე.წ. საგადასახადო სამოთხით, სადაც საბანკო სისტემებში ბენეფიციარების კონფიდენციალობა უზრუნველყოფილია.

გავრცელებული მტკიცებით ეს ტერმინი აშშ-ში წარმოიშვა 1920-იან წლებში. ამერიკულმა მაფიამ კრიმინალური გზით შეძენილი ფულადი სახსრების ლეგალიზებისთვის ავტომატური სამრეცხაოების გახსნა დაიწყო. თუმცა ამერიკელი ავტორი ჯეფრი რობინსონის აზრით, ეს ასე არ არის. მისი თქმით ტერმინი „ფულის გათეთრება“ (ინგლ. money laundering) პირველად ბრიტანულმა გაზეთმა „The Guardian“-მა გამოიყენა უოტერგეიტის სკანდალის პერიოდში რიჩარდ ნიქსონის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების აღნიშვნისთვის.

საქართველოს კანონმდებლობაში, როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, იურიდიულად დამკვიდრებულია ტერმინი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“ და იგი, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შემდეგნაირადაა განსაზღვრული: უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა.

თავისი შინაარსით, ფულის გათეთრება, მოიცავს ოპერაციათა რთულ ერთობლიობას, რომლის მიზანია ფინანსური აქტივების წყაროს იმგვარად შენიღბვა, რომ შემდეგში ასეთი აქტივების გამოყენება კომპრომეტაციის გარეშე იყოს შესაძლებელი. სპეციალისტები გამოყოფენ ფულის გათეთრების რამდენიმე ეტაპს. ჩვეულებრივ, მიღებულია სამ ეტაპად დაყოფა: განთავსება, დანაწევრება, ინტეგრაცია. თუმცა ოპერაციათა სირთულიდან გამომდინარე ზღვარის გავლება ამ ეტაპებს შორის საკმაოდ რთულია და დამოკიდებულია ფულის გამთეთრებელი პირის ან გუნდის ინტელექტუალურ მომზადებასა და ფანტაზიაზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება