ალექსანდრე დადიშქელიანი

ქართველი სამხედრო მოღვაწე, გეოგრაფი და ტოპოგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან დადიშქელიანი, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დადიშქელიანი.

ალექსანდრე (ბექირბი) ციოყის ძე დედიშქელიანი (დ. 1828, სოფელი ფარი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი — გ. 1887, ეკატერინოსლავის გუბერნიის მელიტოპოლის მაზრა, რუსეთი) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1874), ტოპოგრაფი, გეოგრაფი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ციოყ დადიშქელიანის ძე. დაამთავრა პეტერბურგის თავადაზნაურთა სამხედრო სასწავლებელი და მიიღო ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ოფიცრის ჩინი. 1843 წელს დადიშქელიანი ხანგრძლივი შვებულებით სვანეთში დაბრუნდა და უფროს ძმასთან — კონსტანტინესთან ერთად ჩუბეხევის სამფლობელოს განაგებდა. 1857 წელს კონსტანტინემ მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი, ამის გამო ალექსანდრე დადიშქელიანი ირკუტსკში გადაასახლეს. თავდაპირველად იგი ბაიკალის კაზაკთა ცხენოსან ლეგიონში მსახურობდა, შემდეგ აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის ნიკოლოზ მურავიოვ-ამურსკის ადიუტანტი იყო.

გადასახლებაში ყოფნის დროს ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. 1880-1884 წლებში იყო კორეაში. მას ეკუთვნის ამურის მხარის გეოგრაფიული აღწერა და კორეის გეოგრაფიული-პოლიტიკური მიმოხილვა. დადიშქელიანი მეცნიერულმა გამოკვლევებმა მაღალი შეფასება მიიღო და დაიმსახურა მთავრობის ჯილდოები: წმინდა ანას, წმინდა სტანისლავისა და წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გასვიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 257.
  • ავალიანი გ., რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, თბ., 1967;
  • ზარდალიშვილი გ., გამოჩენილი ქართველი გეოგრაფები და მოგზაურები, თბ., 1966;
  • Гогитидзе М., Военная элита Кавказа, I, Тб., 2007.