ალექსანდრე გაგარინი

ალექსანდრე ივანეს ძე გაგარინი (რუს. Александр Иванович Гагарин) (დ. 1801, მოსკოვი, — გ. 27 ოქტომბერი, 1857, ქუთაისი) — თავადი, რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოხელე, გენერალ-ლეიტენანტი (1854).

ალექსანდრე გაგარინი

დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1821). მონაწილეობდა 1825 წლის დეკაბრისტთა გამოსვლაში, თუმცა არ დასჯილა. მოგვიანებით მსახურობდა ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორ გრაფ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად. 1845 წელს თბილისში ჩამოჰყვა კავკასიის მეფისნაცვლად დანიშნულ ვორონცოვს. მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში, მათ შორის, დარღოს ლაშქრობაში (1845).

ტასო ორბელიანი-გაგარინა
ტასო ორბელიანის კოშკი გაგარინების მამულში (სოფ. უტიოსი, ყირიმი)

1840-იანი წლების ბოლოს დერბენდის ქალაქის უფროსად მსახურობდა. ამ წლებში დაქორწინდა თავად დავით ორბელიანის და მანანა ერისთავის ასულ ანასტასიაზე (ტასოზე) (დ. 1825 — გ. 1907), რომლის საშუალებითაც დაუახლოვდა ქართველ არისტოკრატიას. 1847 წელს დაინიშნა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორად. 1853–1856 წლების ყირიმის ომის დროს მეთაურობდა გურიის რაზმს და მე-13 ქვეით დივიზიას. 1855 წელს ყარსის ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. ამავე წელს ექიმების რჩევით მეუღლითურთ სამკურნალოდ პარიზში წავიდა. 1856 წელს დაბრუნდა რუსეთში. გადაწყვეტილი ჰქონდა სამუდამოდ დასახლებულიყო საკუთარ მამულში — ქუჩუქ-ლამბათში (ყირიმი), მაგრამ ალექსანდრე ბარიატინსკის წარდგინებით 1857 წლის თებერვალში გაგარინი ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს.

ამ დროს მეტად მწვავედ იდგა სვანეთის დადიშქელიანებთან ურთიერთობის საკითხი. 1857 წლის 27 ოქტომბერს გაგარინი ქუთაისში შეხვდა სვანეთის მთავარს კონსტანტინე დადიშქელიანს და მას რუსეთის მთავრობის მიერ მისთვის მთავრის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება გააცნო. ურთიერთშელაპარაკებისას დადიშქელიანმა გაგარინი ხანჯლით მოკლა. დადიშქელიანი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. დაქვრივებულმა ანასტასიამ საქართველო დატოვა და ყირიმში, ქმრის მამულში გადასახლდა.

გაგარინი დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის მე-3 (1848) და მე-2 ხარისხის (1854), წმ. სტანისლავის 1-ლი (1849), წმ. გიორგის მე-4 (1850), წმ. ანას 1-ლი (1852) ხარისხის ორდენებით, სპარსეთის ლომისა და მზის მე-2 ხარისხის ორდენით (ვარსკვლავით, 1846) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი 1854–1861, ტფ., 1934.
  • მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
  • Гагарин, Александр Иванович // Русский биографический словарь : в 25 томах. — СПб.—М., 1896—1918.