გორანის კვირიას ეკლესია (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორანის კვირიას ეკლესია.

გორანის კვირიას ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის დასავლეთით, 1 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,3 x 4,2 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით (ტლანქად). წყობაში ალაგ-ალაგ ჩართულია შირიმის დაუმუშავებელი ქვაც. დაზიანებულია: აფსიდის გადახურვა და კამარის აღმოსავლეთ ნახევარი ჩამონგრეულია, განგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა მოწყობილი. აღმოსავლეთით ღრმა აფსიდია, რომელსაც გეგმით არაწესიერი ნახევარწრის ფორმა აქვს. აფსიდის ჩრდილოეთის გვერდი გრძივი კედლიდან მოკლე მხარითაა გამოყოფილი, ხოლო სამხრეთისა - შესაბამის კედელს უშუალოდ ერთვის, მხარის გარეშე. აფსიდში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, მის მარჯვნივ კვადრატული ფორმის ნიშია. გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც შეისრული ფორმის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეს კონსტრუქცია დარბაზის სივრცეს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს, რომელთაგანაც დასავლეთისა ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისას. დარბაზი და საკურთხეველი ერთიანი შეისრული კამარით ყოფილა გადახურული. ეკლესიის ფასადები მოკლებულია მორთულობას.

ლიტერატურა

რედაქტირება