გოგი ხუციშვილი
გიორგი (გოგი) ხუციშვილი (დ. 1 ივლისი 1941, თბილისი — გ. 16 აპრილი, 1993, იქვე) — მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი. 1985 წლიდან იყო თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი. 1990 წლიდან იყო საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი.
გიორგი (გოგი) ხუციშვილი | |
---|---|
დაიბადა | 1 ივლისი, 1941 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაიცვალა | 16 აპრილი, 1993 (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მხატვრობა, ქანდაკება, გრაფიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგოგი ხუციშვილი დაიბადა 1941 წლის 1 ივლისს, თბილისში. სწავლობდა 53-ე სკოლში. 1951-1958 წლებში ქანდაკებას ეუფლებოდა ზაქარია კრაწაშვილთან. 1959-1967 წლებში სწავლობდა ფერწერას გურამ (ხიტა) ქუთათელაძესთან და ანთიმოზ (ალიკო) გორგაძესთან. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით. 1966 წელს დაამთავრა ასპირანტურა აკად. შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით. 1965 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 1971 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1973 წელს დაიცვა დისერტაცია შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის საკითხებზე (საფარის მონასტრის კედლის მხატვრობა). 1974-1975 წლებში სწავლობდა სორბონასა და პარიზის კაზმულ ხელოვნებათა სკოლაში (ბერნარ დორივალის ხელმძღვანლობით). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი. 1985 წლიდან იყო თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი. 1990 წლიდან იყო საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი. გოგი ხუციშვილი გარდაიცვალა 1993 წლის 16 აპრილს თბილისში.
კოლექციები და გამოფენები
რედაქტირებაფერწერული ტილოების გარდა გოგი ხუციშვილის შემოქმედება მოიცავს გრაფიკულ ნამუშევრებს, ქანდაკებებს, კოლაჟებს, ლექსებსა და ესსეებს. გოგი ხუციშვილის ნამუშევრები, თბილისის გარდა, დაცულია პარიზის, დრეზდენის, ბერლინის, პრაღის, ბრნოს, ბრატისლავის, ბუდაპეშტის, კრაისტ-ჩრჩის (ახალი ზელანდია), დუბლინის, შენონის (ირლანდია), იენის, ოტავის, სან-პაულუს, კურიტიბას (ბრაზილია), ლა-პასის (ბოლივია), სოფიის, ტოკიოს, ტალინის, ნიუ-იორკის, პეკინის, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის მუზეუმებსა და კერძო კილექციებში.
გოგი ხუციშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 1975 წელს პარიზში „CIES“-ის გალერეაში მოეწყო. 1980 წელს მეორე პერსონალური გამოფენა თბილისში ხელოვნების მუზეუმში შედგა. 1986 წელს მოეწყო მესამე პერსონალური გამოფენა თბილისში მხატვრის სახლში. მეოთხე პერსონალური გამოფენა 1987 წელს რუსთავის სააგამოფენო დარბაზში გაიხსნა. 1989 წელს მეხუთე პერსონალური გამოფენა იერუსალიმში, ისრაელის მუზეუმში შედგა. უკვე მხატვრის გარდაცვალების შემდეგ 1993 წელს გაიმართა მეექვსე პერსონალური გამოფენა თბილისში გალერეა „კოპალაში“. 2016 წელს მეშვიდე პერსონალური გამოფენა გაიხსნა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სპექტრი: ყოველკვარტალური ალმანახი / საქართველოს კულტურის სამინისტრო; რესპუბლიკური სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება "სურათების ეროვნული გალერეა". თბილისი, 1993, აგვისტო, N 1-2. გვ. 149;
- თბილისის უნივერსიტეტი. თბილისი, 1987, 16 იანვარი.