გოგიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში.

ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, პირდაპირი ხაზით 2 კილომეტრზე. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს „დახვრეტილებს“ ეძახის იქვე არსებული კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების გამო. ეკლესია ტყეში დგას. დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე (10.7X8.2 მეტრი). წყობა არეულია. ტაძრის დასავლეთი ნაწილი თითქმის ზეძირკვლის დონეზეა დანგრეული. 0.8 მეტრი სიგანის შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. სარკმლებიდან ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთისაა შემორჩენილი, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც სწორკუთხაა. გაშლილი ნახევარწრის ფორმის აფსიდა 30 სანტიმეტრის სიგანის მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. საკურთხეველში, სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. საკურთხეველი სფერული კონქით სრულდება. ნაოსში გრძივი კედლები დაუნაწევრებელია. საკმაოდ განიერი ეკლესიის კამარის ჩამოქცევის ერთ-ერთი მიზეზიც სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო. ტაძრის სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ კიდეში შერჩენილია მარტივად ნათალი ქვის ლავგარდანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45674