გირევი
გირევი — ნასოფლარი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა თემში, სოფელ ომალოდან 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე.
ადრე მოსახლეობა შედგებოდა შემდეგი გვარებისაგან: აზიკური, ხოსიკურიძე და შუარიძე. საბჭოთა პერიოდის დროს, პირიქითა თემის სოფლების - ჰეღოს, ჭონთიოს, დაქიურთას და ნაკადურთას დაცარიელებისას, ამ სოფლებში მაცხოვრებლების უმრავლესობა სოფელ გირევში რჩებოდა საცხოვრებლად, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც დაცარიელდა პირიქითა თემის სოფლებიდან, ყველაზე გვიან, გირევი.
სოფელი კომფაქტურადაა განაშენიანებული, ის შედგება სხვადასხვა დანიშნულების ორმოცამდე შენობისგან, რომელთა რაღაც ნაწილს შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე, ნაწილი კი გადაკეთებულია ან თუნუქის სახურავით არის გადახურული. სოფლის მოსახლეობის მოთხრობილის თანახმად, ციხეები ბაულელ ქისტ მამა-შვილს აუგიათ. დასავლეთით დაახლოებით 1,5 კილომეტრზე, შუა საუკუნეების ხუთი კოშკია შემორჩენილი, მათგან ოთხი ერთ ხაზზე ჩრდილოეთიდან, სამხრეთ კლდოვან ფერდობზეა განლაგებული, ხოლო ერთი ოდნავ დასავლეთითაა.
ერთ-ერთი კოშკი დგას სოფლის დასავლეთით, კლდეზე. კოშკი ხუთსართულიანია, და იგი ზემოთკენ შევიწროებულია, ნაგებია ფიქლით. პირველი სართულის ჭერი კამაროვანი გადახურვითაა, დანარჩენი სართულების გადახურვა იყო ბრტყელი, რომელიც ეყრდნობოდა ხის კოჭებს. შესასვლელი კოშკის სამხრეთიდანაა, რომელიც მიწიდან 2,1 მეტრ სიმაღლეზეა. კარი გადახურულია ბრტყელი თაღით. პირველი სართულის კომაროვან ჭერში გაკეთებულია ხვრელი, საიდანაც შესაძლებელია მეორე სართულზე ასვლა. კოშკის ოთხივე ფასადზე, მესამე და მეოთხე სართულებზე, ჭადრაკულად განლაგებულია, გამოყვანილი პატარა რომბები, აქედან სამხრეთ ფასადზე სამი რომბია, დანარჩენ ფასადებზე კი განაწილებულია ოთხ-ოთხი.
მეორე ციხე-სახლი დგას სოფლის განაპირას სამხრეთით. შედგება კოშკისა და გვიანდელი მინაშენისგან. ორივე ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია.
ნასოფლარ გირევს 2018 წელს, თუშეთის კიდევ ცხრა პუნქტთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- სერგი მაკალათია, თუშეთი, 1983;
- გიორგი ბოჭორიძე, თუშეთი, 1993;
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.