გიგლა ფირცხალავა

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ფირცხალავა)

გიორგი (გიგლა) იასონის ძე ფირცხალავა (დ. 15 სექტემბერი, 1922, ფოთი ― გ. 4 ივნისი, 1983, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1978).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1950), იყო ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფე. 1941–1942 წლებში ფირცხალავამ პოლიტიკური კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ „ნიანგში“, აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში „კომუნისტი“ და „ლახვარი“. 1950–1966 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1967 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1952 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „კროკოდილში“.

ფირცხალავას ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია საღი იუმორი, მაღალპროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა მახვილგონივრულმა კარიკატურებმა, მეგობრულმა შარჟებმა („ყვავილების მოყვარული“, 1960; „ბულდოგის შექმნა“, „არც ახლა იყიდი იატაკსაწმენდს?!“, ორივე 1961; „გაიცანით, ჩემი მეორე ნახევარი“, 1954 და სხვა).

ფირცხალავა ავტორია საინტერესო სკულპტურული პორტრეტებისა („მოჭიდავე დავით ციმაკურიძის პორტრეტი“, ბრინჯაო, 1953; „მოჭიდავე გივი კარტოზიას პორტრეტი“, ბრინჯაო, 1956; „სტუდენტი გოგონას პორტრეტი“, ბრინჯაო, 1961), ფერწერული ტილოებისა („სოხუმი“, 1945, „ჩაქვი, ჩაის პლანტაცია“, 1945; ანზორ სალუქვაძის პორტრეტი, 1973 ყველა — მხატვრის კუთვნილება).

გიორგი ფირცხალავას კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968, 1982).

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება