სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლაძე.

გიორგი ნიკოლოზის ძე ნიკოლაძე (დ. 11 აგვისტო, 1888, დიდი ჯიხაიში, რუსეთის იმპერია — გ. 5 თებერვალი, 1931, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე.

გიორგი ნიკოლაძე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში. ადრეული წლებიდან დაკავებული იყო ტანვარჯიშით. ტანვარჯიშში მეცადინეობა დაიწყო თბილისის პირველ გიმნაზიაში ჩეხი პედაგოგის ანტონ ლუკეშის ხელმძღვანელობით. 1908 წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე ბულგარეთში. 1912 წელს პეტერბურგის გუნდ „სოკოლის“ შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე-6 მსოფლიო შეკრებაზე პრაღაში, 2000 მონაწილეს შორის დაიკავა მე-15 ადგილი მძლეოსნურ ტანვარჯიშში. გავრცელდა საფოსტო ბარათი, რომელზეც გიორგი ნიკოლაძე აღბეჭდილია პრაღაში ბადროს ტყორცნისას. 1913 წელს გამოვიდა რუსეთის პირველობაზე, ამავე წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში.

1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, 1913-1918 წლებში მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში ტულაში, დონეცკსა და ენაკიევოში. ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეტალურგებთან მ. კურაკოვსა და ი. ბარდინთან. მათთან ერთად მონაწილეობდა დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიიწვიეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე).

1918 წელს ნიკოლაძემ დააარსა საქართველოში პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“, რომლის პირველი და უკანასკნელი თავმჯდომარეც თვითონ იყო. 1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რომელშიც მონაწილეობდა 18 ალპინისტი, მათ შორის 5 ქალი, რამაც დასაბამი მისცა საბჭოთა ალპინიზმს. 1924 წელს დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო.

1927 წელს ნიკოლაძემ შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. ეს თეორია შემდგომ საფუძვლად დაედო მის დისერტაციას, რომელიც მან დაიცვა სორბონაში 1928 წელს და მიიღო პროფესორის , ხოლო პარიზში ცალკე წიგნად გამოვიდა. პარიზში ცოლად შეირთო ემიგრანტ ვახტანგ ღამბაშიძის ქალიშვილი. ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სავალდებულო კურსს „ანალიზურ გეომეტრიასა“ და „დიფერენციალურ გეომეტრიაში“. ამ დარგში შექმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები. ავტორია ორიგინალური კონსტუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა. 1929-1930 წლებში მისი ხელმძღვანელობით თბილისში, დიდუბეში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აქ ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.

მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.[1] დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 1973 წელს დაარსდა მისი სახელობის პრემია ტექნიკის დარგში საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისთვის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 431.
  • ბაბუნაშვილი, ზ., ნოზაძე, თ. „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 290, თბ., 1994
  • ბოგოლიუბოვი ა. ნ. გიორგი ნიკოლაძე, თბილისი, 1978
  • ჭოღოშვილი გ. გიორგი ნიკოლოზის ძე ნიკოლაძე, კრებული ქართველი მეცნიერები, გვ. 152-189 — თბილისი, 1951

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გვ. 701-702. ISBN 978-99940-28-77-1.