გიორგი გოგიჩაძე (მომღერალი)
გიორგი მიხეილის ძე გოგიჩაძე (დ. 9 ივნისი, 1908, სოფელი ზვერეთი (ზესტაფონის რაიონი) — გ. 5 მაისი, 1988) — ქართველი საბჭოთა საოპერო მომღერალი (ბანი), პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1970).
გიორგი გოგიჩაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 9 ივნისი, 1908 |
დაბ. ადგილი | ზვერეთი, ზესტაფონის რაიონი |
წარმოშობა | ქართველი |
გარდ. თარიღი | 5 მაისი, 1988 (79 წლის) |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | ბანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლის პერიოდში მღეროდა გიმნაზიის გუნდში. 1934 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური).
1934 წლიდან იყო მოსკოვის რადიოკომიტეტის მხატვრული დასის სოლისტი, პარალელურად მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, 1936–1939 წლებში — მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სტუდიის სოლისტი (ბანი). 1939–1952 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1950 წლიდან თბილისის „ნიჭიერთა ათწლედის“ ვოკალური განყოფილების გამგე. 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (სოლო სიმღერა). მისი მოწაფეები იყვნენ: ლ. ჭყონია, მ. მახარაძე, ა. ხომერიკი, ნ. მკერვალიძე, ლ. ასათიანი, ვ. კუბლაშვილი და სხვები. მის რეპერტუარში იყო ცანგალა (ზ. ფალიაშვილი „დაისი“), გლახა (იპოლიტოვ–ივანოვი „ღალატი“), ვანო (შ. თაქთაქიშვილი „დეპუტატი“), ლევანი(ი. ტუსკია „სამშობლო“), გელა (ი. გოკიელი „პატარა კახი“), როსტევან მეფე (შ. მშველიძე „ამბავი ტარიელისა“), ნადირ–ხანი (ა. კერესელიძე „ბაში–აჩუკი“), თავადი, ელიზბარი (ა. ანდრიაშვილი „კაკო ყაჩაღი“, „ლაშქარა“), ალმასხანი (ბალანჩივაძე „მზია“), მახრების ცეკვა (ა. ბუკია „დაუპატიჟებელი სტუმრები“), დონ ბაზილიო (როსინი „სევილიელი დალაქი“), მეფისტოფელი (გუნო „ფაუსტი“), მეფე, ლინდორფი, დოპერტუტა, კრესპელი (ოფენბახი „პერიკოლა“, „ჰოფმანის ზღაპრები“), ბორისი, პიმენი, ვარლაამი (მუსორგსკი „ბორის გოდუნოვი“), კოჩუბეი, გრემინი (ჩაიკოვსკი „მაზეპა“, „ევგენი ონეგინი“) და სხვა. მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე შესრულებული პარტიები: სამიელი (ვებერი „ჯადოსნური მსროლელი“), მოცარტის, რიმსკი–კორსაკოვის, მუსორგსკის ოპერები. თანამშრომლობდა დირიჟორებთან: ო. ფრიდი, გ. სებასტიანი, ბ. ს. გოლოვანოვი. დაწერილი აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის ნაშრომი.