გივი გიგაური
გივი ლევანის ძე გიგაური (დ. 6 აპრილი, 1928, თბილისი, — გ. 10 აგვისტო, 2003) — ქართველი კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1986).
1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ს. ქობულაძის კლასი). აქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1968 წლიდან). 1954 წლიდან კონცერნ „ქართულ ფილმში“ მუშაობდა მხატვრად. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ (მარჯანიშვილის თეატრი), ი. გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე“ (გორის გ. ერისთავის სახ. თეატრი) და სხვ.
გიგაურის მიერ გაფორმებული ფილმები ახალი ეტაპია ქართული კინოს ისტორიაში. მათ შორისაა: „მაგდანას ლურჯა“ (1955, კოსტიუმების მხატვარი), „ჩვენი ეზო“ (1956), „სხვისი შვილები“ (1958), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962), „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (1959, ყველა კ. ხუციშვილთან ერთად), „ქორწილი“ (1965), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975, ზ. მეძმარიაშვილთან ერთად), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980), „ცხოვრება დონ-კიხოტისა და სანჩოსი“ (1989), „ჩაკლული სული“ (1994), „გაჭედილები“ (2003) და სხვ. წარმატებით მუშაობდა დაზგური გრაფიკისა და ჭედური ხელოვნების დარგში („არაგველები“ — თბილისის მეტროპოლიტენის სადგურის „სამასი არაგველის“ პანო; ჭედურობა, სპილენძი, 1967, თ. გიგაურთან ერთად). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხარტიშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 613.