ევრიპტერიდები

(გადამისამართდა გვერდიდან გიგანტოსტრაკები)

ევრიპტერიდები, გოლიათი ფაროსნები (Eurypterida, Giganthostraca) (ევრი..., ბერძნ. pteros „ფრთა“ და eidos „სახეობა“), ნამარხი კიბომორიელები. ცნობილია ყველა მატერიკაზე პალეოზოური ერიდან. ევრიპტერიდების თითისტარისებრი სხეული შედგებოდა თავმკერდის, მუცლისა და კუდის ანუ ტელსონისაგან.თავმკერდის დორსალურ მხარეზე 2 დიდი რთული თვალი და 2 პატარა თვალი (ocelli) ჰქონდათ, ქვედა მხარეზე კი 6 წყვილი კიდური, რომელთაგან პირველი წყვილი — ქელიცერებად, მომდევნო ოთხი — სასიარულოდ. მეექვსე კი საცურაოდ იყო გარდაქმნილი. ევრიპტერიდები ბინადრობდნენ მტკნარ და მომლაშო წყლებში. ევრიპტერიდების 200-მდე სახეობა 8 ოჯახშია გაერთიანებული.

ევრიპტერიდები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ქელიცერიანები
რიგი:  †ევრიპტერიდები
ლათინური სახელი
Eurypterida

ევრიპტერიდები, ანუ ზღვის მორიელები ფეხსახსრიანების ნამარხი ჯგუფია, რომლებიც ობობასნაირებს ენათესავებოდნენ. ისინი ერთიანდებიან კლასში Eurypterida. ევრიპტერიდები იკვებებოდნენ უძველესი თევზებით. ზომები განსხვავებული იყო. განსაკუთრებით დიდი ზომის (250 სმ-მდე) ფორმები ცხოვრობდნენ დევონსა და სილურში, კარბონულისა და პერმულის ევრიპტერიდები კი შედარებით პატარები (10-30 სმ) იყვნენ. ისეთი დიდი სახეობა, როგორიცაა Jaekelopterus rhenaniae სიგრძით 2 მეტრზე მეტს აღწევდა მაშინ, როდესაც უმრავლესობა სახეობებისა 20 სანტიმეტრამდე იზრდებოდა. ევრიპტერიდები წარმოადგენდნენ საშინელ მტაცებელ არსებებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ორდოვიკულიდან-პერმულ პერიოდამდე, მიახლოებით 460-248 მილიონი წლის წინ. ბინადრობდნენ წყალმარჩხ ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოიხსენიებენ ზღვის მორიელებად, ისინი არ წარმოადგენდნენ ნამდვილ მორიელებს. ევრიპტერიდების მხოლოდ უძველესი სახეობები ბინადრობდნენ ზღვებში, თანდათანობით კი გადავიდნენ მომლაშო და მტკნარ წყლებში. სავარაუდოდ, ზღვებიდან მტკნარ წყლებში გადასვლა ევრიპტერიდებისა პენსილვანიურ ეპოქაში მოხდა.

Eurypterus ევრიპტერიდების რიგის ყველაზე ცნობილი გვარია. დღეისათვის ნაპოვნია 18 ნაშთი. გვარი 1825 წელს შექმნა ზოოლოგმა ჯეიმზ ელსვორტ დეკაიმ. იგი მიხვდა, რომ დოქტორ მიტჩელის მიერ აღმოჩენილი ევრიპტერიდების პირველი ნაშთი ფეხსახსრიანებს ემსგავსებოდა. 1984 წელს, ნიუ იორკის ნამარხების შტატს Eurypterus remipes ეწოდა.

 
ევრიპტერიდები
პრეკამბრ. კამბრ. ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 

სხეულის აგებულება

რედაქტირება
 
Mixopterus, სილურული პერიოდის ევრიპტერიდი.

ტიპურ ევრიპტერიდს გააჩნდა დიდ ზომის, ბრტყელი თითისტარისებრი სხეული, რომელიც ბოლოვდებოდა გრძელი, წვრილი კუდით (Pterygotus გააჩნდა ბრტყელი კუდი, პატარა ეკლისებრი დაბოლოებით). თავის უკან, სხეული იყოფოდა 12 სეგმენტად. კუდი გააჩნდათ ნემსისებური. ზოგიერთ სახეობას, შესაძლოა მისი მეშვეობით მსხვერპლის სხეულში შხამი შეჰყავდა, თუმცა დღემდე არანაირი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, რომ ევრიპტერიდები შხამიანები იყვნენ. უმეტესობას გააჩნდა ფარფლები. ქვერიგი Stylonurina წარმომადგენლებს კი ფარფლების მაგივრად გააჩნდათ სასიარულო ფეხები. ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს ფარფლები არა მხოლოდ წყალში გადასაადგილებლად, არამედ ”სათხრელ იარაღადაც” გამოიყენებოდა. ამის გარდა, არსებას გააჩნდა 4 წყვილი ფეხი სასიარულოდ და 2 ქელიცერი, რომლებიც Pterygotus-ში საგრძნობლად იყო დაგრძელებული. სასიარულო ფეხები დაფარული იყო ბეწვებით, როგორც ეს თანამედროვე კიბოსნაირებშია. თავზე გააჩნდაათ 2 დიდი რთული და 2 პატარა თვალი (ocelli), რომლებიც რთულ თვალებს შორის იყო მოთავსებული.

ევრიპტერიდების ზოგიერთი სახეობის მაგარი ფეხები ზღვის ფსკერზე ცოცვის გარდა შესაძლოა ხმელეთზე გადასაადგილებლადაც გამოიყენებოდა. შესაძლებელია ზოგიერთი სახეობა ცხოვრების ნახევარს მაინც ატარებდა ხმელეთზე და როგორც წყალში, ისევე მიწაზეც შეეძლოთ სუნთქვა. არსებობდნენ ევრიპტერიდების როგორც ექვსფეხა, ისევე რვაფეხა წარმომადგენლები.

ევრიპტერიდების უდიდესი და ყველაზე კარგად შესწავლილი გვარია Pterygotus, რომლის წარმომადგენელები სიგრძით ნიანგებს უტოლდებოდნენ. აღწევდნენ რა 2,1 მეტრს, ისინი ევრიპტერიდების ყველა დროის ყველაზე დიდ სახეობებად მიიჩნევიან. მათი ნაშთები აღმოჩენილია მსოფლიო მასშტაბით, ანტარქტიკის გარდა. მიუხედავად ამისა, Pterygotus სრული ნაშთი იშვიათადაა ნაპოვნი.

2007 წელს აღმოჩენილი იქნა 46 სანტიმეტრი სიგრძის ბრჭყალი, რომელიც ეკუთვნოდა Jaekelopterus rhenaniae (სახეობა აღიწერა 1914 წელს). აქედან გამომდინარე კი გაკეთდა დასკვნა, რომ ეს სახეობა მიახლოებით 2,5 მეტრი იზრდებოდა.

 
Megarachne, Hibbertopterus მონათესავე ევრიპტერიდი გვიან კარბონული პერიოდიდან.

ევრიპტერიდები მიიჩნევიან თანამედროვე ხმალკუდების ახლო ნათესავებად. ისინი ერთად ქმნიან კლასს Merostomata. მეცნიერების ნაწილი ევრიპტერიდებს ობობებთან აახლოებს, ნაწილი მორიელებთანაც კი. ამჟამად ევრიპტერიდები ერთიანდებიან კლასში ქელიცერიანები და წარმოადგენენ 4 რიგიდან (ობობასნაირნი, ხმალკუდები, ზღვის ობობები) ერთ-ერთს.

Hibbertopterus წარმომადგენლები ევრიპტერიდების ერთ-ერთ უდიდეს სახეობებად მიიჩნევიან. გვარს სახელი ეწოდა მას შემდეგ, რაც პალეონტოლოგმა ჰიბერტმა შოტლანდიაში, აღმოსავლეთ კირკტონში 1836 წელს კირქვაში აღმოჩენილი სახეობა Hibbertopterus scouleri აღწერა. 2005 წელს 1,6 მეტრი Hibbertopterus-ის (ვაითი, 2005) ნაშთი იქნა აღმოჩენილი აღმოსავლეთ ლოტიანში, შოტლანდია.

ევრიპტერიდები ენათესავებიან თანამედროვე ხმალკუდებს. ცნობილია 200-მდე სახეობა. ისინი გადაშენდნენ მიახლ. 251 მლნ. წლის წინ, პერმულ-ტრიასული ამოწყვეტის დროს. აღმოჩენილია კამბრიული პერიოდის ევრიპტერიდების, მიახლ. 510 მლნ. წლის ნაკვალევი, რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ ევრიპტერიდები ხმელეთის ცხოველების უძველეს ფორმას წარმოადგენდნენ. 2007 წელს, პალეონტოლოგთა ჯგუფმა სიმონ ბრედის ხელმძღვანელობით (ბრისტოლის უნივერსიტეტი) აღმოაჩინა 390 მილიონი წლის წინანდელი ევრიპტერიდის ბრჭყალი. ეს სახეობა სიგრძეში მიახლოებით 2,5 მეტრი იზრდებოდა. იგი ევრიპტერიდების დღემდე ცნობილ წარმომადგენელთა შორის უდიდესია.

ქვერიგები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, თბ., 1973;
  • Давиташвили Л. Ш. Краткий курс палеолотологии, М., 1958;