გერბები საქართველოში

ქართული გერბები დღეისათვის მოღწეულია ძირითადად გვიანდელი ფეოდ. ხანიდან, მაგრამ მათი წარმოშობა-ჩამოყალიბება გაცილებით ადრეულ პერიოდს ეკუთვნის. საქართველოში დასტურდება გერბის თითქმის ყველა სახეობა.

ფეოდალური საქართველო

რედაქტირება
 
ქართული გერბები ვახუშტის მიხედვით
 
ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის ერთ-ერთი ვარიანტი (XIX საუკუნე)

შუა საუკუნეების საქართველოს ჰერალდიკური სიმბოლოა ამხედრებული წმ. გიორგი, რომელიც შუბით კლავს მიწაზე განრთხმულ გველეშაპს. ერთიანი სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდგომ ხანაში გაჩნდა ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულთა გერბები, რომელთა აღწერილობა და ილუსტრაციები მოცემულია ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში (XVIII ს.).

საქართველოში გავრცელებული იყო კორპორაციული გერბებიც. ასეთი გერბები ჰქონდათ მონასტრებს, ვაჭართა და ხელოსანთა ამქრებს. პრაქტიკაში არსებობდა აგრეთვე საგვარეულო გერბები, რაც მხოლოდ ფეოდალთა პრივილეგიას შეადგენდა.

ბაგრატიონთა სამეფო გვარის ასახავდა ამ საგვარეულოს ბიბლიურ, დავით წინასწარმეტყველისაგან წარმომავლობისა და ქრისტესთან ნათესაობის ლეგენდას, აგრეთვე სვეტიცხოვლის თქმულებას. ფეოდალთა გერბები, როგორც წესი, შედგებოდა შემდეგი ელემენტებისაგან: გვირგვინი, პორფირი და სიმბოლოს გამოსახულება (ეს უკანასკნელი თითოეული გვარისათვის სხვადასხვა იყო). 1801–1917 წლებში რუსეთის იმპერიაში შემავალ საქართველოს თავისი სახელმწიფო გერბები აღარ გააჩნდა. გერბები ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ გუბერნიებს, ასევე ზოგიერთ ქალაქს. რუსეთის მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული იყო ასევე ზოგიერთი ქართული თავადაზნაურული საგვარეულოს გერბი.

პირველი რესპუბლიკა

რედაქტირება
 
საქართველოს რესპუბლიკის გერბი (1918)

საქართველოს ახალი სახელმწიფო გერბის საკითხი მისი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1918) დადგა. 1918 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიამ ივანე ჯავახიშვილის მოხსენების საფუძველზე დაადგინა გერბზე გამოსახული ყოფილიყო „საქართველოს სპეტაკი რაინდი თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“. შვიდი მნათობი საქართველოს შვიდი „მთავარი თემისა და სამმართველოს“ გამოსახულება უნდა ყოფილიყო.

1918 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო „კანონი საქართველოს რესპულიკის ღერბისა“, სადაც ნათქვამი იყო: „ღერბი არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“. გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა იოსებ შარლემანის პროექტმა, 1918 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო გერბის აღწერილობა: „შვინდისფერ ადგილიან რგვალ ფარზედ თეთრი გიორგი ოქროს ჩლიქებიან თეთრ ცხენზედ. მარჯვენა ხელში შესატევად მომარჯვებული ოქროს შუბი, ვერცხლის ლახვრიანი. ცისფერი ჯავშანი, რომელსაც აქვს უჯრედები; ჯავშნის ქვეშ მიხაკის ფერი ტყავის პერანგი; სახელო და ბოლო მოსასხამისა თეთრი; მარცხენა მხარზედ თეთრი ფერის სახიანი შალვარი, ალისფერი, ოქროს წაღები; უნაგირის ქვეშ ვეფხის ტყავის ყაჯარი; უნაგირი ოქროსი და უზანგი ვერცხლისა; ღერბის თავში რვაკუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი, მის მარჯვნივ ვერცხლის მთვარე, მარცხნივ ოქროს მზე; მთვარის და მზის აქეთ იქით ორ-ორი რვაკუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი; ცხენის ქვევით შავით მთის მწვერვალი. ფარის გარშემო შავი არშია, თეთრწინწკლებიანი, ოქროს ზოლებშია ჩასმული“.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო კონსტიტუცია, რ-ითაც „საქართველოს ღერბი არის ძლევამოსილი გიორგი თეთრ რაშზედ მჯდარი“ (მუხლი მეხუთე).

საბჭოთა საქართველო

რედაქტირება
 
საქართველოს სსრ გერბი (1921)

საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ 1921 წლის 20 მაისს საქართველოს რევკომის № 36 დეკრეტით მიღებულ იქნა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, რომელიც მცირედი ცვლილებებით დარჩა 1990 წლის 14 ნოემბრამდე. გერბზე გამოსახულ სპეციფიკურ ნიშნებს მიეკუთვნება რესპუბლიკის სახელწოდების წარწერა ქართულ ენაზე — „საქართველოს სსრ“, დათოვლილი ცისფერი მთაგრეხილი შუაში აღმართული თოვლიანი მწვერვალით, ოქროს ვაზი ყურძნის მტევნით და ქართული ჩუქურთმა არშიად.

დამოუკიდებელი საქართველო

რედაქტირება
 
საქართველოს სახელმწიფო გერბი (2004)

1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიამ მოქმედი კონსტიტუციის 104-ე მუხლში შეიტანა ცვლილება და საქართვ. რესპუბლიკის სახელმწიფო გერბად დაამტკიცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი მცირედი ცვლილებებით. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით (მ. 11), საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები დადგენილია ორგანული კანონით, რომლის საფუძველზე 2004 წლის 10 ოქტომბრიდან შემოღებული იქნა ახალი სახელმწიფო გერბი (ავტორი მ. გონგაძე).

საკუთარი გერბები გააჩნიათ ასევე საქართველოში შემავალ ავტონომიურ რესპუბლიკებს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი), მუნიციპალიტეტებს, თვითმმართველ ქალაქებს.

2008 წლის 29 თებერვალს შეიქმნა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო — მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ხელოს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებსი ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948.
  • ბარნაველი ს., საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965. * გამსახურდია ს., შოშიაშვილი ნ., ხიდურელი ზ., საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები, თბ., 1990.
  • არახამია გ., სიდამონიძე უ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება