შუახმელეთის ჯუჯების სია

(გადამისამართდა გვერდიდან გამილ ზირაკი)

სიაში წარმოდგენილია ჯუჯები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმიდან.

აზაგალი იყო ბელეგოსტის ჯუჯების მეფე პირველ ეპოქაში. ბელეგოსტისა და მეზობელი ნოგროდის ჯუჯები განთქმულები იყვნენ, როგორც დიდი მჭედელ-ხელოსნები.

პირველი ეპოქის 260 წელს ნოგროდელ ოსტატ ტელხარისგან აზაგალმა საჩუქრად მიიღო დრაკონის მუზარადი. ეს მუზარადი შეიქმნა გლაურუნგის გამოჩენის შემდეგ. თავად მუზარადზე ამოჭედილი იყო დრაკონი.

472 წელს მაედროსმა მორგოთის დასამარცხებლად ალიანსი შექმნა. ბელეგოსტისა და ნოგროდის ჯუჯებმა გამოჭედეს იარაღი. აზაგალი თავად გაჰყვა მებრძოლებს. ურიცხვი ცრემლის ბრძოლაში ბელეგოსტის მრავალი ჯუჯა მონაწილეობდა. ისინი ატარებდნენ ნიღბებს, რითაც გაუძლეს დრაკონ გლაურუნგის მიერ ამოფრქვეულ ცეცხლს.

აზაგალმა და მისმა ჯუჯებმა თავად მიიტანეს იერიში დრაკონზე. გლაურუნგმა აზაგალი სასიკვდილოდ დაჭრა, მაგრამ ჯუჯამაც ის მუცელში დაჭრა. გლაურუნგი გადარჩა, მაგრამ საბრძოლო ველიდან გაიქცა და მასაც მორგოთის მრავალი მსახური გაჰყვა.

აზაგალი დაიღუპა და ბელეგოსტის ჯუჯებმა შეწყვიტეს ბრძოლა და მეთაურის ცხედარი სიმღერის თანხლებით შინ წააბრძანეს.

ბალინი იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

ბიფური იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

მომდინარეობდა კჰაზად-დუმის ჯუჯებისაგან და არა დურინის საგვარეულოდან. თორინმა ბიფური 2941 წელს ბეგ ენდში წაიყვანა, ბილბო ბეგინსთან. იგი იყო ერთ-ერთი ოთხი ჯუჯიდან, რომელიც ბილბო ბეგინსის კართან დაეცა. მანვე ითხოვა ჟოლოს ჯემი და ვაშლის ღვეზელი.

განსაკუთრებით მკაცრად ბიფური და ბომბური ებრძოდნენ ტროლებს, რომლებმაც ისინი დაიჭირეს მოგზაურობისას. ელფთა მეფისგან კასრებით გაქცევის შემდეგ ისინი ნაკლებად სველები იყვნენ, სხვებთან შედარებით. ხუთი ლაშქრის ბრძოლის შემდეგ იგი მარტოსულ მთაში დასახლდა და ცხოვრობდა იქ ბეჭდის ომის პერიოდშიც.

ბიფური, იგივე ბივური არის ერთ-ერთი ჯუჯა, ნახსენები ძველ ნორვეგიულ პოემაში „ვოლუსპა“.

ბოფური იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ. იგი იყო ბომბურის ძმა. ორივე კჰაზად-დუმიდან იყო, მაგრამ დურინის საგვარეულოდან არ მომდინარეობდა. მათი ბიძაშვილი იყო ბიფური.

ბოფურის მოსასხამი იყო ყვითელი ფერის. ჯუჯა უკრავდა კლარნეტზე.

მარტოსულ მთასთან ბოფური და ბომბური დატოვეს პონების სადარაჯოდ. მოგვიანებით, როდესაც დრაკონმა სმაუგმა დატოვა მთა, ისინი დროულად გადაარჩინეს.

ბეჭდის ომის პერიოდში ბოფური კვლავ ცოცხლობდა, მაგრამ მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Bofur (იგივე Bávor) ერთ-ერთი ჯუჯის სახელია ძველ პოემაში „ვოლუსპა“. ეს სიტყვა ნიშნავს „ბუზღუნას“.

ბომბური იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

მომდინარეობდა კჰაზად-დუმში დასახლებული ჯუჯებისგან, თუმცა - არა დურინის საგვარეულოდან. მისი ძმა ბოფური იყო, ხოლო ბიძაშვილი - ბიფური. თავად მქრქალი მწვანე ფერის ტანსაცმელი ემოსა და დოლზე უკრავდა.

ბომბური გამოირჩეოდა ფიზიკური მონაცემებით - იგი განსაკუთრებულად მსუქანი იყო და ეს მოგზაურობის დროსაც ხოლმე პრობლემებს ქმნიდა. მაგალითად, როდესაც ბილბომ ჯუჯებს გაუღო ბეგ ენდის კარი, ბობმური პირველი დაეცა შესასვლელში. ნისლიან მთებში მას ეზარებოდა, გარდა საკუთარი წონისა, ბილბოს ზიდვაც. სანამ განდალფი ბეორნის სახლში ნელ-ნელა შეიპატიჟებდა ჯუჯებს, ბომბურს ხუმრობით უთხრა, რომ იგი ორი ჯუჯის ტოლი იყო და სულ ბოლოს უნდა შემოსულიყო.

ბნელტევრში მდინარის გადალახვისას ჯუჯებმა დაინახეს ირემი. მათ სწრაფად მოიმარჯვეს იარაღი, მაგრამ ამასობაში ხელი ჰკრეს ბომბურს, რომელიც მდინარეში ჩავარდა და დაიძინა (მდინარე მოჯადოებული იყო). როდესაც გაიღვიძა, მას მხოლოდ ბეგ ენდის დროინდელი ამბები ახსოვდა, ამიტომ ყველაფერი თავიდან მოუყვეს.

როდესაც დიდმა ობობებმა შეიპყრეს ჯუჯები, თავდაპირველად მსუქანი ბომბურით წახემსებას აპირებდნენ. მას უშველა ბილბოს ნასროლმა ქვებმა და ჰობიტის ხმალმა, „ნესტარმა“.

როდესაც მარტოსულ მთას მიადგნენ, ბომბური არ აძვრა საიდუმლო კართან და პონებთან ერთად დარჩა მთის ძირში, სანამ იქიდან სმაუგი არ გამოძვრა. მაშინ ჯუჯა თოკით ასწიეს და დამალეს. როდესაც ბილბომ გადაწყვიტა მარტოსული მთიდან გაპარვა და ტყის ელფებთან, ისევე, როგორც ტბისპირა ქალაქის ხალხთან მოლაპარაკება, ბომბური ღამით გუშაგის სახით იდგა, მაგრამ ბილბოს სიამოვნებით გაუცვალა ადგილი, ვინაიდან ძილი ერეოდა.

ბომბური გადარჩა ხუთი ლაშქრის ომში და მარტოსულ მთაში დარჩა. როდესაც 3018 წელს გლოინი შეხვდა ფროდო ბეგინსს შუაველში, მისგან ცნობილი გახდა, რომ ბომბური ისე გასუქდა, რომ სიარულიც ვერ შეეძლო და მაგიდასთან ექვსი ღონიერი ჯუჯა თუ მიათრევდა.

ბომბურის სახელი ნახსენები ნორვეგიულ პოემა „ვოლუსპაში“. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „მსუქანი“, „კასრისებური“.

ბორინი იყო ჯუჯა დურინის საგვარეულოდან, მეფე ნაინ II-ის მეორე ძე.

იგი იყო ჯუჯა გიმლის დიდი-დიდი პაპა. დაიბადა მესამე ეპოქის 2450 წელს. უფროსი ძმა დაინ I იყო. ბორინის ძეს ფარინი ერქვა. ისინი რუხ მთებში ცხოვრობდნენ. მაგრამ 2589 წელს დაინ I მოკლა დრაკონმა და ჯუჯებმა დატოვეს ის ადგილები. ბორინი დაინის ძე თრორს მარტოსული მთისკენ გაჰყვა, სადაც მრავალი წლის მანძილზე იცხოვრა. გარდაიცვალა 2711 წელს.

გამილ ზირაკი

რედაქტირება

გამილ ზირაკი იყო მჭედელი ჯუჯა, ნოგროდელი ტელხარის ბატონი. გამილ ზირაკი თავადაც იყო ოსტატი. მის მიერ შექმნილი იყო მეფე თინგოლის მრავალი ძვირფასი ნივთი.

Gamil კჰუზდულზე ნიშნავს „მოხუცს“, Zirak - „ლურსმანს“.

გიმლი, გლოინის ძე, იყო ბეჭდის საძმოს წევრი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბეჭდის ომის მოვლენებში.

გლოინი, თორინის ძე

რედაქტირება

გლოინი, ძე თორინ I-სა, იყო დურინის ხალხის მეფე, მამის მემკვიდრე.

გლოინი, გროინის ძე

რედაქტირება

გლოინი, გროინის ძე იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

დაიბადა მესამე ეპოქის 2783 წელს. მისი უფროსი ძმა იყო ოინი. ორივე დურინის საგვარეულოდან მომდინარეობდა. 2799 წლის შემდეგ, როდესაც აზანულბიზართან ბრძოლა მოხდა, გლოინი ახლდა თრაინსა და თორინ მუხისფარს ლურჯ მთებში მოგზაურობისას. მისი შვილი გიმლი დაიბადა 2879 წელს.

2941 წელს გლოინმა, თორინის რაზმთან ერთად, მარტოსული მთა დალაშქრა. თავდაპირველად იგი ბილბო ბეგინსს არც თუ ენდობოდა და თვლიდა, რომ ჰობიტი უფრო მეტად ბაყალს ჰგავდა, ვიდრე ქურდს (რომელიც მათ ესაჭიროებოდათ). თუმცა, თანდათან იგი ბილბოსადმი დიდი პატივისცემით განეწყო.

ხუთი ლაშქრის ბრძოლის შემდეგ გლოინი დარჩა ლურჯ მთებში, სადაც მთის სამეფო ააღორძინა. 2989 წელს იგი გაჰყვა ჯუჯებს მორიაში. 3018 წელს იგი მოვიდა შუაველში თავის ძე გიმლისთან ერთად, რათა გაეფრთხილებინა ბილბო და სხვები, რომ მორიაში დიდი საშიშროება იმალება. გიმლი არჩეული იქნა ბეჭდის საძმოს წევრად.

გლოინი ჰქვია ნორვეგიული პოემის „ვოლუსპა“ ერთ-ერთ პერსონაჟ ჯუჯას. მისი სახელი ნიშნავს „მხურვალებას“.

გროინი იყო ფარინის ძე, გლოინის, გროინის ძის და ოინის მამა, ისევე, როგორც გიმლის პაპა.

გრორი იყო დაინ I-ის ყველაზე უმცროსი ძე, ფრორისა და თრორის ძმა, ნაინის მამა.

დაინ I იყო ნაინ II-ის ძე, დურინის ხალხის უკანასკნელი მეფე.

მისი ზეობისას მომრავლდნენ დრაკონები, რომლებიც ჯუჯებს ესხმოდნენ. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მოკლა დაინი. მის შემდეგ მეფობა უფროს ძე თრორს გადაეცა.

დაინ II რკინისტერფი იყო გრორის შთამომავალი და რკინის გორების ჯუჯების ბელადი.

დისი იყო ქალი-ჯუჯა, თრაინ II-ის ასული, თორინ მუხისფარის და, ფილისა და კილის დედა. იგი არის მატიანეში ნახსენები ერთადერთი ქალი-ჯუჯა.

დაიბადა 2760 წელს და მომდინარეობდა დურინის საგვარეულოდან. იგი იყო მეფე თრაინ II-ის ასული და თორინისა და ფრერინის და. ისევე, როგორც მისი ძმები, დაიბადა მარტოსულ მთაში დამესამე ეპოქის 2770 წელს სმაუგის გამოჩენისას გაძევებული იქნა. იგი იყო ფილისა და კილის დედაც.

ქალი-ჯუჯები ვინმეს იშვიათად თუ უნახავს. თუკი ვინმე იხილავდა, ხშირად კაცი-ჯუჯა ეგონებოდა, ვინაიდან ქალი ჯუჯებიც წვერს ატარებდნენ.

დორი იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

ცამეტ ჯუჯას შორის დორი ყველაზე მეტად გამოირჩეოდა კერძებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. იგი იყო საკმაოდ თავაზიანიც - როდესაც ჯუჯები გაექცნენ ორკებს ნისლიან მთებში, დორიმ ბილბოს ნება დართო, ამძვრალიყო მის ზურგზე და ასე ატარა გვირაბებში. მოგვიანებით დორი დაიჭირა ორკმა, ხოლო ბილბო ჩამოვარდა და გონება დაკარგა. ასე ბეგინსი დაიკარგა გამოქვაბულებში და შეხვდა გოლუმს.

როდესაც მოგზაურებს თავს დაესხნენ ვარგები, ჯუჯები და განდალფი აძვრდნენ ხეებზე, მაგრამ ბილბო ვერ სწვდებოდა ტოტებს. მაშინ დორიმ კიდევ ერთხელ გასწირა თავი და ზურგით დაეხმარა ხეზე აძრომაში. ერთ-ერთმა ვარგმა მოასწრო მის მოსასხამზე ჩაბღაუჭება, მაგრამ ჯუჯა გადარჩა. მოგვიანებით დასახმარებლად არწივები მოფრინდნენ და ბილბო ფრენისას ჩაებღაუჭა დორის ფეხებს.

დორი გადარჩა ხუთი ლაშქრის ბრძოლაში. ბეჭდის ომის პერიოდში იგი კვლავ ცხოვრობდა მარტოსული მთის სამეფოში.

დორი ერქვა ერთ-ერთ ჯუჯას ნორვეგიული პოემიდან „Voluspa“. სიტყვა Dori ნიშნავს „მბურღველს“.

დურინ უკვდავი

რედაქტირება

მეფე დურინ I, ცნობილი, როგორც უკვდავი დურინი იყო ერთ-ერთი ჯუჯების უხუცესი მამებიდან. იგი იყო კჰაზად-დუმის დამაარსებელი. აგრეთვე იყო გრძელწვერების პირველი მეფე.

დურინ II იყო კჰაზად-დუმის ჯუჯების მეფე.

დურინ III იყო შვიდი ბეჭდიდან ერთ-ერთის მზიდველი.

დურინ IV იყო კჰაზად-დუმის ჯუჯების მეფე.

დურინ V იყო კჰაზად-დუმის ჯუჯების მეფე.

დურინ VI იყო ჯუჯების მეფე კჰაზად-დუმში, როდესაც იქ ბალროგმა გაიღვიძა და ჯუჯები მოკლა.

დურინ VII უკანასკნელი

რედაქტირება

დურინ VII იყო თორინ III ქვისმუზარადი დურინის საგვარეულოდან, ერებორის და რკინის გორის ჯუჯების მბრძანებელი.

დვალინი — ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

დვალინი იყო ფუნდინის ძე, დაბადებული მესამე ეპოქის 2772 წელს. მისი უფროსი ძმა ბალინი იყო. ორივე მომდინარეობდა დურინის საგვარეულოდან. დვალინი გამოირჩეოდა ლურჯი ფერის წვერით, ნათელი ფერის თვალებით და მწვანე მოსასხამით. უკრავდა ალტზე.

2841 წელს თორინ მუხისფარის მამა თრაინი ცდილობდა სმაუგის მიერ მითვისებულ ჯუჯათა განძის დაბრუნებას. დვალინი და ბალინი მას ახლდნენ. 2845 წელს, ბნელტევრში ყოფნისას, თრაინი დაიჭირეს და დოლ გულდურში გამოამწყვდიეს. ბალინი და დვალინი მის დაკარგვას მწარედ დასტიროდნენ.

2941 წელს თორინ მუხისფარმა გადაწყვიტა, კვლავ დაელაშქრა მარტოსული მთა. ამ მიზნით და ჯადოსან განდალფის მითითებით, 2941 წელს ჯუჯები ეწვივნენ ბილბო ბეგინსს, რომელსაც განდალფი ქურდს უწოდებდა.

მას შემდეგ, რაც ბილბომ ჯუჯები ბნელტევრის ობობებისგან გადაარჩინა, დვალინი იყო პირველი, რომელმაც თორინის გაუჩინარება შეამჩნია. ამასთან, იგი ყველაზე მეტად დაშავდა ტბისპირა ქალაქ ესგაროთისკენ კასრებით მოგზაურობისას. მარტოსულ მთასთან მან გამოიჩინა მოუთმენლობა ქურდის მიმართ.

ხუთი ლაშქრის ბრძოლის შემდეგ მარტოსული მთის სამეფო აღდგა. 2989 წელს ბალინმა გადაწყვიტა მორიაში გამგზავრება, მაგრამ დვალინი მარტოსულ მთაში დარჩა. ბეჭდის ომის პერიოდში იგი კვლავ ცოცხლობდა.

საგულისხმოა, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ დანართ A-ში მითითებულია, რომ დვალინი 3112 წელს გარდაიცვალა. ეს იწვევ კამათს. პირველ რიგში, 3112 წელი არ არსებობდა, ვინაიდან მესამე ეპოქა დასრულდა 3021 წელს (ეს თარიღი შეესაბამებოდა მეოთხე ეპოქის 91 წელს). მეორე მიზეზია ის, რომ გარდაცვალების პერიოდში, ასეთ შემთხვევაში, დვალინის ასაკი 340 წელი იქნებოდა - რაც ჯუჯებს არ ახასიათებდა. გენეალოგიური ცხრილის ერთ-ერთი შავი ვერსიით, გარდაცვალების მომენტისთვის დვალინი 251 წლის იყო, ანუ იგი გარდაიცვალა დაახლოებით მეოთხე ეპოქის 2 წელს.

დვალინი (Dwalin, იგივე Dvalin) არის ერთ-ერთი ჯუჯის სახელი ნორვეგიულ პოემაში „ვოლუსპა“. ეს სახელი ნიშნავს „უქნარას“.

თორინ I იყო თრაინ I-ის ძე და მისივე მემკვიდრე.

თორინ II მუხისფარი

რედაქტირება

თორინ II მუხისფარი იყო დურინის საგვარეულოს ჯუჯა, რომელმაც დალაშქრა დაკარგული სამეფო, მარტოსული მთა. ხუთი ლაშქრის ბრძოლაში იგი გმირულად დაიღუპა.

თორინ III ქვისმუზარადი

რედაქტირება

თორინ III ქვისმუზარადი იყო დაინ II რკინისტერფის ძე და მემკვიდრე, ერებორის და რკინის გორების ჯუჯების მბრძანებელი.

თრაინ I იყო ნაინ I-ის ძე.

თრაინ II იყო თორინ მუხისფარის მამა, თრორის ძე.

თრორი (III ეპოქის 2542 წელს − 2790) იყო დურინის მოდგმის მეფე, დაინ I-ის ძე, თრაინ II-ის მამა და ფრორისა და გრორის ძმა.

ერებორში აღადგინა მთისქვეშეთის სამეფო. მისი მმართველობისას ეს ადგილი და ქალაქ ველის მიდამოები მეტად აყვავებული იყო. თუმცა, მათი ბედნიერების შესახებ შეიტყო დრაკონმა სმაუგმა, რომელიც ერებორსა და ველს მესამე ეპოქის 2770 წელს თავს დაესხა და გაანადგურა ისინი. ჯუჯებმა მარტოსული მთა დატოვეს და მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. მათი დიდი ნაწილი დაიღუპა დრაკონთან ბრძოლაში. თუმცა, თრორი, მისი ძე თრაინი და შვილიშვილი თორინ მუხისფარი გადარჩნენ.

წლების შემდეგ თრორმა სცადა მორიაში სამეფოს შექმნა. მიუხედავად მისი მცდელობებისა, მესამე ეპოქის 2790 წელს მოხდა დიდი ბრძოლა გობლინებთან ნდა თრორი მოკლა აზოგმა. პასუხად ამაზე, აზანულბიზართან ბრძოლაში, მესამე ეპოქის 2799 წელს ჯუჯა დაინ II-მ აზოგი განგმირა.

იბუნი იყო მიმის ძე.

კილი იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

დაიბადა ლურჯ მთებში, მესამე ეპოქის 2864 წელს. მომდინარეობდა დურინის საგვარეულოდან. მისი დედა იყო დისი, თორინ მუხისფარის და. მას ასევე ჰყავდა უფროსი ძმა ფილი. კილის ჰქონდა ლურჯი ფერის მოსასხამი. იგი უკრავდა ვიოლინოზე.

მესამე ეპოქის 2941 წელს კილი ახლდა თორინ მუხისფარს ერებორის (მარტოსული მთის) დალაშქვრისას. მას მეტად კარგი მხედველობა ჰქონდა და დაინახა გამოქვაბული, რომელშიც მგზავრები დაიმალნენ. ეს რომ არა, ბილბო ბეგინსი ალბათ, არ დაიკარგებოდა და არ იპოვიდა გოლუმის ბეჭედს.

რომანში „ჰობიტი“ თორინი აღნიშნავს, რომ ფილი ჯუჯებს შორის ყველაზე უმცროსია, მაგრამ „ბეჭდების მბრძანებლის“ დანართის მიხედვით, იგი უფრო უფროსია, ვიდრე კილი.

კილი აგრეთვე ჰქვია ერთ-ერთ ჯუჯას ძველ ნორვეგიულ პოემაში „ვოლუსპა“. მისი სახელი ნიშნავს „სოლს“.

ლონი იყო ერთ-ერთი ჯუჯა, რომელიც შევიდა მორიაში ბალინთან ერთად.

მიმი — ერთ-ერთი უკანასკნელი ქონდრისკაცი, რომელიც ცხოვრობდა შვილებთან, იბუნთან და ხიმთან ერთად.

მიმი და მისი ორი შვილი ცხოვრობდნენ ბელერიანდის მიწაზე, სადაც მას საიდუმლო სამალავი გააჩნია. ტურინ ტურამბარის შესახებ ისტორიებში მიმის შვილებს კლავემ, ხოლო თავად მიმი, მცირე დროის შემდეგ ღალატობს ტურინს და მის მეგობრებს. სიუჟეტის მიხედვით, მას კლავს ჰურინი, ტურინის მამა, დაბრუნებული მორგოთის ტყვეობიდან.

„სილმარილიონის“ თხრობისას მიმი თითქმის არ ჩანს. მისი როლი უფრო კარგად არის წარმოჩენილი ჰურინის შვილების ამბავში. ჯ.რ.რ. ტოლკინის თავდაპირველი ჩანაფიქრით, იგი იყო მთლიანად ბოროტი არსება, მაგრამ გვიანდელ ხელნაწერებში იგი უკვე ტრაგიკულ გმირადაც არის წარმოდგენილი.

ნაინ I იყო დურინ VI-ის ძე, მამის მემკვიდრე კჰაზად-დუმში.

ნაინ II დურინის ხალხის მეფე, ოინის ძე.

ნაინი, ძე გრორისა

რედაქტირება

ნაინი, ძე გრორისა მოკლული იქნა ნანდუჰირიონის ბრძოლისას, როდესაც მას კისერი მოსტეხა აზოგმა, ორკთა ბელადმა.

ნალი იყო ერთ-ერთი მორიაში ბალინთან ერთად შესული ჯუჯებიდან.

ნარი თან ახლდა მეფე თრორს, როდესაც უკანასკნელმა სცადა მორიის დაბრუნება.

ნარვი იყო ჯუჯა მორიიდან, რომელმაც მეორე ეპოქაში კარიბჭე ააგო. მისი სახელი კელებრიმბორმა დაწერა სინდარულ ენაზე კარზე დაწერა.

ნორი იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

მომდინარეობდა დურინის საგვარეულოდან. რომანის „ჰობიტი“ მიხედვით, ეცვა მუქი წითელი ფერის სამოსი. იგი ფლეიტაზე უკრავდა. უყვარდა ტრადიციული და მსუყე საკვები.

ნორი იყო ერთ-ერთი იმ ჯუჯებიდან, რომლებიც თორინმა აირჩია ერებორში მოგზაურობისას, მესამე ეპოქის 2941 წელს. როდესაც რაზმი იძულებული გახდა, თავს ხეებზე აძრომით ეშველა, სწორედ ნორიმ შეამჩნია, რომ ბილბო დარჩათ.

ნორი გადაურჩა ხუთი ლაშქრის ბრძოლას და მარტოსული მთის სამეფოში დასახლდა. ბეჭდის ომის დროს იგი კვლავ ცოცხლობდა და მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.

ნორი ჰქვია ძველი ნორვეგიული პოემის „ვოლუსპა“ ერთ-ერთ ჯუჯას. სახელი ნიშნავს „დიდ ნატეხს“.

ოინი, გლოინის ძე

რედაქტირება

ოინი იყო გლოინის ძე. იგი მეფობდა მესამე ეპოქის 2385 - 2488 წლებში.

ოინი, გროინის ძე

რედაქტირება

ოინი, გროინის ძე იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

დაიბადა მესამე ეპოქის 2774 წელს. იყო გროინის ძე და გლოინის უფროსი ძმა. ორივე დურინის საგვარეულოდან მომდინარეობდა.

მესამე ეპოქის 2989 წელს იგი თან ახლდა ბალინს, როდესაც ჯუჯებმა მორია დალაშქრეს. მესამე ეპოქის 2994 წელს მოკლული იქნა წყლის გუშაგის მიერ, მორიის დასავლეთ კართან. ამის შესახებ აღნიშნული იყო მაზარბულის წიგნში, რომელიც საძმომ მესამე ეპოქის 3019 წელს იპოვა.

ოინი ჰქვია ერთ-ერთ ჯუჯას ეპოსში „უმცროსი ედა“. სახელის სავარაუდო მნიშვნელობაა „მორცხვი“.

ორი იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

მომდინარეობდა დურინის საგვარეულოდან. ეცვა რუხი მოსასხამი და ჰქონდა ფლეიტა. კარგად კითხულობდა და წერდა, ათვისებული ჰქონდა ელფთა დამწერლობა.

სმაუგის განადგურების შემდეგ ერებორში დასახლდა. 2989 წელს ორი თან ახლდა ბალინს მორიისკენ მოგზაურობისას. იგი იყო უკანასკნელი, რომელმაც მაზარბულის წიგნში ჩანაწერი დატოვა. აქ იყო საუბარი ბალინის დაღუპვასა და ოინის მოკვლაზე წყლის გუშაგის მიერ. ორის უკანასკნელი სიტყვები იყო - „ვერ გავაღწევთ. აღსასრული მოსულა...დოლის, დოლის ხმები შორს...ისინი მოდიან“.

ორი აგრეთვე ჰქვია ერთ-ერთ ჯუჯას ძველ ნორვეგიულ პოემაში „ვოლუსპა“. მისი სახელი ნიშნავს „მბოდველს“.

ტელხარი იყო ნოგროდელი ჯუჯა ლურჯი მთებიდან, ერთ-ერთი უდიდესი მჭედელი.

მისი მასწავლებელი იყო გამილ ზირაკი, კიდევ ერთი დიდი მჭედელი. მან ბევრი ძვირფასი ნივთი შექმნა, მათ შორის - ანგრისტი (ბერენის დანა), ნარსილი და დორ-ლომინის დრაკონის მუზარადი.

არ არის ცნობილი, არის თუ არა Telchar სინდარული ან ქუზდულური წარმოშობის. ვინაიდან ch კჰუზდულში არ გამოიყენება, ეს ფორმა უფრო სინდარულია.

ფარინი იყო ბორინის ძე და ფუნდინისა და გროინის პაპა.

ფილი იყო ერთ-ერთი იმ თორმეტი ჯუჯიდან, რომლებიც თორინ მუხისფარს მარტოსული მთისკენ გაყვნენ.

მომდინარეობდა დურინის საგვარეულოდან. მისი დედა იყო დისი, თორინ მუხისფარის და. მას ასევე ჰყავდა უმცროსი ძმა კილი. ფილის ჰქონდა ყვითელი ფერის მოსასხამი. იგი უკრავდა ვიოლინოზე.

ფილი და მისი ძმა ლურჯ მთებში დაიბადნენ, სადაც 2941 წლამდე ცხოვრობდნენ. 2941 წელს ფილი ახლდა თორინ მუხისფარს ერებორის (მარტოსული მთის) მისიისას.

ფილი და მისი ძმა გმირულად დაიღუპნენ ხუთი ლაშქრის ბრძოლისას, თორინ მუხისფართან ერთად.

რომანში „ჰობიტი“ თორინი აღნიშნავს, რომ ფილი ჯუჯებს შორის ყველაზე უმცროსია, მაგრამ „ბეჭდების მბრძანებლის“ დანართის მიხედვით, იგი უფრო უფროსია, ვიდრე კილი.

ფლოი თან ახლდა ბალინს მორიაში მოგზაურობისას. მოკლული იქნა 2989 წელს ორკი მშვილდოსანის მიერ.

ფრარი იყო ერთ-ერთი ჯუჯა, რომელიც შევიდა მორიაში ბალინთან ერთად. მისი აღსასრული აღწერილია მაზარბულის წიგნში.

ფრერინი იყო თრაინ II-ის მეორე ძე, თორინ მუხისფარის უმცროსი ძმა.

ფრორი იყო დურინის მოდგმის ჯუჯა, მოკლული მამასთან, დაინ I-სთან ერთად დრაკონის მიერ, რუხ მთებში.

ფუნდინი იყო ფარინის ძე, გროინის ძმა და ბალინისა და დვალინის მამა.

ხიმი იყო მიმის ძე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება