გალისიური ენა (თვითსახელწოდება — galego) — გალისიელების ენა. გალისიის ავტონომიური ოლქის (ესპანეთი) ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გავრცელებულია აგრეთვე ასტურიის ავტონომიური ოლქის, ლეონისა და სამორის პროვინციების გალისიასთან მოსაზღვრე რაიონებში. შემორჩენილია გალისიელ ემიგრანტთა შორის, რომლებიც ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში, ლათინურ ამერიკაში (კუბა, არგენტინა, ურუგვაი, ბრაზილია) და აშშ-ში ცხოვრობენ. XXI საუკუნის დასაწყისისათვის, სავარაუდოდ, არაუმეტეს 4 მილიონი ადამიანი საუბრობდა გალისიურ ენაზე, მათგან 3 მილიონი ესპანეთის მცხოვრებია. ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, რადგან გალისიელთა მეტყველებაში შეინიშნება ესპანური და გალისიური ენათა სისტემების ინტერფერენცია (ყველა გალისიელი ფლობს ესპანურს), გაჩნდა შერეული სამეტყველო ფორმები.[1]

გალიციური
galego
გავრცელებულია ესპანეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 3-4 მილიონი
ოფიციალური სტატუსი გალისია, ესპანეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი:
იტალიკური
რომანული
იბერიულ-რომანული
გალაიკურ-პორტუგალიური
გალისიური
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO 639-1: gl ISO 639-2: glg ISO/FDIS 639-3: glg

გალისიური ენა განეკუთვნება რომანული ენების იბერიულ-რომანული ჯგუფის დასავლურ ქვეჯგუფს. დიალექტური განსხვავებები სუსტადაა გამოხატული, ძირითადად ფონეტიკური ხასიათისაა; გამოიყოფა 3 დიალექტური ბლოკი — დასავლური, ცენტრალური და აღმოსავლური.[1]

ფონეტიკის მხრივ გალისიური ენა ესპანურს ჰგავს (არ არსებობს პორტუგალიურისათვის დამახასიათებელი ფონემები /z/ და /ʒ/ და ცხვირისმიერი ხმოვნები; არსებობს ფონემები /tʃ/ და /ө/, არ განსხვავდება /b/ და /v/). გრამატიკული სტრუქტურა ახლოსაა პორტუგალიურთან. გალისიური ენის ლიტერატურაში არ არსებობს ზმნების ანალიტიკური ფორმები, მაგრამ აქვს დიდი რაოდენობით პერიფრაზები ზმნების მოდალური და ასპექტურ-დროული მნიშვნელობების გამოსასახად.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Нарумов Б. П. ГАЛИСИЙСКИЙ ЯЗЫК // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 313–314.