გაეროს მისია საქართველოში
გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში (ინგლ. United Nations Observer Mission in Georgia, UNOMIG) გამოცხადდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1993 წლის აგვისტოში საქართველოსა და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებს შორის ზავის , ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე დსთ-ს სამშვიდობო ძალების მინიტორინგისათვის. მისიას აქვს ოფისები თბილისსა და სოხუმში.
შემადგენლობა
რედაქტირებამისია უშუალოდ გაეროს გენერალურ მდივანს ემორჩილება. მას ხელმძღვანელობს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, ბელგიელი იოჰან ვერბეკე, რომელმაც ფრანგი დიპლომატი ჟან არნო შეცვალა. 2009 წლის თებერვლის მონაცემებით, მისია შედგება 146 მოსამსახურისგან, მათ შორის 134 სამხედრო დამკვირვებელი და 12 პოლიციელი. გარდა ამისა, მისიას ემსახურება 100 საერთაშორისო და 182 ადგილობრივი სამოქალაქო პირი, ასევე 1 მოხალისე. მისიაში წარმოდგენილია 26 ქვეყანა. პირველ ადგილზეა გერმანია და პაკისტანი (12 შტატი), შემდეგ იორდანია, სამხრეთ კორეა და შვეიცარია (8 შტატი). სამხედრო მეთაურია გენერალ-მაიორი ანწარ ჰუსეინი (ბანგლადეში).
ამოცანები
რედაქტირებაგაეროს მისიის ძირითადი ამოცანაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლი. ჯავშანტრანსპორტიორებით ხდება ყოველდღიური პატრულირება დემილიტარიზებულ ზონაში. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები შეისწავლება ორივე მხარის შესაბამისი სურვილის შემთხვევაში. გაეროს მისია აკვირდება ასევე მოვლენებს ენგურის, გალის, ზუგდიდისა და კოდორის ხეობის მიდამოებში. გაეროს მისიის ფუნქციაში შედის დევნილებისათვის აფხაზეთში დაბრუნების ხელშეწყობა.
გაეროს მისიას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი აფხაზეთში, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს. ოფისი თანამშრომლობს ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისართან.
გარდა ამისა, მისია ხელს უწყობს კონფლიქტის ზონაში ინფრასტრუქტურის აღდგენას. ჯამში განხორციელებულია ქუჩებისა და ხიდების აღდგენის 31 პროექტი.
სამართლებრივი საფუძველი
რედაქტირებამისიის მუშაობის თავდაპირველი სამართლებრივი საფუძველი იყო 1993 წლის 24 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული N858 რეზოლუცია. ამ რეზოლუციამ მისიას მისცა მოქმედებათა 6 თვიანი მანდატი. 88 კაცისგან შემდგარ მისიას ევალებოდა თვალყური ედევნებინა იმავე წლის 27 ივლისს გაფორმებული ზავის ხელშეკრულების შესრულებისთვის. რამდენიმე კვირაში აფხაზური მხარის მიერ შეთანხმების დარღვევისა და კონფლიქტის გამწვავების შემდგომ გაერომ 4 ნოემბერს 881-ე რეზოლუციით შეამცირა მისიის მოცულობა, 1994 წლის 31 იანვარს კი შეწყვიტა მისი მოქმედება, სანამ სამშვიდობო პროცესში რეალური პროგრესი არ გამოჩნდებოდა. იმავე წლის 22 დეკემბერს გაერომ კვლავ გაზარდა მისიის კონტინგენტი, ხოლო მანდატი 2004 წლამდე გაუგრძელა.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაეროს მისიის მანდატი გაფარდოვა, მას მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილებები ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში. გაეროს მისიის მანდატი გაგრძელდა 2009 წლის 15 თებერვლამდე, ხოლო შემდეგ 15 ივნისამდე. 2009 წლის 15 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას.