ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი

ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთში, გაგრის ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე. დაარსდა 1926 წელს, საერთო ფართობია 164,7 ჰა. ტყით დაფარულია 123 ჰა, რომლის უმეტესი ნაწილი (69,7) რელიქტურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია; გარდა ფიჭვისა გვხვდება ქართული მუხა, წაბლი, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა, ცაცხვი, იფანი, კოლხური ბზა და სხვა. ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს სახეობა მესამეულ პერიოდს განეკუთვნება და ყირიმკავკასიური ფლორის უკანასკნელ ნაშთად ითვლება.

ნაკრძალის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ბიჭვინთის ფიჭვის გავრცელება მკვეთრად მცირდება და იცვლება ბზის დაჯგუფებით (ცალკეული ეგზემპლარის სიმაღლე 10 მ აღწევს). ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალში გვხვდება კოლხური ხოხობი, გარეული ღორი, შველი, კავკასიური და ტელეუტური ციყვი, კვერნა და სხვა. ნაკრძალში ტარდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ფიჭვის დაცვისა და მომრავლების მიზნით.

ლიტერატურა

რედაქტირება