ანდრია ბიწაძე

ქართველი მათემატიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ბიწაძე, ანდრია)

ანდრია ვასილის ძე ბიწაძე (დ. 22 მაისი [ძვ. სტ. 9 მაისი], 1916, სოფელი ცხრუკვეთი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი ― გ. 6 აპრილი, 1994, მოსკოვი) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).

ანდრია ბიწაძე
დაბ. თარიღი 9 (22) მაისი, 1916[1]
დაბ. ადგილი ცხრუკვეთი, შორაპნის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 6 აპრილი, 1994(1994-04-06) (77 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია დონის სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1940–1948 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში და თბილისის უნივერსიტეტში, 1948–1959 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1959–1971 წლებში — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების მათემატიკის ინსტიტუტში და ნოვოროსიბირსკის უნივერსიტეტში.

1971 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად და მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტში კათედრის გამგედ. მისი ძირითადი შრომები ეხება ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, შერეული ტიპის განტოლებათა თეორიას, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას და ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მათემატიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ა. ბიწაძის სახელს ატარებს ახალი ბუნების რამდენიმე განტოლება, ამოცანა და ფორმულა, რომლებიც პირველად მისი კვლევის საგანს შეადგენდა.

ანდრია ბიწაძე მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის, მოსკოვის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში, ამავე ქალაქების მათემატიკის ინსტიტუტში.

 
ანდრია ბიწაძის საფლავი

არის 150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. სხვადასხვა დროს ხანგრძლივი ვადით იყო მიწვეული ლექციების და მოხსენებების წასაკითხად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში: გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1982), შრომის წითელი დროშის ორდენის ორგზის კავალერი (1966, 1975), დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1971). ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1986) და მედლებით. იყო ჭიათურის საპატიო მოქალაქე. გარდაიცვალა მოსკოვში 1994 წელს, დაკრძალულია დონის მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 422.
  • ებანოიძე თ., წერილები ქართველ მათემატიკოსებზე, თბ., 1981;
  • Андрей Васильевич Бицадзе (к 70-летию со дня рождения). «Дифферециальныеуравнения», 1986, т. 22, № 12;
  • Андрей Васильевич Бицадзе (к 70-летию со дня рождения). «Успехи математических на», 1986, т. 42, в. 3 (255);
  • Канторович Л. В., Андрей Васильевич Бицадзе (к 50-летию со дня рождения). «Сибирский математический журнал», 1966, т. 7, № 4;