ბიანკა მონფერატელი

ბიანკა მონფერატელი (იტალ. Bianca di Monferrato; დ. 1472 — გ. 30 მარტი, 1519) — მონფერატოს მარკიზის ასული. სავოიის ჰერცოგინია, კვიპროსის, სომხეთისა და იერუსალიმის ტიტულარული დედოფალი 1485-1490 წლებში როგორც კარლო I-ის მეუღლე. ჰერცოგ კარლო II-ის დედა და მისი რეგენტი 1490-1496 წლებში.

ბიანკა მონფერატელი

ბიანკა (მარცხნივ) და მისი და, პრინცესა ჯოვანა (მარჯვნივ)
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1485
მმართ. დასასრული: 13 მარტი, 1490
წინამორბედი: ბიანკა მარია სფორცა
მემკვიდრე: კლაუდინა დე ბროსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1472
გარდ. თარიღი: 30 მარტი, 1519, (46-47 წლის)
მეუღლე: კარლო I, სავოიის ჰერცოგი
შვილები: იოლანდა ლუიზა, სავოიის ჰერცოგინია
კარლო II, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: პალეოლოგოსები
მამა: გულიელმო VIII, მონფერატოს მარკიზი
დედა: ელიზაბეტა სფორცა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბიანკა დაიბადა 1472 წელს. იგი იყო მონფერატოს მარკიზ გულიელმო VIII-ისა და მისი მეორე ცოლის, ელიზაბეტა სფორცას უფროსი ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და, ჯოვანა ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ დედამისი იყო მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I სფორცასა და ბიანკა მარია ვისკონტის ქალიშვილი, ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი. მეორე ქალიშვილის გაჩენიდან მალევე, 17 წლის ელიზაბეტა გარდაიცვალა, რა დროსაც ბიანკა ჯერ ერთი წლისაც არ იყო. ამის გამო მარკიზი გულიელმო მესამედ დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან ბერნარდა დე ბროსზე.

1485 წლის 1 აპრილს ბიანკა მიათხოვეს სავოიის ჰერცოგ კარლო I-ს, რომელთანაც ხუთწლიანი ქორწინებიდან ხუთი შვილი შეეძინა:

  1. მკვდარშობილი ვაჟი (1486);
  2. იოლანდა ლუიზა (1487-1499), ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ ფილიბერტო II-ს, თუმცა უშვილოდ გარდაიცვალა;
  3. მკვდარშობილი ვაჟი (1488);
  4. კარლო II (1489-1496), სავოიის ჰერცოგი 1490-96 წლებში.
  5. მკვდარშობილი გოგონა (1490);

1490 წლის 13 მარტს ბიანკას მეუღლე, ჰერცოგი კარლო I გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტი მათმა ჩვილმა ვაჟმა, კარლო II-მ დაიკავა, რომლის რეგენტიც თავად ბიანკა გახდა. იგი სავოიას ამ სტატუსით ექვსი წლის მანძილზე, ანუ თავისი ვაჟის გარდაცვალებამდე მართავდა. მას შემდეგ, რაც კარლო II ექვსი წლის ასაკში გარდაიცვალა, ტახტი ბიანკას ქმრის ბიძამ, ფილიპო II-მ დაიკავა. იგი სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა ვაჟმა, ფილიბერტო II-მ დაიკავა, რომელმაც ცოლად ბიანკას ქალიშვილი, იოლანდა ლუიზა შეირთო, რომელიც ამ ამბიდან ორ წელიწადში, 12 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავისი დარჩენილი ცხოვრება ბიანკამ ჩრდილში, ტურინის სამეფო კარზე გაატარა. 1518 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მალევე მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც 1519 წლის 30 მარტს გარდაიცვალა. მისივე ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს კარინიანოში, წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Antoine-Augustin Bruzen de La Martinière, Le grand dictionnaire géographique et critique, t. 2, Gosse, 1730, 878 p.
  • Claudius Blanchard, Histoire de l'abbaye d'Hautecombe en Savoie : avec pièces justificatives inédites, Chambéry, Puthod, 1875, 741 p.
  • François Mugnier, La vie et les poésies de Jean de Boyssonné, Honoré Champion, 1897, 508 p., p. 38.
  • Octave Morel, « Les États-Généraux de Savoie sous les régences des duchesses Yolande de France (1468) et Blanche de Montferrat (1490) », Bibliothèque de l'école des chartes, vol. 94,‎ 1933, p. 58-73