ბეწენწურების ღვთისმშობლის ეკლესია

ბეწენწურების ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეწენწურების განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება XIII-XlV საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (9 x 6,2 მეტრი), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. კედლები შიგნით და გარედან მოპირკეთებულია შირიმის სუფთად გათლილი ფილებით. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, რის გამოც წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამონგრეული კამარა და კონქი. ჩამოშლილია საპირე ქვებისა და ლავგარდნის დიდი ნაწილი. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარედან შირიმის მოზრდილი ქვით თარაზულადაა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზის გრძივ კედლებს მხრების გარეშე შეერთვის. აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს — თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე. ქვიშაქვით ნაწყობი ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. გრძივ კედლებზე გამოყოფილია თითო ერთსაფეხურიანი პილასტრი, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. მოგვიანებით კამარისა და კონქის დანგრეული ნაწილები რიყის ქვით აღუდგენიათ. ამავე პერიოდს მიეკუთვნება აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი შირიმის პროფილირებული ლავგარდნის (თარო, შეზნექილი ზედაპირი და ლილვი) ნაწილი, რომელიც თავდაპირველ, მსგავსი პროფილის ქვიშაქვის ლავგარდანზეა დაშენებული. ფასადები სადაა. ეკლესიის ორივე შესასვლელი ორი სადა ლილვისგან შედგენილ თაღოვან ჩარჩოშია მოქცეული, არქიტრავზე კი თითო ტოლმკლავა რელიეფური ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთ ფასადის სამხრეთ ნახევრის ქვედა ნაწილში, წყობის ერთ-ერთ მოზრდილ ქვაზე, გამოკვეთილია ადამიანის სტილიზებური რელიეფური გამოსახულება. ეკლესიის მცირეფართობიანი ეზო შემოზღუდული ყოფილა მრუდხაზოვანი გალავნით, რომლისგანაც ამჟამად მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ეკლესიასთან ახლოს, ეზოს დასავლეთ ნაწილში, კამარაჩაქცეული აკლდამაა.

ლიტერატურა რედაქტირება