ბედიის საეპისკოპოსო
ბედიის საეპისკოპოსო — ეპარქია შუა საუკუნეების საქართველოში. დააარსა XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III-მ გუდაყვის საეპისკოპოსოს ნაცვლად. საქართველოს ერთიანობის (XI-XV სს.) ხანაში ბედიის ეპისკოპოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა, ხოლო საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ - აფხაზეთის ანუ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსს.
ისტორია
რედაქტირებაოდიშის სამთავროს შექმნის (XVI საუკუნე) შემდეგ ბედიის ეპისკოპოსებს ჩვეულებრივ ოდიშის მთავრები ნიშნავდნენ და აფხაზეთის კათალიკოსს ამტკიცებინებდნენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში ბედიის საეპისკოპოსო დაახლოებით მდინარეებს მოქვსა და ოქუმს შორის მოქცეულ ტერიტორიას მოიცავდა. თავდაპირველად ბედიის ეპისკოპოსები მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ; XVIII საუკუნეში ისინი თავს მიტროპოლიტ-მთავარეპისკოპოსს უწოდებენ. დღეისათვის ცნობილი პირველი ბედიელია მთავარეპისკოპოსი გიორგი, რომელიც იხსენიება ილორის წმ. გიორგის ტაძრის XI საუკუნის I მეოთხედის წარწერაში. შემდეგი ბედიელია მთავარეპისკოპოსი სოფრონი (სანივაჯის ძე), რომელიც იხსენიება კაბერის ტაძრის წარწერაში. ფოთოლეთის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერაში იხსენიება XI საუკუნეში მოღვაწე მთავარეპისკოპოსი დამიანე ბედიელი. შემდეგი ბედიელია მთავარეპისკოპოსი და სვინგელოზი იოანე, XI საუკუნის II ნახევრის მოღვაწე, რომელიც შედიოდა იმ დელეგაციაში, რომელიც ბიზანტიაში ახლდა ბაგრატ IV-ის (1027-1072) ასულს მართას 1065 წელს. იგი იხსენიება გიორგი ხუცესმონაზონის თხზულებაში „ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა“. დავით აღმაშენებლის ანდერძში მღვიმისადმი იხსენიება სვიმონ ბედიელ-ალავერდელი და მწიგნობართუხუცესი სვიმეონი (გულაბერისძე), რომელმაც შემდეგ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობა მიიღო; იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენიებულნი არიან მიქაელი (გონგლიბაისძე), ნიკოლოზი (გონგლიბაისძე), სოფრონი (გონგლიბაისძე), რომლებიც XIII-XV საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. ნიკოლოზ და სოფრომ ბედიელები მოხსენიებული არიან ბედიის ტაძრის სამრეკლოს წარწერაში, რომელიც XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. მთავარეპისკოპოსი ლაზარე იხსენიება სინას მთის სადღესასწაულოს მინაწერში (XIV ს.), მარკოზ ბედიელი - ჯვრის მონასტრის აღაპებში (XIV-XV სს.), გრიგოლ ბედიელი - თოფურისძეთა სასისხლო სიგელში (XV ს. I მესამედი), მელქიზედეგი - სინის მთის სულთა მატიანეში (XV ს. I ნახევარი). ცაიშელ-ბედიელი იოვაკიმე ცნობილია XV საუკუნის 70-იან წლებში (1470-1474 აკურთხეს დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად). XVI-XVIII საუკუნეებში ბედიის ეპისკოპოსებს შორის ცნობილი არიან ანტონ ჟუანისძე, კირილე ჟვანისძე, გერმანე ჩხეტისძე, ნიკოლოზ მხეიძე, ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი. ევტიხი ბედიელს იხსენიებს დიაკი ფედოტ ელჩინი, რუსეთის ხელმწიფის მიხეილ რომანოვის (1613-1645 წწ.) დესპანი, რომელიც ოდიშის სამთავროში 1639-1640 წწ. იმყოფებოდა; ანდრია ბედიელს იხსენიებს ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი (1636-1672), რომელიც 1664-1666 წლებში იმყოფებოდა ოდიშის სამთავროში; მრავალ საბუთში იხსენიება გაბრიელ ჩიქვანი, რომელიც ბედიის კათედრაზე XVII ს. 70-80-იან წლებში იჯდა. ბედიის უკანასკნელი ეპისკოპოსი, როგორც ჩანს, მიტროპოლიტი მაქსიმე (იაშვილი) იყო, რომელიც მოხსენიებულია დასავლეთ საქართველოს 1759 და 1761 წლების საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის. ამის შემდეგ ბედიის საეპისკოპოსო წყაროებში აღარ იხსენიება. აფხაზთა ექსპანსიის გამო ის გაუქმდა. 1770 წელს შედგენილ დოკუმენტში „დასავლეთ საქართველოს სამწყსოთა ნუსხა“, ბედია იხსენიება საყდრად, სადაც ეპისკოპოსი არ ზის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 389.
- ხორავა ბ., ბედიის საეპისკოპოსო, კრებ. „საისტორიო ძიებანი“, 3, 2000