აკაკი ბაქრაძე

ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე
(გადამისამართდა გვერდიდან ბაქრაძე, აკაკი ვიქტორის ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკაკი ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

აკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე (დ. 29 მარტი, 1928, თბილისი ― გ. 5 დეკემბერი, 1999, იქვე) — ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

აკაკი ბაქრაძე

აკაკი ბაქრაძე
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1928
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი, 1999 (71 წლის)
თბილისი, საქართველო
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) ნელი რუსიშვილი
შვილ(ებ)ი ლაშა ბაქრაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის I საშუალო სკოლა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1955–1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964–1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. 1973–1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968–1988), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988–1989), იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989–1991). 1989–1991 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის მიერ შექმნილი „რუსთაველის საზოგადოების“ პრეზიდენტი. ის ამ თანამდებობაზე აირჩიეს პარტიის მორჩილი ირაკლი აბაშიძის ნაცვლად. ბაქრაძე ეროვნული მოძრაობის დროს ხალხს მოუწოდებდა დამოუკიდებლობისკენ, პლურალიზმისკენ, კერძო საკუთრების დამკვიდრებისა და პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბებისკენ.[1]

1991–1996 კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[2] 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იმავე წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მიიღო ხმათა 1,48 %. გარდაიცვალა 1999 წლის 5 დეკემბერს თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

პუბლიცისტიკა

რედაქტირება

აკაკი ბაქრაძე არის წერილების რამდენიმე კრებულის ავტორი, რომლებშიც ეხებოდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიას, XX საუკუნის თეატრისა და კინოხელოვნების საკითხებს. პირველი წერილი, რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“ გამოაქვეყნა 1954 წელს ჟურნალ ცისკარში, პირველი წიგნები „კინოკრიტიკული ეტიუდები“ და „კრიტიკული წერილები“ — 1966 წელს, „სჯანი“ — 1972 წელს.

აკაკი ბაქრაძე განიხილავდა XX საუკუნის ქართული მწერლობის აქტუალურ პრობლემებს, ახალგაზრდა მწერალთა შემოქმედებას; იკვლევდა ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიასა და დემნა შენგელაიას თხზულებათა მითოლოგიურ ძირებს („მითოლოგიური ენგადი“, (1969); „ფიქრი და განსჯა“, (1972). ასევე სწავლობდა ქართველი მწერელებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიებს: „წიწამური (ილია ჭავჭავაძე)“ (1984 წ.), სადაც ახალი კუთხით გააანალიზა მწერლის მსოფლმხედველობისა და აღსასრულის პრობლემები; „ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი)“, „ნიკო ნიკოლაძე“, „კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი“.

აკაკი ბაქრაძის წიგნებია: „კრიტიკული წერილები“ (1966), „სჯანი“ (1972), „ფიქრი და განსჯა“ (1972), „კრიტიკული გულანი“ (1977), „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“ (1978), „პილპილმოყრილი მადლი“ (1989), „კინო. თეატრი“ (1989), „რწმენა“ (1990) „მწერლობის მოთვინიერება“ (1990), „ილია და აკაკი“ (1993), „დაწუნებილი გზა“ (1995). მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა „აფხაზეთისთვის“ (2002) და „თხზულებანი“ 8 ტომად.

ბაქრაძე კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე. იყო საბჭოთა რეჟიმის დიდი კრიტიკოსი, 1980-იან წლებში მისმა წიგნებმა, სტატიებმა და საჯარო ლექციებმა დიდი როლი შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 44, ISBN 978-9941-0-5972-8.
  2. იქვე, გვ. 115