ბანთარეულის სამაროვანი
ბანთარეულის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 200 მეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას. სამაროვანი დაზიანდა გაზსადენის მშენებლობისას. განეკუთვნება ადრინდელ და განვითარებულ შუა საუკუნეებს. 1985-88 წლებში ძეგლი გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (რაზმის ხელმძღვანელი - ივ. წიკლაური). სამაროვნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ეკლესია, რომლის გარშემო გათხრილია ადრინდელი და განვითარებული შუა საუკუნეების 57 სამარხი. ადრინდელი შუა საუკუნეების სამარხებს განეკუთვნება ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვისსამარხები. ინვენტარი (მინის მძივები, ბრინჯაოს საკინძები, ბეჭდები, საყურეები, ბალთები, ჯვარი, ძვლის კაური, ვერცხლის სასანური მონეტა) აღმოჩნდა მხოლოდ ქვისსამარხებში. განვითარებული შუა საუკუნეების სამარხებს განეკუთვნება კლდის ქვით აგებული, მოგრძო მოყვანილობის ამოშენებულკედლიანი სამარხები და აკლდამები. აკლდამების გვერდის კედლები შუაში შეზნექილია. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ბეჭდები, სამაჯურები, ჯვარი (ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებით), სასაფეთქლე რგოლი, ღილები, რკინის რგოლის ნატეხები. სამარხების დამხობა ქრისტიანულია. სამარხები განკუთვნილია ინდივიდუალური და საოჯახო დაკრძალვისთვის. მოპოვებული მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომიძე ც., წიკლაური ივ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 339.