ბამბების ნამოსახლარი
ბამბების ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მრავალფენიანი ნამოსახლარი უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის დასავლეთით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის დასავლეთით 0,5 კმ-ზე, კვერნაქების სამხრეთით, ადუანთხევის მარჯვენა მხარეს, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ადგილ ბამბებში.
ნამოსახლარის დიდი ნაწილი დანგრეულია მდინარე მტკვრის ნაპირების ჩამოსვლის და ნიადაგის ეროზიის გამო. იგი შედგება 4 კულტურული ფენისგან, რომლებიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IV საუკუნიდან ახ. წ. III საუკუნემდე. კიდევ უფრო ადრეულ ხანას მიეკუთვნება აქ აღმოჩენილი ჩანგზე დამკვრელი თიხის ფიგურა.
ბამბების ნამოსახლარის პირველ ფენაში გამოვლინდა ძვ. წ. IV საუკუნის სამაროვანი, რომელიც შედგება პატარა სწორკუთხა ორმოსამარხებისგან. მიცვალებულები ასვენია ძლიერ მოკრუნჩხული, თავით ჩრდილოეთისაკენ, აღმოჩნდა წელშეზნექილი სამაჯურები, მინის მრავალწახნაგა საბეჭდავი მძივები, ფარაკიანი ბეჭდები, სახელოსნო იარაღები, მოხატული, შეღებილი და გაპრიალებული თიხის ჭურჭელი.
ბამბების ნამოსახლარის მეორე ფენა ძვ.წ. III-II სს. მიეკუთვნება. აქ გამოვლინდა მედაბული სამოსახლოები — საცხოვრებელი სახლები, მარანი, საკუჭნაო და დამხმარე ნაგებობები. ზოგიერთ საცხოვრებელ სახლში არის ე.წ. ხოვლური ტიპის ღუმელი. სახლებიდან ღუმელები ნაგებია ხითა და თიხით. იატაკი თიხატკეპნილია.რამდენიმე საცხოვრებელი სახლის იატაკით გადახურულია ნამოსახლარის პირველი ფენის სამარხები. ზოგ ადგილას აღმოჩნდა კევრის კოხები, ვაზის სასხლავი დანები, მოხატული, შეღებილი, გაპიარებული და სადა თიხის ჭურჭელი. გვხვდება მოხატული ქვევრები და ყავისფერკეციანი კოლხური ამფორა, თიხის ქანდაკებები და ა.შ.
მესამე ფენას შეადგენს ძვ.წ. I საუკუნის ნამოსახლარი და სამაროვანი. ზოგიერთი ორ მოსამართლის იატაკი გამართულია მეორე ფენის ნაგებობათა იატაკზე და ზოგჯერ აზიანებს კიდეც მას. მიცვალებულები აქაც მოკრუნჩხული, თავით ჩრდილოეთისკენ ასვენია. გვხვდება წელშეზნექილი სამაჯურები, მოხატული ჭურჭლის გვიანდელი ვარიანტი. პირველად გამოჩნდა პართული მონეტები. მესამე ფენის ნამოსახლარის საკარმიდამო კომპლექსი მეორე ფენის ნამოსახლარის მსგავსია. შეიცავს საცხოვრებელ ნაგებობას, მარანს, საკუჭნაოს და სხვა დამხმარე სათავსებს. საცხოვრებელი კომპლექსისათვის დამახასიათებელია შუაკერისა და „ხოვლური ღუმელი“.
მეოთხე ფენაში I-II საუკუნეების სამაროვანი და ნამოსახლარის ნაკვალევია. ორმოსამარხის ინვენტარიდან აღსანიშნავია რომაული მონეტები.
შესწავლა მიმდინარეობს 1958 წლიდან (დ. ხახუტაიშვილი). საყურადღებოა ძვ. წ. III-II საუკუნეების კარ-მიდამო: სახლი, მარანი და ეზო. ამ პერიოდის საცხოვრებელი სახლების ქვეშ აღმოჩნდა ძვ. წ. V-IV საუკუნეების სამარხები. მათ შორის აღსანიშნავია ხელოსანგრავიორის სამარხი (ძვ. წ. IV ს.).
ბამბების ნამოსახლარი წარმოადგენდა ანტიკური დროის უფლისციხის გარეუბანს, რომლის მცხოვრებლები მისდევდნენ სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხახუტაიშვილი დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 89.
- ხახუტაიშვილი დ., უფლისციხე, წგნ. 1-2, თბ., 1964-1970;
- ხახუტაიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 182.