ბაილეთის ეკლესია
ბაილეთის ეკლესია — მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია გურიაში, მდებარეობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას, სუფსის ჭალაში, დღევანდელ სოფელ სილაურის ტერიტორიაზე, გურიელის სასახლის გვერდით.
ბაილეთის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | სილაური |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ჯუმათის საეპისკოპოსო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | გუმბათოვანი |
თარიღდება | 1609 |
ძეგლის აღწერა
რედაქტირებამისი აგების შესახებ ცნობა დაცულია XVI-XVIII საუკუნეებში გადაწერილ ჟამნ-გულანის მინაწერში. აშენებულია აგურითა და ნატეხი ქვით 1609 წელს. გუმბათი, რომელიც XIX საუკუნეს ეკუთვნის, ნაგებია თლილი ქვით. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი სამწახნაგოვანი ნახევარწრის ფორმისაა. ეკლესია 1827 წელს მოუხატავთ და განსაკუთრებით მდიდარია გურიელთა საგვარეულოს პორტრეტებით.
ბაილეთი მამათისა და ჩეხედანას ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის უფლის საფლავისთვის იყო შეწირული და იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილი ტაძარი იყო. მას ჯვარისმამა განაგებდა. მამია III გურიელმა იგი შესწირა თავისი მეუღლის, თინათინის სულის საოხად. თინათინი მოხსენიებულია ტაძარში დაცულ ღვთისმშობლისა და მიქაელ მთავარანგელოზების ხატების წარწერებზე. ეს შეწირულობა მომდევნო მთავრებმაც განაახლეს და დაამტკიცეს. აქ ინახებოდა ძვირფასი ხატები წმ. თევდორეს, მიქაელ მთავარანგელოზის, ღვთისმშობლის, მაცხოვრის, წმ. თევდორესა და წმ. გიორგის, ასევე ღვთისმშობლის ხატი წმინდა ნაწილებით. აღსანიშნავია ასევე ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერიდანაც ვიგებთ გურიის სამთავროში მოღვაწე ერთ-ერთი ოქრომჭედლის ომანის სახელს.
ეკლესია დაანგრიეს 1958-1962 წლებში, მისი ქვები კი ჯუმათის საშუალო სკოლისა და ბოსლის მშენებლობაზე გამოიყენეს. ახლა ამ ადგილას ჯაგნარით დაფარული პატარა ბორცვია დარჩენილი. ამჟამად ნაგებობის ფრაგმენტები იკითხება საძირკვლის დონეზე. ნანგრევები დაფარულია ბალახით. შემორჩენილია ძეგლის პასპორტი, რომელიც ო. ღამბაშიძეს 1953 წლის 4 აპრილს შეუდგენია.
ეკლესიასთან მდებარეობდა ციხე. ციხე ამჟამად ძლიერ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. წარმოადგენდა სწორკუთხა, მცირე ზომის სათავდაცვო ნაგებობას. ნაგებია ნატეხი ქვით კირხსნარზე. შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის კედლის ნაწილი და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები. სამხრეთის კედელთან ყოფილა გვირაბი. იგი სწორკუთხა ქვით ამოყვანილი და გადახურული ნაგებობაა, რომლის დასავლეთ ნაწილში ჩასასვლელი ღიობია დატოვებული. მიწაში კიბეებია გაკეთებული, რომელიც სამხრეთისკენ ეშვება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 156.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 336-337.
- ქართველიშვილი თ. (2006). გურიის საეპისკოპოსოები. თბილისი: „არტანუჯი“, გვ. 81. ISBN 99940-11-89-8.
- თაყაიშვილი, ე. (1907). არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, გვ. 30-31.
- ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10713
- ბაილეთი | საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი