ელენე ახვლედიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ახვლედიანი, ელენე)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 10 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახვლედიანი.

ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი (დ. 18 აპრილი [ძვ. სტ. 5 აპრილი], 1901, თელავი — გ. 30 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971).

ელენე ახვლედიანი

ელენე ახვლედიანი
სრული სახელი ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი
დაიბადა 5 აპრილი/18 აპრილი, 1901
დაბადების ადგილი თელავი
გარდაიცვალა 30 დეკემბერი, 1975
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
ელენე ახვლედიანის ქანდაკება, თბილისი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ექიმ დიმიტრი ახვლედიანისა და ელისაბედ ერისთავის ოჯახში. 1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე[1] იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიატი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (1922–1927).[2] 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება — ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ — სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.

განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი. ზამთარი“ (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ (1954), „იმერეთი“ (1956, ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), „შემოდგომა“ (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.

აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1942–1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1932–1933, კ. მარჯანიშვილის თეატრი), ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“ (1944–1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“ (1955–1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჰენრი ლონგფელოს „ჰაიავათას სიმღერის“, ვიქტორ ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.[3]

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა, ხევი, აღმართი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 61
  • ახვლედიანი, კატალოგი, თბ., 1960;
  • ელენე ახვლედიანი, კატალოგი, თბ., 1965;
  • ელენე ახვლედიანი, ალბომი, შემდეგ ვ. ჭიაურელი, ტექსტის ავტ. ე. პრივალოვა, თბ., 1980;
  • ურუშაძე ნ., ელენე ახვლედიანი თეატრში, თბ., 1968;
  • ელენე ახვლედიანის “ქეიფი გზაზე” - მერი ისკაკოვა
  • Елена Дмитриевна Ахвледиани. Моя Родина. Альбом, М., 1972;
  • Е. Ахвледиани. Избранные произведения. Альбом, М., 1987;
  • Беридзе В., Езерская Н., Исскуство Советской Грузии. 1921-1970, М., 1975;
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 298.
  • კარბელაშვილი მ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 298, თბ., 1997
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 67, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თამამი და ექსცენტრიული ელენე ახვლედიანი. „ამბიონი“ (24 იანვარი, 2012). ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2018.
  2. ელენე ახვლედიანი — მხატვარი. „გენდერმედიატორი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2018.
  3. დღეს ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა. imedi.fm (18 აპრილი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-19. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი, 2018.