ახალი დროებაქართული ყოველკვირეული ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი, მუშათა პროფკავშირის ორგანო. გამოდიოდა ტფილისში 1906 წლის 14 ნოემბრიდან 1907 წლის 8 იანვრამდე. გამოსცემდა ბოლშევიკური პარტიის თბილისის კომიტეტი. რედაქციაში შედიოდნენ: იოსებ სტალინი, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მალაქია ტოროშელიძე, მიხეილ დავითაშვილი, გიორგი თელია, მიხეილ ბოჭორიძე და სხვები. ფორმალური რედაქტორი-გამომცემელი — დ. გიგიბერია.

„ახალი დროება“ ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ლენინის დებულებებით და მტკიცე კავშირი ჰქონდა ლენინურ გაზეთებთან. ქვეყნებოდა თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის სტატიები, მუშათა და გლეხთა მოძრაობის ამსახველი კორესპონდენციები, ინფორმაციები, იბეჭდებოდა, აგრეთვე, მოთხრობები, ნარკვევები, ლექსები, ფელეტონები და სხვა.

„ახალ დროებაში“, ისევე როგორც მის წინამორბედ გაზეთ „ახალ ცხოვრებაში“ და შემდგომში გამოცემულ გაზეთებში — „მნათობში“, „ჩვენს ცხოვრებასა“ და „დროში“, აქტიურად თანამშრომლობდნენ მწერლები იროდიონ ევდოშვილი, გერონტი ქიქოძე, ნატალია აზიანი, ვარლამ რუხაძე, ია ეკალაძე, დომენტი თომაშვილი, იასამანი, შალვა შარაშიძე. მუშა პოეტები — მ. ბოჭორიძე, ლ. იაშვილი, ვ. დარჩია, დ. ქარცივაძე და სხვები. აშკარა ბოლშევიკური მიმართულების გამო პირველი ნომრის გამოსვლისთანავე დაიწყო გაზეთის შეზღუდვა და რეპრესიები მეფის ხელისუფლების მხრივ. მე-9 ნომრის გამოსვლის შემდეგ თბილისის გუბერნატორის განკარგულებით, „უაღრესად მავნე მიმართულების“ გამო, გაზეთი დახურეს და სტამბა დაარბიეს.

ლიტერატურა

რედაქტირება