ნატალია აზიანი დონდაროვა

(გადამისამართდა გვერდიდან ნატალია აზიანი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნატალია აზიანი დონდაროვა (დ. 4 იანვარი, 1878, გორი — გ. 31 იანვარი, 1943) — ქართველი დრამატურგი, მწერალი და პუბლიცისტი. ნატალია გაქართველებული სომხების ოჯახში იზრდებოდა. დონდაროვების ოჯახი ერთ-ერთ გამორჩეულ და საუკეთესო ოჯახად ითვლებოდა იმდროინდელ გორში.

ნატალია აზიანი დონდაროვა
დაბადების თარიღი 4 იანვარი, 1878(1878-01-04)
გარდაცვალების თარიღი 31 იანვარი, 1943(1943-01-31) (65 წლის)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნატალია აზიანმა პირველდაწყებითი განათლება მიიღო გორის კერძო პანსიონში, სწორედ ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ქალთა გიმნაზიაში და თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში.

1900-იანი წლებიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, სწორედ ამ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებში, მათ შორის: „მოგზაური“, „ჩვენი ცხოვრება“, „სიტყვა“, „დრო“ და „მნათობი“.

1897 წელს დაწერა პირველი პიესა „ინჯილერი და დოხტური“, რომელმაც „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა. ამის შემდგომ თავის მხრივ, ილიამ ნაწარმოები ქართულ დრამატულ საზოგადოებას გადასცა, რომელმაც იგი სცენაზე 1898 წელს დადგა. აღნიშნული პიესა „ინჯილერი ან დოხტური“ საკმაოდ გამორჩეულად არის დაწერილი, ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი სალიტერატურო ასპარეზზე.

„ჩვენ არა ვართ ჩვეულნი და განებივრებულნი ქართულს სცენაზედ ცხოვლად დახასიათებულ ადამიანების ხილვით; უფრო ხშირად ჩვენ ვხედავთ კარიკატურებს... ერთი ადამიანი, კერძო კაცი არ შეადგენს არც მასალას, არც ინტერესს საზოგადოებისას და ლიტერატურისას. ნიჭიერია იგი ავტორი, რომელიც ათასფეროვანს ცხოვრებაში იპოვის საზოგადო მოვლენას, ტიპს... ქ-ნი აზიანი იმითი არის შესანიშნავი, რომ შექმნა ლიტერატურაში ახალი ტიპები. ცხოვრებამ დიდი ხანია შეჰქმნა იგინი, მხოლოდ ლიტერატურაში მათის დახასიათების პატივი ეკუთვნის ქ-ს აზიანს და აი მისის ნორჩის კალმის უეჭველი ნიჭერებაც!..“ [1]

ნატალია აზიანის პიესებიდან გამორჩეულია – „ფული და ხარისხი“, „ცოდვა“. ასევე აღსანიშნავია „დეზერტირკა“, რომელიც 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში.

ნატალია აზიანი, გარდა პიესებისა აქტიურად წერდა მოთხრობებსა და სატირულ ფელეტონებს მიმდინარე პოლიტიკურ და ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე. ნატალია აზიანს, გამოუქვეყნებელი დარჩა ხელნაწერი მოგონებანი თეატრსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე. თავის ნაშრომებს ნატალია ფსევდონიმით „აზიანი“ აქვეყნებდა. ნატალია დონდაროვას, ხშირად სწორედ ნატალია აზიანად მოიხსენიებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნატალია აზიანი მწერალი ქალი ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი იხსენებდა თავის მშობლიურ ქალაქს, გორს. ნატალია აზიანი დონდაროვას კალამს ასევე, საკმაოდ მკაცრი და ხშირად ასევე მწვავე სატირული ჟანრის პუბლიკაციებს წერდა ხოლმე. სწორედ ამიტომ მაშინდელი დიდგვაროვნები და ზოგჯერ თავად ქალბატონებიც კი კიცხავდნენ მას.

ნატალია აზიანის შემოქმედებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, ასევე ქალი შემოქმედის, როგორც ავტორის ლეგიტიმაციისთვის გამორჩეულად საინტერესოა კომპოზიტორ ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლისა და დრამატურგ ნატალია აზიანის საავტორო უფლებებისთვის მიმდინარება პროცესები და ბრძოლა, რომელიც სწორედ ამ ორმა ადამიანმა წამოიწყო 1930-იან წლებში.

ნატალია დონდაროვა (აზიანი) 1943 წლის 31 იანვარს, 65 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მწერალი დაკრძალულია ვაკის სასაფლაოს პანთეონში, ქალაქ თბილისში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ.,1988.- გვ.9;
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.90

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზეთი ივერია, N12, 1898 18 იანვარი.