აცტეკების კალენდარი
აცტეკების კალენდარი — დროის გაზომვის სისტემა, გამოიყენებოდა მესოამერიკულ ხალხებში. პირველად ეს სისტემა ჰქონდათ ოლმეკებს, დაახლოებით, 3500 წლის წინ, რის შედეგადაც ის გავრცელდა ცენტრალური მექსიკის კულტურებსა და ხალხებში, მათ შორის: მაიაში, საპოტეკებსა და აცტეკებში.
კალენდარი შედგებოდა ორი პარალელური ციკლისგან: საერო 365-დღიანი ჰიუპოუალი (ნაუატ. xiuhpohualli, რაც ნიშნავს „წლების დათვლას“, შეესაბამება მაიას კალენდარ ხააბს) და რიტუალური 260-დღიანი ტონალპოუალი (ნაუატ. tonalpohualli, რაც ნიშნავს „დღეების თვლას“ ან „ბედისწერების თვლას“, შეესაბამება მაიას კალენდარ ცოლკინუს). ჰიუპოუალი და ტონალპოუალი ემთხვეოდა ყოველ 52 წელიწადში ერთხელ და ქმნიდა ე.წ. „საუკუნეს“, რომელსაც „ახალი ცეცხლი“ ეწოდებოდა. აცტეკებს სწამდათ, რომ ყოველი 52-წლიანი ციკლის მიწურულს, სამყაროს საშიშროება ემუქრებოდა, ამიტომაც ახალი ციკლის დაწყებას დიდი დღესასწაულებით ხვდებოდნენ. ასი „საუკუნე“ ადგენდა 5200-წლიან ერას, რომელსაც ერქვა „მზე“. ამ სისტემასთან შეთანხმებით ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე ერაში, „ოთხ მიწისძვრაში“, რომლის "მზეც" არის ღმერთი ტონატიუ.
აცტეკები თვლიდნენ, რომ ორივე კალენდარს ჰქონდა ღვთიური წარმომავლობა: პირველს აკავშირებდნენ კეცალკოატლთან, ხოლო მეორეს — ოჰომოკოსა და სიპაკტონალთან, ასტროლოგიისა და კალენდრების ღვთაებებთან.
კალენდრული წელიწადი იწყებოდა აღმოსავლეთ ჰორიზონტზე პლეადების გამოჩენასთან ერთად.
საერო კალენდარი
რედაქტირებასაერო კალენდრის საფუძვლად აღებული იყო მზის წელიწადი. ამ კალენდრის მეშვეობით აცტეკები იგებდნენ თარიღებს და იმ რიტუალებისა და ცერემონიების ხანგრძლივობას, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან იყო დაკავშირებული. კალენდარი შედგებოდა 18 თვისგან, თითოში 20 დღით. ხუთი დღე ადგენდა ერთ კვირას. წელიწადი რომ ასტრონომიულის შესაბამისი ყოფილიყო, წლის ბოლოს უმატებდნენ ნემონტემებს — 5 ცარიელ დღეს.
ნაკიანი წელიწადის პრობლემა იჭრებოდა ყოველ ოთხ წელიწადში ერთი დღის გაორმაგებით. გრიგორიანულ კალენდართან ზუსტი თანაფარდობის დამყარება ვერ მოხერხდა, მაგრამ ბევრი ავტორი ვარაუდობს, რომ აცტეკების წელიწადი თებერვლის პირველ დღეებში იწყებოდა.
ჰიუპოუალის წელი იღებდა ერთ-ერთ დასახელებას იმ 52 კომბინაციიდან, რომლებიც შედგებოდა 1-დან 13 რიცხვებისა და ტონალპოუალის ოთხი სიმბოლოსგან (იხ. ქვემოთ): კალი (სახლი), ტოჩტლი (კურდღელი), აკატლი (ლერწამი), ტეკპატლი (კაჟი). მაგალითად, ერნან კორტესი შეხვდა მონტესუმა IIს 1-ლი ლერწმის მე-8 ქარის წელში (ანუ 1519 წლის 8 ნოემბერი).
№ | თვის დასახელება | მფარველი ღვთაება და რიტუალები | |
---|---|---|---|
1 | ატლკაუალო (წყლის შეწყვეტა) | ტლალოკი, ჩალჩიუტლიკუე | ბავშვების მსხვერპლად შეწირვა წყლის ღვთაებებს |
2 | ტლაკაჰიპეუალისტლი (ადამიანების გატყავება) | ჰიპე-ტოტეკი | მებრძლების მსხვერპლად შეწირვა; ქურუმის ცეკვა გატყავებულ კანთან |
3 | ტოსოსტონტლი (მცირე სიფხიზლე) | კოატლიკუე, ტლალოკი | მსხვერპლის კანის დამარხვა, ბავშვების მსხვერპლად შეწირვა |
4 | უეიტოსოსტლი (დიდი სიფხიზლე) | სენტეოტლი, ჩიკომეკაკოატლი | ახალი სიმინდის კურთხევა; გოგონას მსხვერპლად შეწირვა |
5 | ტოჰკატლი (გვალვა) | ტესკატლიპოკა, უიცილოპოჩტლი | ღმერთების განსახიერებების მსხვერპლად შეწირვა |
6 | ეცაკლუალისტლი (კერძი სიმინდისა და ცერცვისგან) | ტლალოკი | წყლის ღვთაებების განსახიერებების რიტუალური გაგუდვა; რიტუალური განბანვა და ცეკვები |
7 | ტეკუილუიტონტლი (ღმერთების პატარა ნადიმი) | ჰუიჰტოჩიუალი, ჰოჩიპილი | ღმერთების განსახიერებების მსხვერპლად შეწირვა |
8 | უეიტეკუიუტლი (ღმერთების დიდი ნადიმი) | ჰილონენი | ახალგაზრდა სიმინდის ქალღმერთის დღესასწაული |
9 | ტლაჰოჩიმაკო (ყვავილების დაბადება) | უიცილოპოჩტლი | ღმერთების ყველა გამოსახულება ირთვება ყვავილების გვირგვინებით. სიმინდის მარცვლებითა და ინდაურით ნადიმი. |
10 | ჰოკოტლუეცი (ნაყოფების დაცემა) უეიმიკაიუიტლი (მკვდრების დიდი ნადიმი) |
ჰიუტეკუტლი | რიტუალური შერკინება; ცეცხლის ღმერთებისადმი მსხვერპლის შეწირვა (მსხვერპლის დაწვა). |
11 | ოჩპანისტლი (გზის დაგვა) | ტლასოლტეოტლი | სახლებისა და გზების დაგვა; ბრძოლის იმიტაცია |
12 | ტეოტლეკო (ღმერთების დაბრუნება) | ტესკატლიპოკა | ღმერთების დედამიწაზე დაბრუნების პატივსაცემი მისასალმებელი ცერემონიები; რიტუალური დათრობა, ცეცხლოვანი მსხვერპლთშეწირვები |
13 | ტეპეიუიტლი (მთების ნადიმი) | ტლალოკი | ცერემონიები, რომლებიც მიძღვნილია მთის წვიმების ღმერთებისადმი. ადამიანური მსხვერპლთშეწირვები და რიტუალური კანიბალიზმი |
14 | კეჩოლი (ძვირფასი ბუმბული) | მიჰკოატლი-კამაჰტლი | რიტუალური ნადირობა; ნადავლის მსხვერპლად შეწირვა და რიტუალური ნადიმი |
15 | პანკეცალისტლი (დროშის აწევა) | უიცილოპოჩტლი | სახლები და ხეები ირთვება ქაღალდის დროშებით; პროცესია; მასიური მსხვერპლთშეწირვები |
16 | ატემოსტლი (წყლების ჩამოშვება) | ტლალოკი | წყლის ღმერთების პატივსაცემი დღესასწაული; ბავშვებისა და მონების მსხვერპლად შეწირვა |
17 | ტიტიტლი (გაჭიმვა) | ილამატეკუტლი | წვიმის გამოსაძახებელი მაგიური რიტუალები; ქალების ცემა ჩალის ტომრებით ქალების ცემა ისე, რომ ისინი ატირდნენ |
18 | ისკალი (მკვდრეთით აღდგომა) | ჰიუტეკუტლი | ღმერთების ფიგურების გაკეთება ამარანტის ცომისგან; ტამალესებითა და მცენარეებით ნადიმი |
ნემონტემი (ცარიელი დღეები) | ხუთი დღე რიტუალებისა და თანამდებობების გარეშე. |
წმინდა კალენდარი
რედაქტირებასაერო კალენდრის გარდა, აცტეკები იყენებდნენ წმინდა კალენდარ ტონალპოუალისაც. ეს წმინდა კალენდარი ჩაიწერა „დღეების წიგნში“, ტონალამატლში, რომელიც წარმოადგენდა მესოემარიკულ კოდექსს ტყავზე ან ქერქის ქაღალდზე, რომლის საფუძველზეც მღვდელი „ტონალპოუკე“ ადგენდა ჰოროსკოპს და ითვლიდა კეთილმოსურნე და არაკეთლმოსურნე დღეებს.
ყოველ დღეს ენიშნებოდა რიცხვების კომბინაცია 1-დან 13-მდე და დღეების 20 ნიშნიდან ერთ-ერთი, ამგვარად ყოველ დღეს თავისი უნიკალური აღნიშვნა ჰქონდა. სულ ასეთი 260 კომბინაცია არსებობს, რაც საბოლოოდ 260-დღიან წმინდა წელიწადს იძლევა. ახალი დღის დაწყებისთანავე თარიღს ემატებოდა ერთიანი და ახალი ნიშანი. ამგვარად, პირველი კვირა იწყებოდა დღე 1-ლ ნიანგში, შემდეგ მოდიოდა მე-2 ქარი, მე-3 სახლი, მე-4 ხვლიკი და ასე შემდეგ დღე მე-13 ლერწმამდე. ამის შემდეგ რიცხვები მეორდებოდა, ხოლო ნიშნები რიგის მიხედვით ეწყობოდა: მეორე კვირა იწყებოდა 1-ლ იაგუარში და მთავრდებოდა მე-13 ქალაში და ა.შ. მხოლოდ 260 დღის შემდეგ (13×20) ყველა რიცხვი და სიმბოლო ემთხვეოდა და მეორდებოდა კომბინაცია 1-ლი ნიანგი.
თვლიდნენ, რომ ყოველ სიმბოლოს მართავდა ღმერთი ან ქალღმერთი, პარალელურად ისინი დაკავშირებული იყო ჰორიზონტის მხარეებთან (საათის ისრის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთის მხრიდან, საიდანაც მზე ამოდის). 13-დღიან ჯგუფს ეწოდება ტრესენა (trecena, ესპ. trece — ცამეტი). ყოველ ასეთ ჯგუფს თარვისი მფარველი ჰყავდა ღვთაებებიდან.
დღეების დასახელებები
რედაქტირებადღეების დასახელებები (საათის ისრის საწინააღმდეგოდ):
- სიპაკტლი — ნიანგი
- ეჰეკატლი — ქარი
- კალი — სახლი
- კუეცპალინი — ხვლიკი
- კოატლი — გველი
- მიკისტლი — ქალა (სიკვდილი)
- მასატლი — ირემი
- ტოჩტლი — კურდღელი
- ატლი — წყალი
- იცკინტლი — ძაღლი
- ოსომატლი — მაიმუნი
- მალინალი — ბალახი (ბუნება)
- აკატლი — ლერწამი
- ოცელოტლი — იაგუარი (ოცელოტი)
- კუაუტლი — არწივი
- კოსკაკუაუტლი — სვავი
- ოლინი — მოძრაობა (მიწისძვრა)
- ტეკპატლი — კაჟი (კაჟის დანა)
- კიაუიტლი — წვიმა
- ჰოჩიტლი — ყვავილი
დღეების ნიშნები
რედაქტირებაკალენდარი ტონალპოუალი ითვლის დღეების 20 ნიშანს. მათი გამოსახვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ქვემოთ მოცემულია ნიშნები მალიაბეკიანოს კოდექსიდან.
|
|
ქარისა და წვიმის ნიშნები შეესაბამება ქარის ღმერთ ეჰეკატლისა და წვიმის ღმერთ ტლალოკის გამოსახულებებს.
ტრესენები
რედაქტირებაყოველ ტრესენას 260-დღიანი ციკლიდან შეესაბამება თავისი ღვთაება:
|
|
პირველწყაროები
რედაქტირება- მღვდელი ხუანი, ანტონიო პერესი, პერდო დე ლოს რიოსი. ტელერიანო-რემენსის კოდექსი. www.kuprienko.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-05. ციტირების თარიღი: 2012-11-11.
ლიტერატურა
რედაქტირება- Caso, Alfonso, Los Calendarios Prehispánicos. México: Universidad Nacional Autónoma de México, 1967 г.
- Piña Garza, Eduardo, Aritmética del tonalpohualli y del xiuhpohualli დაარქივებული 2013-11-06 საიტზე Wayback Machine. . Estudios de cultura Náhuatl, ISSN 0071-1675, № 30, 1999 г., с. 257—266.
- León-Portilla, Miguel, Mitos de los orígenes en Mesoamérica. Arqueología Mexicana, № 56, с. 20-27.