მზის ქვა (ესპ. Piedra del Sol), ასევე შეცდომით უწოდებენ აცტეკების კალენდარს — მონოლითური ბაზალტის დისკი აცტეკური კოსმოგონიის სიმბოლური და მზის კულტის გამოსახულებებით.

მზის ქვა
Piedra del Sol
ავტორი Mexica
წელი დაახლოებით, 1479
ტიპი სკულპტურა
სიმაღლე 180
სიგანე 320
ქალაქი მეხიკო
მუზეუმი ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი

მონუმენტის სიგრძე არის 3,60 მეტრი დიამეტრში, 1,22 მეტრი სისქეში და იწონის 24 ტონას [1], ამჟამად მდებარეობს ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმის ექსპოზიციაში.

სავარაუდოდ, ატარებს კუაუჰიკალის რიტუალური ჭურჭლის ან ტალამაკატლის მსხვერპლთშეწირვების საკურთხევლის როლს, რომლის დამზადებაც ვერ დამთავრდა დიდი ბზარის გამო. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვა, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა ტლაკაჰიპეუალისტლის ცერემონიების დროს.

სხვა მხრივ, ნაუატლზე ქვას ეწოდებოდა „ოლინ ტონაიუ“ („ტონატიუს მოძრაობა“ ან „მზის მიმათვა“), რაც მეტყველებს აცტეკების გეოცენტრულ შეხედულებებზე, რომლებიც ახასიათებდა ძველი ხალხების კოსმოლოგიურ სისტემებს [2]. ასევე მოიცავს აცტეკების დროის შესახებ წარმოდგენების პიქტოგრაფიულ გამოსახულებებს.

მზის ქვა — აცტეკური კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი, თარიღდება, დაახლოებით, 1479 წლით. ის იმყოფებოდა ტემპლო მაიორის ერთ-ერთ ტაძარში და 2006 წელს ტლალტეკუტლის მონოლითის აღმოჩენამდე, მზის ქვა ითვლებოდა ტემპლო მაიორში აღმოჩენილ უდიდეს ძეგლად.

მექსიკის დაპყრობის შემდეგ ქვა მიწაში ჩაიმარხა, სადაც 1790 წლის 17 დეკემბრამდე იმყოფებოდა, სანამ მეხიკოს ცენტრში, სოკალოს მოედანზე არ იპოვეს, იმავე წელს და თითქმის იმავე ადგილას სადაც კოატლიკუეს ქანდაკება. ქვის პირველი მკვლევარი იყო ანტონიო დე ლეონ-ი-გამა, რომელსაც მექსიკური არქეოლოგიის მამას უწოდებდნენ. ამჟამად ქვა ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმის აცტეკური დარბაზის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი გამოსახულება აცტეკური კულტურის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა და ცნობილია მთელ მსოფლიოში.

აღწერა და ახსნა

რედაქტირება

დისკზე მოკლე სიმბოლურ ფორმაშია წარმოდგენილი აცტეკების კოსმოლოგია. აცტეკების გადასახედიდან, ჩვენს სამყარომდე არსებობდა და დაიღუპა კიდევ ოთხი სამყარო. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე ერაში (ოთხი მიწისძვრა), რომლის უზენაესი მზეა ღმერთი ტონატიუ. მის პატივსაცემად რეგულარულად მიმდინარეობს მსხვერპლთშეწირვები, რათა სამყაროს დასასრული არ დადგეს.

ცენტრალური დისკი

რედაქტირება
 
ცენტრალური დისკი: სახე, ოთხი ერა და ჰორიზონტის მხარე

დისკის ცენტრშია მზის ღმერთ ტონატიუს სახე [3] ორი სამაჯურიანი ხელი-თათით, თვალებითა და წარბებით, რადგანაც ვერავინ ვერ გაექცევა მის მზერას. ორივე ხელში მას ადამიანის გული უჭირავს, მისი ენა გამოსახულია კაჟის დანის სახით, რაც სიმბოლურად გამოხატავს მსხვერპლთშეწირვების აუცილებლობას მზის უწყვეტი მოძრაობისთვის.

ოთხი კვადრატი, რომლებიც ღვთაებასაა გარშემორტყმული, ასახიერებენ ოთხ მზეს — ოთხ ერას, რომლებიც წინ უძღოდნენ თანამედროვე მეხუთე მზეს.

  • ზემოთა მარჯვენა კვადრატში გამოსახულია პირველი ერა „ოთხი იაგუარი“, რომელიც დამთავრდა მიწისქვეშეთიდან ამოსული საშინელი იაგუარების მიერ ადამიანების განადგურებით.
  • მარცხნივ არის ერა „ოთხი ქარი“, რომლის მიწურულსაც ქარიშხლები წარმოიქმნენ, ადამიანები კი მაიმუნებად გადაიქცნენ. წარმოადგენს ჰაერის სტიქიას.
  • მის ქვემოთ გამოსახულია ერა „ოთხი წვიმა“, რომელიც დაიღუპა ცეცხლის წვიმაში. წარმოადგენს ცეცხლის სტიქიას.
  • დაბლითა მარჯვენა კვადრატში გამოსახულია ერა „ოთხი წყალი“, რომელიც დამთავრდა იმით, რომ სამყარო დაიტბორა, ხოლო ადამიანები თევზებად გადაიქცნენ. წარმოადგენს წყლის სტიქიას.
 
ოლინის, ტეკპატლის, კიაუიტლისა და ჰოჩიტლის ნიშნები (საათის ისრის საწინააღმდეგოდ)

ჰორიზონტის მხარეები

რედაქტირება

გარდა ამისა, ცენტრალურ დისკზე ერებს შორის გამოსახულია ჰორიზონტის მხარეები: ჩრდილოეთი ნიშნით „ერთი კაჟი“; სამხრეთი ნიშნით „ერთი წვიმა“; აღმოსავლეთი სამეფო გვირგვინით და დასავლეთი ნიშნით „შვიდი მაიმუნი“. აღმოსავლეთით — მზის დაბადების ადგილისკენ — მიმართული გვირგვინი და კაჟის ნიშანი სიმბოლურად გამოხატავს ტენოჩტიტლანის უზენაეს ძალაუფლებასა და უიცილოპოჩტლის, აცტეკების მფარველი ღმერთის, დაბადების თარიღს [4].

პირველი წრე

რედაქტირება

შემდეგი წრე გამოხატავს სიმბოლურ გამოსახულებას აცტეკების კალენდრისა, რომელიც შედგება ორი პარალელური წრფისგან: სასულიეროსა და საეროსგან. საათის ისრის საწინააღმდეგოდ განლაგებულია წმინდა კალენდრის ოცი დღის პიქტოგრამები. ეს ოცი დღე ცამეტ რიცხვთან კომბინაციისას გვაძლევდა რიტუალურ 260-დღიან წელიწადს (ტონალპოუალი). ასევე დამატებულია ხუთი წერტილი, რომლებიც გამოხატავენ საერო კალენდრის (ჰიუპოუალი) ხუთ დამატებით დღეს, რომელიც შედგებოდა 18 პერიოდისგან, თითოში 20 დღით. ამგვარად, საბოლოოდ გამოდის 365-დღიანი საერო წელიწადი.

 
ქვის რეპლიკა

დღეების დასახელება (საათის ისრის საწინააღმდეგოდ):

  • სიპაქტლი — ნიანგი
  • ეჰეკატლი — ქარი
  • კალი — სახლი
  • კუეცპალინი — ხვლიკი
  • კოატლი — გველი
  • მიკისტლი — ქალა
  • მასატლი — ირემი
  • ტოჩტლი — კურდღელი
  • ატლი — წყალი
  • იცკინტლი — ძაღლი
  • ოსომატლი — მაიმუნი
  • მალინალი — ბალახი
  • აკატლი — ლერწამი
  • ოცელოტლი — იაგუარი
  • კუაუტლი — არწივი
  • კოსკაკუაუტლი — სვავი
  • ოლინი — მოძრაობა
  • ტეკპატლი — კაჟის დანა
  • კიაუიტლი — წვიმა
  • ჰოჩიტლი — ყვავილი

მეორე წრე

რედაქტირება

მეორე წრე შედგები კვადრატებისგან, რომლებზეც გამოსახულია ხუთი წერტილი, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოხატავენ კვირის ხუთ დღეს. გარდა ამისა, რვა კუთხე ქვას რვა ნაწილად ჰყოფს. ითვლება, რომ ეს მზის სხივებია, რომლებიც ჰორიზონტიის მხარეებს უჩვენებენ.

მესამე წრე

რედაქტირება

გარე წრეზე ქვას გარს ეხვევა ორი ცეცხლოვანი გველი ჰიუკოატლი ერთმანეთის პირისპირ (ქვემოთ). ერთ-ერთის სახე ნაწილობრივ შავია, მეორესი წითელი, რაც ორობითობას გამოსახავს — დღისა და ღამის მარადიულ ცვლას. გველების თავების უკან არის ბრჭყალებიანი თათები თვალებით, რომლებიც იმეორებენ ცენტრალურ დისკზე გამოსახული ტონატიუს თათებს. მათი სხეულები დაყოფილია მონაკვეთებად, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოსახავენ 52-წლიან ციკლს.

დისკის ზემოთა ნაწილში, გველების კუდებს შორის, არის კვადრატი, რომლის შიგნითაც ამოკვეთილია თარიღი 13 აკატლი (13 ლერწამი). თვლიან, რომ ეს თარიღი შეესაბამება 1479 წელს, როდესაც დამთავრდა მონოლიტზე მუშაობა, უფრო ზუსტად კი აჰაიაკატლის მმართველობის პერიოდს, რომლის ბრძანებითაც მზის ქვა გააკეთეს.

ქვის კიდეებზე ამოკვეთილია ოთხი ჭუჭრუტანა, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარ მანძილებზეა დაშორებული. შესაძლოა, მზის ქვა მზის საათის როლშიც გამოიყენებოდა: ჭუჭრუტანებში შეიძლებოდა ჯოხების ჩარჭობა, რომელთა ჩრდილიც ეცემოდა დისკის სიმბოლოს და ამგვარად დროის მონაკვეთს ასახავდა.

  1. Aztecs:Reign of Blood & Splendor. Virginia:Time Life, 1992.
  2. ვ. ევსიუკოვი. მითები სამყაროს შესახებ.— ნოვოსიბირსკი: მეცნიერება, 1988. თავი V, მსოფლიოს შექმნის საფეხურები
  3. თუმცა ანთროპოლოგიის ნაციონალურ მუზეუმში არსებულ აღწერაში ტონატიუს ნაცვლად გამოსახულია ჰიუტეკუტლი.
  4. Enrique Florescano, Raul Velazquez, Memoria mexicana, Fondo de Cultura Economica, 2002. ISBN 968-16-6526-0, 9789681665265. გვ. 112.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Antonio Lorenzo, Uso e interpretación del calendario azteca, Miguel Angel Porrúa, S.A. — 1979 México D.F.
  • León y Gama, Antonio de. Descripción histórica y cronológica de las dos piedras: que con ocasión del empedrado que se está formando en la plaza Pricipal de México, se hallaron en ella el año de 1790. Impr. de F. de Zúñiga y Ontiveros, 1792.
  • ი. ნერსესოვი. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მითები. — М.: ასტრელი, 2004. — 463 გვ. 160.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: