არომუნების ისტორია
ეს სტატია არის არომუნების ისტორიის შესახებ. ჩრდილოეთ ვლახების (რუმინელების) ისტორიის გასაცნობად, იხილეთ - რუმინეთის ისტორია.
წარმოშობა
რედაქტირებარუმინული დობრუჯა იყო ლათინურენოვანი რომაული პროვინცია მცირე სკვითიაში დაახლოებით 400 წლის განმავლობაში. ვლახები წარმოიშვნენ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ხალხებისგან, კერძოდ, რომაელი კოლონისტების (სხვადასხვა რომაული პროვინციიდან) და ლათინიზებული მკვიდრი ხალხების შერევის შედეგად. ვლახებს, სამხრეთ ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან, ზოგადად, მიაკუთვნებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც ჰქონდა თრაკიულ-ილირიული და ბერძნულ-რომაული (ელინისტური) წარმომავლობა. ბევრი ვლახი, "ბარბაროსების" (გერმანიკული, სლავური, ავარი და ბულგარული) შემოსევებისა და მე-5 და მე-7 საუკუნეების იმიგრაციების გამო, დასახლდა საბერძნეთის მიუდგომელ მთაგორიან ადგილებსა და ბალკანეთის სხვა ტერიტორიებზე. მათი უფრო ზუსტი წარმოშობის ადგილის დადგენა რთულია, რამდენადაც ისინი ცხოვრობენ მთელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. არომუნების ნახვა შესაძლებელია საბერძნეთში, ბულგარეთში, ალბანეთში და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში, ხოლო რუმინელების - რუმინეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, სერბეთსა და უნგრეთში. მათი საქმიანობა უმეტესად იყო ვაჭრობა, შინაური ცხოველების მოშენება, მეცხვარეობა და ხელოსნობა. დღესდღეობით, არ არის ზუსტად ცნობილი, თუ როდის განცალკევდნენ ძირითადი ჯგუფიდან თანამედროვე არომუნების წინაპარი ვლახები; ისტორიკოსები მე-5 და მე-9 საუკუნეებს შორის პერიოდს ვარაუდობენ.
ისტორია
რედაქტირებაბიზანტიის იმპერიის პერიოდი
რედაქტირებაამ პერიოდში, მიგრაციულმა ცხოვრების წესმა მათ ცუდი რეპუტაცია შესძინა. ახ. წ. 980 წელს იმპერატორმა ბასილი II-მ "თესალიის ვლახების" ბატონობა ერთ ადგილობრივ დიდგვაროვანს, ნიკულიცას დელფინასს ჩააბარა. ვლახებმა თესალიაში და მაკედონიის ნაწილებში პირველად დამოუკიდებლობა მოიპოვეს 1066 წლის აჯანყების დროს, რომელსაც მეთაურობდა პიროვნება, სახელად ვერივოი. ბიზანტიელი ავტორის, კეკაუმენოსის ჩანაწერების მიხედვით, იმპერიის წინააღმდეგ პირველი აჯანყება მოხდა 1066 წელს, მაგრამ ვლახებმა მხოლოდ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, იმპერიის დაცემის შემდეგ მოახერხეს საკუთარი ავტონომიური სამთავროს - "დიდი ვლახეთის" შექმნა. [1] ნიკიტას ქონიატეს, ბენიამინ ტუდელას,[2] ჯეფრი დე ვილჰარდუენის, ჰენრი დე ვალენსიენის, რობერტ დე კლერის და სხვა ისტორიკოსების წყაროები აღწერენ ამ ქვეყნის არსებობას, რომელიც მოიცავდა თესალიას და განსხვავდებოდა ორი სხვა ვლახური სახელმწიფოსგან: "პატარა ვლახეთი" აკარნანიასა და ეტოლიაში და "ზემო ვლახეთი" ეპირუსში. ეს ჩანაწერი ემთხვევა პირველი ვლახური სახელმწიფოებრივი გაერთიანებების პერიოდს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე: "დიდი ვლახეთი", ვლახეთი და მოლდავია. ესპანური წარმოშობის ებრაელი ბენჯამინ ტუდელა, რომელიც თესალიას ეწვია 1173 წელს, ვლახებს აღწერს, როგორც მთებში მცხოვრებ ხალხებს, რომლებიც ბარში ბერძნებზე თავდასხმის მოსამზადებლად ჩამოდიოდნენ. ბიზანტიის იმპერიაზე საუბრის დროს, ის დასძენს, რომ "არცერთ იმპერატორს არ შეეძლო მათი დაპყრობა".[3] 1210-იან წლებში შუა საუკუნეების სახელმწიფოს, "ეპიროსის" მიერ თესალიის დაპყრობის შემდეგ, ვლახები/არომუნები გახდნენ "ეპიროსის სახელმწიფოს" ჯარის ელიტური ქვედანაყოფები, რომელთა მიზანი იყო ლათინური ჯვაროსნების, ისევე, როგორც ბიზანტიის მტერი სახელმწიფოს, "ნიკეას" წინააღმდეგ ბრძოლა.[4] ივანკო იყო მცირე ავტონომიურ მიწაზე ვლახების ლიდერი, რომელმაც ვლახურ-ბულგარული სახელმწიფოს მმართველი, ჯონ ასან I მოკლა. ივანკომ ავტონომიურ ტერიტორიად გამოაცხადა მიწა მდინარეების - მარიცას და სტრუმას შორის და ეგეოსის ზღვის სანაპიროებისკენ, რაც ამ ადგილებში არომუნების დასახლებისთვის ხელსაყრელი იყო.[5]
ოსმალეთის იმპერიის პერიოდი
რედაქტირებაოსმალეთის იმპერიის პერიოდში, არომუნების კულტურა და ეკონომიკური სიძლიერე უფრო თვალშისაცემი გახდა, რამდენადაც ვლახები ძირითადად საქალაქო ცენტრებში ცხოვრობდნენ. მაგალითად, მოსკოპოლი, 60 000 მოსახლით, იმ დროს ბალკანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო (რომ შევადაროთ, იმ დროს, ათენი იყო სოფელი, 8000 მოსახლით). მოსკოპოლს ჰქონდა საკუთარი სტამბა და აკადემიები, ასევე, წყლისა და კანალიზაციის ქსელი. ისინი, "ბერძნული ორთოდოქსული მილეთის" ფარგლებში (თურქული ტერმინი კანონით დაცული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფებისთვის), სარგებლობდნენ რელიგიური და კულტურული ავტონომიის გარკვეული ხარისხით. მათ ჰქონდათ განსაკუთრებული სტატუსი და გათავისუფლებული იყვნენ კანონისგან, რომელიც არამუსულმანებს იარაღის ტარებას უკრძალავდა.[6] ასევე, მათ ოსმალებისთვის მხოლოდ მოკრძალებული ხარკის გადახდა უწევდათ. მიუხედავად ამისა, 1778 წელს, ალი ფაშას მეომრებმა თითქმის მთლიანად აღგავეს პირისგან მიწისა მოსკოპოლი. ეს ეპიზოდი და ორთოდოქსული (მართლმადიდებლური) რელიგია იყო ის ფაქტორები, რის გამოც ვლახები ველურად და ენერგიულად იბრძოდნენ ოსმალების წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ვლახები მთავარ როლს ასრულებდნენ სხვადასხვა ომსა და რევოლუციაში ოსმალებისგან თავის დასახსნელად, რისი კულმინაციაც იყო ისეთი ახალი სახელმწიფოების წარმოქმნა, როგორებიცაა დღეს: ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და საბერძნეთი.
არომუნების წარმოშობის საკითხი უნდა ვეძიოთ ადრეული ბერძნული პოლიტიკური ცხოვრების მთავარ გმირებში. ეს აიხსნება იმ ფაქტით, რომ არომუნებიდან ბევრმა, რომლებიც, როგორც აღინიშნა, ბერძნულ ორთოდოქსულ მილეთს ექვემდებარებოდნენ, ბერძნული სკოლებისა და ეკლესიების გავლენით, ამ უკანასკნელთა ენაზე დაიწყო საუბარი. ოსმალების მხრიდან დაშვებული იყო მხოლოდ ბერძნული სკოლებისა და ეკლესიების ფუნქციონირება, რომლებსაც, თავის მხრივ, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქები ინარჩუნებდნენ. ამდენად, ოსმალოთა თვალში, ისინი პრაქტიკულად გათანაბრებული იყვნენ ბერძნებთან. მაგალითად, მომავალი პატრიარქი ათენაგორა, დაბადებული "ოსმალურ ეპიროსში", ბერძნული წარმოშობის მქონე პირად ითვლებოდა. მაგრამ ზოგიერთ ვლახს თავისი ენის, ადათ-წესებისა და კულტურის შენარჩუნება სურდა. ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვლახებს ძლიერი რეაქცია ჰქონდათ ელინიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ. სერ ჩარლზ ელიოტი თავის ნაშრომში "თურქეთი ევროპაში" მკაფიოდ იძახის, რომ "...ბულგარელებს, სერბებსა და ვლახებს აქვთ თავიანთი მილეთები და არ თანამშრომლობენ ელინისტებთან" და რომ, "ჩვენ გვესმის ვლახი ჯგუფების შესახებ, რომლებიც იბრძვიან ბერძნების წინააღმდეგ კარაფერიას (ვერიას) რეგიონში".[7] აგრეთვე, არომუნებზე არსებობდა ზეწოლა, რათა ისინი გამხდარიყვნენ ენობრივად ასიმილირებული, რასაც მივყავართ უკან მე-18 საუკუნეში, როცა ბერძენი მისიონერი კოსმას აეტოლიელი (1714-1779 წწ.) ხელს უწყობდა ასიმილაციის მცდელობებს და იძახდა, რომ არომუნებს ბერძნულ ენაზე უნდა ელაპარაკათ, რადგან "ეს იყო ჩვენი ეკლესიის ენა". მანვე საფუძველი ჩაუყარა 100-ზე მეტი ბერძნული სკოლის არსებობას ჩრდილოეთ და სამხრეთ საბერძნეთში. სასულიერო პირების ეს ძალდატანება იყო არა იმდენად რელიგიური საკითხებით შეზღუდული, რამდენადაც ის იყო იარაღი არაბერძნულენოვანი ხალხის დასარწმუნებლად, რათა მათ უარი ეთქვათ "გამოუსადეგარ" ენაზე და მიეღოთ აღმატებული ბერძნული ენა: "აი, მეცოველო ძმებო (ქალაქი ეპიროსში), ჩვენ ვდგავართ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც საკუთარ თავს ასულელებენ ამ მდაბიო და უბადრუკი არომუნული ენით... მაპატიეთ, რომ მას მე ენას ვეძახი", "ამაზრზენი მეტყველება საზიზღარი დიქციით".[8] [9]
მათი ძირითადი საქალაქო ცენტრების განადგურების შემდეგ, ისტორიოგრაფია საუბრობს ვლახების "სოფლურ ცხოვრებაზე ხელახალი დაბრუნების" შესახებ, კერძოდ, ისინი დაუბრუნდნენ თავდაპირველ ტრადიციულ საქმიანობას და დაიწყეს მეცხოველეობა. რამდენიმე ათასი ვლახი, რომელთაგან ბევრი მიეკუთვნებოდა არომუნელთა ინტელიგენციას, ემიგრირდა ჩრდილოეთით ვლახეთში, მოლდავიაში, სერბეთში ან ჰაბსბურგთა იმპერიაში (განსაკუთრებით, ვენასა და ბუდაპეშტში).
არომუნელთა დიდი ნაწილი ცხოვრობდა მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. თავდაპირველად ისინი იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ ახ. წ. 1000 წლისთვის მათი უმრავლესობა გახდა ქრისტიანული სექტის, "ბოგომილ-პატარენეს" წევრი. ისინი, როგორც ამ ეკლესიის წევრები, გასერბდნენ და გახდნენ ორენოვანი ხალხები. მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის ზეწოლის შედეგად, არომუნები დაუბრუნდნენ მართლმადიდებლობას. ბოსნიაში მცხოვრებმა არომუნებმა კი "პატარენეს" სექტის წევრობა შეინარჩუნეს თურქული ოკუპაციის დაწყებამდე, როცა ისინი ამჯერად ისლამში მოექცნენ ეკონომიკური და რელიგიური მოტივების გამო. "პატარენეს" არომუნებმა ბევრი არტეფაქტი დატოვეს მთელს ბოსნიაში, განსაკუთრებით თავიანთ ნეკროპოლისებში, რომლებიც საფლავის ქვებით იყო ნაშენები და კლდის წარწერები - პეტროგლიფები ამშვენებდა.[10]
არომუნული იდენტობის გამოღვიძება და რუმინული დაფინანსება
რედაქტირებამათი აქ ჩამოსვლა დაემთხვა ევროპაში საფრანგეთის რევოლუციის იდეალების გავრცელებას: სახელმწიფოებრიობა, თანასწორობა, მშობლიური ენა და ადამიანის უფლებები. ჰაბსბურგების მიერ ოკუპირებულ ტრანსილვანიაში, ისინი უნდა დაკავშირებოდნენ ლათინოფილ რუმინულ ინტელიგენციას, რომელიც ცნობილია "ტრანსილვანიის სკოლის" სახელით. ეს ინტელექტუალები ეწეოდნენ რუმინელთა ეროვნული გამოღვიძების გამოწვევი იდეალების გავრცელებას, რაც ერთი საუკუნის განმავლობაში იყო შეწყვეტილი დე-იურედ ოსმალთა მმართველობის პირობებში. ეს ის დროა, როცა არომუნელი პიროვნებები გახდნენ სახელგანთქმული, როგორიცაა, მაგალითად, გეორგე როხა (ავტორი შრომისა "კვლევები რუმინელთა და ე.წ. ვლახების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ მდინარე დუნაის მიღმა", პეშტი, 1808 წ.). ასევე, პირველი მცდელობა, რომ მაკედო-რუმინელებისთვის შეექმნათ სალიტერატურო ენა იყო როხას 1809 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი. კიდევ ერთი არომუნელი ემიგრანტი იყო მიხაილ გ. ბოიაგი. 1813 წელს, მან ქალაქ ვენაში გამოაქვეყნა წიგნი "მაკედონო-ვლახური გრამატიკა". ბოიაგი წერდა: "მაშინაც კი, თუ ვლახები ჩემულობენ 'ჰოტენტოტულ' წარმომავლობას, მათ უნდა გააძლიერონ საკუთარ ენაზე ლაპარაკი, რაც ყველაზე შესაფერისი გზა იქნება მათი რწმენის განსახორციელებლად". ქალაქ მეცოვოში დაბადებული დიმიტრი კოზაკოვიჩი 1865 წელს ბუქარესტში გამოსცემს წიგნს ("რუმინული გრამატიკა, რომელიც ემსახურება მდინარე დუნაის სამხრეთით მცხოვრებ რუმინელებს, რათა აღნიშნოს პირველი რუმინული სკოლის გახსნა მაკედონიაში").
ერთი საუკუნის შემდეგ, 1860 წლიდან მოყოლებული თითქმის 100 რუმინული სკოლა გაიხსნა ოსმალოთა ტერიტორიებზე მაკედონიასა და ალბანეთში. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა წამოვიდა ბუქარესტში მცხოვრები არომუნების დიასპორის მხრიდან. მაკედონიასა და პინდუსში ვლახების სკოლის პირველი ბირთვი უნდა დაარსებულიყო 1860 წელს და ამის ინიციატორები იყვნენ ბუქარესტში მაშინ მცხოვრები არომუნები: დ. დ. კოზაკოვიჩი (ქალაქ მეცოვოს მკვიდრი). ზისუ სიდერი, იორდაჩე გოგა (კლისოურას მკვიდრი) და სხვები. მათ ერთობლივად წამოიწყეს "მაკედო-რუმინული კულტურის საზოგადოება", მაშინდელი რუმინული მმართველი კლასის მხარდაჭერით. "მაკედო-რუმინული კულტურული საზოგადოების" წევრები, ასევე, იყვნენ საგარეო და პრემიერ-მინისტრები, ისევე, როგორც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი და რუმინული პოლიტიკური კლასის ელიტა: მიხაილ კოგალნიცეანუ, იონ გიკა, კონსტანტინ როზეტი და სხვ.
არომუნების გამოღვიძების დროს ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა იყო აპოსტოლ მარგარიტი, სამხრეთ მაკედონიაში, პინდუსის მთების ფერდობებზე, სოფელ ავდელას მკვიდრი. ჯერ კიდევ 1862 წელს, აპოსტოლ მარგარიტმა, მაკედონიაში, კასტორიის რეგიონში, კერძოდ, კარგად განვითარებულ ქალაქ კლისოურას (ვლახო-კლისურას) სკოლაში მშობლიური ენა დანერგა. კასტორიის რეგიონის ბერძენი ეპისკოპოსი, ნიცეფეროსი მრავალი წელი ცდილობდა ამ სკოლის დახურვას, მაგრამ უშედეგოდ. 1879 წლის დეკემბერში, მოხდა აპოსტოლ მარგარიტზე პირველი წარუმატებელი თავდასხმა, თუმცა, 1890 წლის დეკემებერში, მეორე მცდელობისას, იგი დაჭრეს. ვლახური სკოლები არსებობდა კლისოურაში, კრუშევოში, ნიზეპოლეში, ტრნოვოში, გოპეშში, ოჰრიდში, პინდუსის მთებზე განფენილ ძველ ავდელაში და ვერიასთან ახლოს მდებარე ახალ ავდელაშიც. მოგვიანებით, უფრო მეტი სკოლა გაიხსნა მაკედონიაში, ხოლო 1880-იან წლებში, ბიტოლაში დაარსდა ვლახების საშუალო სკოლა. ბერძნები ბუნებრივად იყვნენ შეშფოთებულები ვლახების ეროვნული გამოღვიძების გამო. ბალკანეთის ომების დაწყებამდე, ამ პროცესმა კულმინაციას მიაღწია, რადგან ვლახურ ენაზე ფუნქციონირებდა 6 საშუალო განათლების გიმნაზია და 113 დაწყებითი სკოლა. ოსმალთა რუმელიას პროვინციაში, ბერძნული ეკლესიის მხრიდან მომდინარე ზეწოლის გამო, ვლახებს და მათ სკოლებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. 1880 წელს, ბერძენი პარტიზანები თავს დაესხნენ რესენთან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელს იმ მოტივით, რომ საეკლესიო მსახურებაში ვლახების ჩართვით სოფლის მღვდლებმა მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინეს. ამავე წელს, კასტორიის ბერძენმა ეპისკოპოსმა კლისაურას სკოლის დირექტორი დააპატიმრებინა, რადგან ის ვლახებს მშობლიურ ენას ასწავლიდა. 1903 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა არომუნების ორგანიზაცია "საზოგადოება ფარშაროტუ". ვლახების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი იყო 1905 წლის 23 მაისი, როცა სულთანმა გამოსცა დეკრეტი, რომელიც ოფიციალურად აღიარებდა ვლახებს და სკოლებისა და ეკლესიების შენარჩუნებით, მათ უფლებებსაც ამტკიცებდა. დეკრეტის გამოცემის შემდეგ, ბერძენმა ეპოსკოპოსებმა და შეიარაღებულმა ჯგუფებმა წამოიწყეს ტერორისტული კამპანია, რათა არომუნებს გადაეფიქრებინათ საკუთარი უფლებებით სარგებლობა. 1905 წელს, ბერძნულმა დაჯგუფებამ მოკლა მეგლენის რეგიონში მდებარე ვლახების წმინდა მთავარანგელოზის მონასტრის წინამძღვარი. ამავე წლის ზაფხულში კი, თავს დაესხნენ ბიტოლას მახლობლად მდებარე სოფლებს, ხოლო 27 ოქტომბერს ბერძენმა პარტიზანებმა შეუტიეს აპოსტოლ მარგარიტის დაბადების ადგილს, კერძოდ, ეპინდუსში მდებარე სოფელ ავდელას და ის აღგავეს პირისაგან მიწისა. შემდეგ, 1906 წელს, ქალაქ ვერიაში, მოკლეს საღმრთო ლიტურგიის მსახურებაზე მიმავალი მღვდელი პაპანაცე. 1905 წლის 27 ოქტომბერს, გარდა ზემოთ აღნიშნული მოვლენებისა, ბერძენმა პარტიზანებმა დაწვეს და პირისაგან მიწისა აღგავეს ჯერ კიდევ 1867 წელს რუმინელთა დაფინასნებით დაარსებული ერთ-ერთი პირველი ვლახური სკოლა, რომელიც პინდუსის რეგიონის სოფელ ავდელაში მდებარეობდა.[11] ამ მოვლენამ ბიძგი მისცა 1905 წლის შემოდგომაზე ბუქარესტში, იქ მცხოვრები არომუნების მიერ ანტიბერძნული დემონსტრაციების დაწყებასა და რუმინეთ-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.[12]
რუმინეთმა, ავსტო-უნგრეთის იმპერიის მხარდაჭერით, მიზანს მიაღწია და 1905 წლის 22 მაისს გამოცემული დეკრეტით, სულთანმა აბდულჰამიდ II-მ შექმნა არომუნების ("ვლახების") განცალკევებული მილეთი (ეთნო-რელიგიური თემი). ასე რომ, "ვლახეთის მილეთს" შეეძლო საკუთარი ეკლესიები და სკოლები ჰქონოდა.[13] ეს იყო მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში თურქეთის ევროპულ ნაწილში რუმინეთის ეროვნული სააგიტაციო პოლიტიკის წარმატება. შესაბამისად, 1905 წლის 23 მაისი, ანუ ამ ღონისძიების გამართვიდან მეორე დღე, არომუნების ეროვნულ დღესასწაულად აღინიშნება.[14]
რუმინეთმა სკოლების დაფინანსება 1948 წლამდე განაგრძო, როცა ყველანაირი კავშირები კომუნისტურმა რეჟიმმა გაწყვიტა. ჯორჯ პადიოტი, არომუნელი ავტორი (დაბადებული და მცხოვრები საბერძნეთში) აღწერს ვლახების ერთ-ერთი უკანასკნელი ლიტურგიის მსახურებას: "1944 წლის გაზაფხულზე გერმანელმა ჯარისკაცებმა დაწვეს არომუნული ეკლესია. მღვდელმა კოსტა ბაკოუმ უკანასკნელი ნებადართული ლიტურგია არომუნელთა ენაზე ჩაატარა. ამის შემდეგ, მას აღარ მისცეს ლიტურგიის გაგრძელების უფლება, რადგან მღვდელმა უარი განაცხადა საეკლესიო მსახურება ბერძნულ ენაზე ჩაეტარებინა". სევოლდ ბრაგას ტრაქტატის თანახმად, რუმინელთა დახმარება მყისიერად შეწყდა კომუნისტების მოსვლის შემდეგ. ბრაგას აზრით, ფაქტობრივად, რუმინეთმა ნამდვილი სახე გამოაჩინა, იყენებდა რა არომუნებს ოსმალების მმართველობის დროს პირადი მიზნებისთვის, ხოლო მათი წასვლის შემდეგ, უარყო ისინი.
ბერძენი ისტორიკოსები, ვლახებზე საუბრის დროს, ამბობენ, რომ მაკედონიაში, ეპიროსში და ალბანეთის ნაწილებში მდებარე რუმინელთა დაფინანსებულ სკოლებსა და ეკლესიებში დამსწრე ვლახები იყვნენ რუმინული პროპაგანდის მსხვერპლნი, რადგან ისინი აგზავნიდნენ ბავშვებს სკოლაში, სადაც მათ ასწავლიდნენ, რომ ისინი წარმოადგენდნენ რუმინულ ერს.
სკოლების დაფინანსების გამო, საბერძნეთმა რუმინეთი ოსმალებთან ალიანსის შექმნაში დაადანაშაულა. ვლახები, 1878 წლის ბერლინის ხელშეკრულებით აღიარებული, როგორც ცალკე ერი, პირველად შეიყვანეს 1881 წელს საბერძნეთის შემადგენლობაში, როცა უძლიერესმა სახელმწიფოებმა (Great Powers) თესალია და ეპიროსის ნაწილები საბერძნეთს შესთავაზეს. ახალი საზღვრებით ორ ნაწილად გაყოფის გამო, პროვინციის ვლახების უმრავლესობამ თხოვნით მიმართეს უძლიერეს სახელმწიფოებს,[15] რათა ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში დარჩენილიყვნენ, მაგრამ ამაოდ. საბერძნეთი, დიდი იდეის თანახმად, "დიადი საბერძნეთის" შექმნის პოლიტიკას ატარებდა. პირველი ბალკანური ომის შემდეგ, 1913 წელს, არომუნელთა უმეტესობა მოექცა საბერძნეთის სახელმწიფოს საზღვრებში, რადგან ამ უკანასკნელის შემადგენლობაში შევიდა დანარჩენი ეპიროსი და მაკედონიის ნაწილები.
დაახლოებით ამ დროს, დასავლელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს არომუნელთა შესახებ პირველი კვლევები. ეს მეცნიერები იყვნენ: რებეკა უესტი, ოსბერტ ლანკასტერი და სერ ჩარლზ ელიოტი. ლანკასტერმა, რომელიც საბერძნეთს ეწვია 1947 წელს, განაცხადა: "მიუხედავად იმისა, რომ მეცოვო, პატარა ცენტრის შუაში უზარმაზარი ჭადრის ხეებით, ქვებით მოკირწყლული ქუჩებითა და ბარაქიანი ბაღებით, არის ეპიროსის ბევრი სოფლის მსგავსი, მაცხოვრებლების თვალსაზრისით, მაინც უნიკალურია. ვლახები, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან, არიან ადგილობრივი ხალხები. არსებობს გარკვეული ალბათობა, რომ ისინი არიან დუნაის ხეობის რომაელი კოლონისტების შთამომავლები. ვლახები წარსულში უფრო მეტნი იყვნენ რაოდენობრივად, ვიდრე დღეს არიან. ისინი იკავებდნენ თრაკიასა და მაკედონიის დიდ ნაწილებს და მე-20 საუკუნეში თესალიაში მათ მიერ დაარსებული ბულგარო-ვლახეთის იმპერია პრაქტიკულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა თურქების გამოჩენამდე."
"მიუხედავად მეჯოგეობის, ცხენების მოშენების, მეცხვარეობის და დროებით ნაგებ მოწნულ ქოხებში ცხოვრებისა, საქალაქო დასახლებების არსებობა, რითაც მეცოვო ყველაზე მეტად გამოირჩევა, ჩანს, ამტკიცებს ეჭვს, რომ მომთაბარეობა იყო არა ბუნებრივი, არამედ შეძენილი. ზოგადად, ისინი არიან ხასიათით უფრო სამართლიანი და ჩვევებით უფრო შრომისმოყვარეები, ვიდრე მათი მოძულე ბერძნები."
"ვლახები, ეს ძალიან საინტერესო ხალხი, არიან არა ბერძნები, არამედ მომთაბარეების მოდგმა, რომლებიც ბალკანეთის მიწებიდან ჩამოვიდნენ ზამთარში ნახირთან ერთად და ცივი თვეები გაატარეს საბერძნეთში. ისინი საქმით მეცხვარეები არიან და მათი ტომობრივი სახელი უძველესი პროფესიის მსგავს სინონიმად იქცა. ზოგადად, ისინი არიან იმდენად გულკეთილები, რამდენადაც თვალწარმტაცები, სრულიად სტუმართმოყვარე და კარგი ათლეტები, რამდენადაც მათ ინგლისელი კონსული იცნობს."
მეორე მსოფლიო ომი და ომთაშორისი პერიოდი
რედაქტირებაარომუნების ისტორიაში ძალიან საინტერესოა ომთაშორისი პერიოდი. მთავარი მოვლენა იყო მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში არომუნების იმიგრაცია. ვლახების უეცარი აყრის ერთ-ერთი მიზეზი დაკავშირებული იყო ბერძნული სახელმწიფოს პოლიტიკასთან, რომელსაც 1,5 მილიონი მცირე აზიელი ბერძენი უნდა განეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე. ეს იყო საბერძნეთსა და თურქეთს შორის 1923 წელს მოსახლეობის გაცვლის შედეგი. გარდა ამისა, რუმინეთის სახელმწიფომ მათ შესთავაზა მიწა და პრივილეგიები იმ მიზნით, რომ ბულგარეთისთვის წართმეული ახალი პროვინცია "დორბუჯა" ადამიანებით დაესახლებინა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის მოსახლეობის 25%-ის წარმოშობა კვლავ საბერძნეთს უკავშირდება.
ბოლო მნიშვნელოვანი ეპიზოდი ეხება "პინდუსის სამთავროს". მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიის მიერ საბერძნეთის ოკუპაციამ შექმნა შესაძლებლობა არომუნებისთვის, რომ მათ შეექმნათ, როგორც თვითონ უწოდებდნენ, "ვლახეთის სამშობლო". ეს ფაშისტური მარიონეტული სახელმწიფო ვერც კი იარსებებდა 1943 წელს ომიდან იტალიის გამოთიშვის შემდეგ.
ომისშემდგომი ვითარება საბერძნეთში
რედაქტირებაარომუნები, დღესდღეობით, ცხოვრობენ 50 წლის წინ ვლახურ ენაზე დახურული ბოლო სკოლისა და ეკლესიის გარეშე. ძველი ტერმინი "ვლახები" ბერძნებისთვის კვლავ "დამამცირებელია".[16] მიუხედავად ამისა, 1974 წელს პოლკოვნიკების რეჟიმის დაცემის შემდეგ, ენისა და კულტურის გადასარჩენად, პირველი ადგილობრივი კულტურული ორგანიზაციები შეიქმნა. ამ ორგანიზაციებს არასდროს არ ჰქონიათ მთავრობის მხარდაჭერა. არომუნული ენა არასდროს არ ყოფილა ბერძნული განათლების პროგრამის ნაწილი, რამდენადაც ის ყოველთვის მიჩნეული იყო უხამს ენად. პირიქით, მისი გამოყენება ძლიერ დაბრკოლებას წარმოშობდა. ასეთმა მიდგომებმა ბევრ ვლახ მშობელს უბიძგა, დისკრიმინაციისა და ცუდი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, შვილებისთვის მშობლიური ენის სწავლა დაეშალა.[17] დღესდღეობით, არომუნელი ბავშვებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მშობლიურ ენაზე განათლება და, ამასთანავე, არ არსებობს არავითარი სატელევიზიო და რადიო სადგურები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად არომუნელთა ენაზე იმაუწყებლებდა.
გერმანიაში "არომუნული ენისა და კულტურის კავშირის" ზეწოლის შემდეგ,[18] "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ" განიხილა 1997 წელს არომუნების მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც იუწყებოდა არომუნული ენისა და კულტურის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ და შეიმუშავა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საბერძნეთის მთავრობას რაც საჭირო იყო, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა არომუნულ ენაზე განათლების მიწოდების, არომუნული კულტურის პატივისცემის და ამ ენის ეკლესიებსა და მასმედიაში გამოყენებასთან დაკავშირებით.[19] ბერძენი ვლახები შეეწინააღმდეგენ ევროკავშირისა და მოწინავე ბერძენი პოლიტიკური მოღვაწეების შემოთავაზებას, რომ არომუნული ენა განათლების სისტემაში მიეღოთ, რადგან ამაში მათსა და სხვა ბერძნებს შორის ხელოვნურ განსხვავებას ხედავდნენ. მაგალითად, ყოფილმა განათლების მინისტრმა, ჯორჯ პაპანდრეუმ, არომუნული ენის საცდელი საგანმანათლებლო პროგრამის იდეის წამოყენების გამო, მიიღო უარყოფითი გამოხმაურება არომუნული გაერთიანებებიდან. "ვლახთა კულტურული ასოციაციების პანელინურმა ფედერაციამ", ასევე ძლიერი წინააღმდეგობა გამოხატა "ევროპის საბჭოს" რეკომენდაციის მიმართ 1997 წელს იმასთან დაკავშირებით, რომ არომუნების ენაზე სწავლება მხარდაჭერილი უნდა ყოფილიყო, რათა ენის გაქრობის საფრთხე თავიდან აეცილებინათ.[20] მეორე მხრივ, ამ თემში არის პატარა უმცირესობა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს მსგავს ძალისხმევებს. ეპიროსში, კერძოდ, მეცოვოში სტუმრობის დროს, საბერძნეთის პრეზიდენტმა კონსტანტინოს სტეფანოპულოსმა არომუნებს მოუწოდა, რომ ემეტყველათ და ესწავლათ თავიანთი ენა, რათა ის არ დაკარგულიყო. მიმდინარე ეტაპზე, არცერთი სკოლა და ეკლესია არ ფუნქციონირებს არომუნელთა ენაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არომუნელი საკუთარ თავს მიიჩნევს როგორც ვლახად, ისე ბერძენად, ადგილობრივი ვლახი მაცხოვრებლების პატარა სეგმენტი ბერძნებისგან სრულიად განცალკევებით იდენტიფიცირდება. ჩანს, რომ ეს არის პინდუსის შედარებით შორეული რამდენიმე სოფლის შემთხვევა, სადაც გაბატონებული ბერძნული კულტურისგან თავშესაფრის მპოვნელი ვლახების ძველი თაობა ცალკე ენაზე საუბრობს და ცალკე ადათ-წესებს მისდევს. გერმანელი აკადემიკოსი თედე კალი, რომლის ფართო პერსპექტივა საბერძნეთის არომუნელთა თემზე, ზოგიერთმა ნაციონალისტმა ეჭვქვეშ დააყენა, თავის ნაშრომში "არომუნელთა ეთნიკურობა 1990 წლის შემდეგ: უმცირესობის იდენტობა, რომელიც უმრავლესობასავით იქცევა" ამტკიცებს: "პრო-ვლახი არომუნელები ჯერ კიდევ ცხოვრობენ საბერძნეთში, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ერთ დროს ბერძნებმა დაუშვეს ძლიერი ვლახი თემების არსებობა. ეს სოფლებია: ავდელა, პერივოლი, სამარინა, ვოვუსა, კრანია, ედესა, ვერია და მიმდებარე ტერიტორიები, ისევე, როგორც კასტორიასა და იოანინას რაიონების რამდენიმე სოფელი. მთლიანობაში, სახეზეა განლევადი და ძალიან მცირე რაოდენობით არომუნელი". დებატები და დისკუსია გრძელდება, განსხვავებული პერსპექტივების თანხლებით. საბერძნეთის ვლახები დაჟინებით ამბობენ, რომ ისინი ბედნიერი არიან ორმაგი იდენტობით. საბერძნეთსგარეთა ზოგიერთი ვლახი კი ვარაუდობს სირთულეებს, რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს სოტირის ბლეტსასის შემთხვევით. ბლეტსასი დააკავეს საბერძნეთში 1995 წელს, არომუნელთა ფესტივალზე, როცა ის "ნაკლებად გამოყენებული ენების ევროპული ბიუროს" მასალის ასლებს არიგებდა.[21] ის სასამართლოს წინაშე წარსდგა 2001 წლის 2 თებერვალს და თავდაპირველად დააკავეს, თუმცა, შემდგომ, 2001 წლის 18 ოქტომბერს გაათავისუფლეს.[22]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ D. Seward and S. Mountgarret - Byzantium: A Journey and a Guide; Harrap, London 1985 (p.183 etc.): Metsovo is the Greek capital of this shepherd race. After the Empire's temporary collapse in 1204 the Vlachs even set up their own kingdom of Great Wallachia.
- ↑ Libro de Viages de Benjamin de Tudela, Volume VIII, p. 63.
- ↑ Libro de Viages de Benjamin de Tudela.
- ↑ Osswald, Brendan. The Ethnic Composition of Medieval Epirus. S.G. Ellis; L. Klusakova. Imagining frontiers, contesting identities, Pisa University Press, 2007, p.129. ISBN 978-88-8492-466-7
- ↑ John V. A. Fine, The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century, University of Michigan Press, 1994, p. 31.
- ↑ N. Malcolm: "Bosnia: A Short History". P. 66.
- ↑ Sir Charles Eliot: “Turkey in Europe”, London 1908, re-printed: Frank Cass & Co. Ltd - London 1965, pp.370-379;
- ↑ Neofytos Doukas, "Logos peri katastaseos skholeion".
- ↑ Thede Kahl, Ethnizität und räumliche Verteilung der Aromunen in Südeuropa. Münster, 1999.
- ↑ Isidor Ieşan, Secta patarenă în Balcani şi în Dacia Traiană. Institutul de arte grafice C. Sfetea, București, 1912.
- ↑ Constantin Papanace: "A Memorandum to the United Nations in favour of the Macedo-Romanians", 1955.
- ↑ Encyclopædia Britannica, Eleventh Edition, 1911.
- ↑ Klaus, Roth (eds.). The ethnicity of Aromanians after 1990: the Identity of a Minority that Behaves like a Majority. Ethnologia Balkanica, Vol. 6 (2002), p. 148.
- ↑ Minduiri, Isturii (24 May, 2020). „Nikola Minov: Why don't all Aromanians celebrate May 23 as their national day?“. ციტირების თარიღი: 27 November, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Sir Charles Eliot - "Turkey in Europe" - London 1908, re-printed 1965 (pp. 370-382; 430 - 441): "..After the Greco-Turkish war the Vlachs of Thessaly petitioned the Powers that they might be placed under Ottoman and not Greek Government." [...]
- ↑ Nandris, John. "The Aromani" (In "World Archaeology" 17/1985, p. 261).
- ↑ Greek Monitor of Human & Minority Rights. 1 (3). 1995. ციტირების თარიღი: 18 October, 2013.
- ↑ Baicu, Cornel (29 August, 2003). „"Rumänien ist für uns eine zweite Heimat"“ (გერმანული). Deutsche Welle. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Recommendation 1333 (1997) on the Aromanian culture and language. Parliamentary Assembly of the Council of Europe (24 June, 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 6 July, 2011
- ↑ Letter to Chapters No. 167 (in Greek). Panhellenic Federation of Cultural Associations of Vlachs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 12 August, 2014
- ↑ It's not Greek enough to them. Aromanian Vlachs: The Vanishing Tribes (13 July, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2023-04-04.
- ↑ Kahl, Thede. Istoria Aromânilor, Editura Tritonic, 2005, București, ISBN 973-733-041-2, pp. 133-134.
- Lozovan, Eugen. Romani şi barbari pe cursul mijlociu al Dunării.
- Wollf, R. – The 'Second Bulgarian Empire.' Its Origin and History to 1204 – Appendix A, on the Vlachs