დოდო ანთაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ანთაძე, დოდო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანთაძე.

დოდო კონსტანტინეს ძე ანთაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1900, ვარძია, ხარაგაულის რაიონი, რუსეთის იმპერია — გ. 18 აპრილი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე, საქართველოს სახალხო არტისტი (1940), სსრკ სახალხო არტისტი (1971).

დოდო კონსტანტინეს ძე ანთაძე
კოტე მარჯანიშვილი და დოდო ანთაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1919-1920 წლებში სწავლობდა თბილისის ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-1925 წლებში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო 1925 წლიდან რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში, 1927-1928 წლებში რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში. 1928 წ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი, 1928-1933 წლებში რეჟისორია ქუთაისში, კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში (სადაც ბევრი მარჯანიშვილისეული დადგმის თანაავტორი იყო). 1933-1938 წლებში მუშაობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938-1952 წლებში კი — ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად, 1952-1957 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრის, ხოლო 1957-1962 წწ. რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორად. 1962-1974 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

ანთაძის რეჟისორული ხელოვნება მკაფიო იდეური მიმართულებითა და მხატვრული ჩანაფიქრის მთლიანობით ხასიათდება. მის სარეჟისორო შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს თანამედროვეობის ამსახველ სპექტაკლებს.

ანთაძის დადგმებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: პ. კაკაბაძის „მიწისძვრა“ (1925), გ. ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ“ (1932) და „იცკა რიჟინაშვილის“ (1937), შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“ (1934) და „გუშინდელნი“ (1939), ა. აფინოგენოვის „შორეული“ (1936), ვ. გაბესკირიას „მათი ამბავი“ (1939), უ. შექსპირის „ოტელო“ (1939) და „მეფე ლირი“ (1941), ა. სუხოვო-კობილონის „კრეჩინსკის ქორწინება“ (1944), ფ. შილერის „ყაჩაღები“ (1948), ნ. გოგოლის „რევიზორი“ (1952), ს. შანშიაშვილის „ხევისბერი გოჩა“ (1957) და სხვა.

ანთაძე ავტორია მემუარებისა „დღენი ახლო წარსულისა“ (ორ ტომად, 1962-1966), რომელშიც აღწერილია ქართული საბჭოთა თეატრის შექმნის ისტორია, დახატულია კ. მარჯანიშვილისა და მისი მოწაფეების შემოქმედებითი პორტრეტები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 456-457.
  • ჯანელიძე დ., სახიობა, ტ. 2, თბ., 1972;
  • ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 156-157, თბ., 1997
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 51, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: