ანდრია ერიომენკო
ანდრია ივანეს ძე ერიომენკო[1] (დ. 14 ოქტომბერი [ძვ. სტ. 2 ოქტომბერი], 1892, სოფ. მარკოვკა, ახლანდელი დაბა უკრაინის ლუგანსკის ოლქში — გ. 19 ნოემბერი, 1970, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა მხედართმთავარი, საბჭოთა კავშირის მარშალი (1955), საბჭოთა კავშირის გმირი (1944). გლეხის ოჯახიდან. დაამთავრა მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1935). სამხედრო სამსახურში იყო 1913 წლიდან, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს დემობილიზებული იქნა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. სამოქალაქო ომის დროს 1918 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა პარტიზანული რაზმი, რომელიც შემდგომში წითელ არმიას შეუერთდა. 1919 წლის შუა ხანებიდან მონაწილეობდა ბრძოლებში სამხრეთის, კავკასიისა და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტებზე, იყო ოცეულის, დაზვერვისა და პირველი ცხენოსანი არმიის საკავალერიო ბრიგადის მეთაური. 1922–1938 წლებში წითელი არმიის კავალერიის სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობებზე იმყოფებოდა. 1938 წლის ივნისიდან მეთაურობდა მე-6 საკავალერიო კორპუსს (რომლითაც მონაწილეობდა წითელი არმიის ლაშქრობაში პოლონეთში), 1940 წლის ივნისიდან — ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე-3 მექანიზირებულ კორპუსს, 1941 წლის იანვრიდან — შორეული აღმოსავლეთის არმიის 1-ლ წითელდროშიან დანაყოფს, ივნისიდან — იმიერბაიკალეთის სამხედრო ოლქის მე-16 არმიას. დიდი სამამულო ომის დაწყებიდან იყო დასავლეთის ფრონტის უფროსი (30 ივნისი – 2 ივლისი, 1941), უფროსის მოადგილე (ივლისი – აგვისტო). 1941 წლის აგვისტო-სექტემბერში მეთაურობდა ბრიანსკის ფრონტს, რომელიც მოსკოვის მისადგომებს იცავდა სამხრეთ-დასავლეთიდან. ფრონტის მებრძოლებმა ვერ შეძლეს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ზურგში მოწინააღმდეგის მოქცევისაგან არიდება და მათი ტულაზე შეტევის შეჩერება. დეკემბრიდან მეთაურობდა ჩრდილო-დასავლეთის (1943 წლის 22 იანვრიდან — კალინინის) ფრონტის მე-4 დამრტყმელ არმიას, რომელმაც თავი გამოიჩინა მოსკოვის დაცვის დასკვნით ეტაპზე. 1942 წლის იანვარში მძიმედ დაიჭრა. ამავე წლის აგვისტოდან მეთაურობდა სამხრეთ-აღმოსავლეთის (28 სექტემბრიდან — სტალინგრადის) ფრონტს, დიდი წვლილი შეიტანა სტალინგრადის დაცვის ორგანიზებაში. 1942 წლის დეკემბერში მებრძოლთა დაცვამ მდინარე მიშკოვაზე ანდრია ერიომენკოს მეთაურობით გერმანიის არმიათა ჯგუფ „დონს“ საშუალება არ მისცა გაერღვიათ ხაზი ალყაშემორტყმული დაჯგუფებისკენ, აიძულა იგი, რომ გადასულიყო თავდაცვაზე და შეეწყვიტა განბლოკვის ცდა. 1943 წელს მეთაურობდა სამხრეთის ფრონტს, თებერვალში ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა. აპრილში დაინიშნა კალინინის ფრონტის უფროსად, 1943 ნოემბრიდან 1944 თებერვლამდე იყო უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკში. 1944 წელს მეთაურობდა ზღვისპირეთის ცალკეულ არმიას, აპრილიდან — ბალტიისპირეთის მე-2 ფრონტს, რომლის მებრძოლები ბალტიისპირეთის 1-ლ და მე-3 ფრონტებთან ერთად მონაწილეობდნენ ლატვიის განთავისუფლებაში. 1945 წლის მარტიდან მეთაურობდა უკრაინის მე-4 ფრონტს, რომლის მებრძოლებმა განახორციელეს მორავია-ოსტრავის შეტევითი ოპერაცია და უკრაინის 1-ლი და მე-2 ფრონტების მებრძოლებთან ერთად მონაწილეობდნენ პრაღის ოპერაციაში. ომის დასრულების შემდეგ მეთაურობდა კარპატისპირეთის (ივლისი, 1945 – ოქტომბერი, 1946), დასავლეთ ციმბირის (ოქტომბერი, 1946 – ნოემბერი, 1953) და ჩრდილოეთ კავკასიის (ნოემბერი, 1953 – აპრილი, 1958) სამხედრო ოლქების მებრძოლებს.
ანდრია ივანეს ძე ერიომენკო | |
---|---|
Андре́й Ива́нович Ерёменко | |
დაბადების თარიღი | 2 (14) ოქტომბერი, 1892 |
დაბადების ადგილი | მარკოვკა, სტრებელსკის მაზრა, ხარკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 19 ნოემბერი, 1970 (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, სსრკ |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია რსფსრ სსრკ |
ჯარის სახეობა | სამხედრო კავალერია და ქვეითი ჯარი |
სამხედრო სამსახურის წლები |
1913 — 1917 1918 — 1970 |
წოდება | საბჭოთა კავშირის მარშალი |
მეთაურობდა | Western Front |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი, წითელი არმიის ლაშქრობა პოლონეთში, დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები |
|
1956 წლიდან იყო სკკპ ცკ წევრობის კანდიდატი. 1958 წლიდან — საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორი.[1] სსრკ უმაღლესი საბჭოს II–VIII მოწვევის დეპუტატი.
დაჯილდოებულია ლენინის 5 (1938 და სხვ.), წითელი დროშის 4 (1926 და სხვ.), სუვოროვის I ხარისხის 3 (1943 და სხვ.), კუტუზოვის I ხარისხის (1943) და სხვა ორდენებით.
თხზულებები
რედაქტირება- Боевые эпизоды. Походы Первой Конной армии. Ростов н/Д., 1957;
- На западном направлении. М., 1959;
- Против фальсификации истории второй мировой войны. 2-е изд. М., 1960;
- Сталинград. М., 1961;
- В начале войны. М., 1965;
- Годы возмездия, 1943–1945. 2-е изд. М., 1985.
ლიტერატურა
რედაქტირება- Дороги храбрых. Донецк, 1967;
- Галицан А. С. Командующий Сталиградским фронтом // Военно-исторический журнал. 1972. № 11;
- Абрамов А. А. У Кремлевской стены. М., 1974;
- Шестернев А. Только вперед, на линию огня // Полководцы Великой Отечественной. М., 1988;
- Маршалы Советского Союза: личные дела рассказывают. М., 1996;
- ЕРЁМЕНКО // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 687-688.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 191.