ანდალუსიური ძაღლი
ანდალუსიური ძაღლი (ფრანგ. Un chien andalou) — ლუის ბუნიუელისა და სალვადორ დალის განთქმული სიურრეალისტური ფილმი, რომელიც 1929 წელს გამოვიდა პარიზში.
„ანდალუსიური ძაღლი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ლუის ბუნიუელი |
პროდიუსერი | ლუის ბუნიუელი |
სცენარის ავტორი | ლუის ბუნიუელი, სალვადორ დალი |
როლებში | ლუის ბუნიუელი, სალვადორ დალი, პიერ ბატჩეფი, სიმონა მარეილი |
კომპოზიტორი | რიხარდ ვაგნერი |
ოპერატორი | ალბერტ დუვერგერი |
მონტაჟი | ლუის ბუნიუელი |
გამოსვლის თარიღი | 1929 |
ხანგრძლივობა | 16 წუთი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი შავ-თეთრია და წარმოადგენს სიურრეალისტური, ხშირად შოკისმომგვრელი სურათებისა და სცენების კრებულს. ფილმი იწყება პროლოგით, სადაც ლუის ბუნიუელი ჯერ ლესავს დანას, შემდეგ გადის აივანზე და სავარძელში მჯდომ ქალს დანით თვალს უსერავს. ამავდროულად ღრუბელი გადაკვეთს სავსე მთვარის დისკოს.
სხვა სცენები აბსურდულია და ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებული არ არის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიტრებით: "რვა წლის შემდეგ", "ხვალ სამ საათზე", "თექვსმეტი წლის წინ" და "გაზაფხულზე". ფილმის ყველაზე ცნობილი სცენებია: კაცის ხელებში მოქცეული ქალის მკერდი, რომელიც საჯდომად გადაიქცევა; კაცის ხელისგული, რომელზეც ხვრელია, საიდანაც ჭიანჭველები ამოდიან; კაცის მოკვეთილი მაჯა; კაცი, რომელიც ორი ბაგირის გამოყენებით ზურგით სხვადასხვა ნივთებს მიათრევს, მათ შორის ორ როიალს, ორ მკვდარ სახედარს და ორ ღარიბ სემინარისტს. სცენები ფილმის ბოლოს არ ერთიანდება და კვლავ ამოუცნობი რჩება.
გადაღება
რედაქტირებაბუნიუელი და დალი ერთმანეთის სტუდენტობიდან, 20-იანი წლებიდან იცნობდნენ. 1928 წელს ისინი ფიგუერესში, დალის მშობლიურ ქალაქში ერთმანეთს შეხვდნენ და საკუთარი სიზმრები გაუმხილეს. ბუნიუელმა სიზმარში ნახა გრძელი და ვიწრო ღრუბელი, რომელმაც სკალპელივით გადაკვეთა მთვარის დისკო. დალის კი დაესიზმრა, რომ მისი ხელი სავსე იყო ჭიანჭველებით. მათ გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი ექციათ ფილმად, რომელშიც არაფერი იქნებოდა რაციონალური, ლოგიკური და ფსიქოლოგიურად ახსნადი.
სცენარი დაიწერა ერთ კვირაში.გადასაღებად საჭირო ფული ბუნიუელმა დედას გამოართვა. გადაღებები საფრანგეთის ჩრდილოეთში მიმდინარეობდა და 14 დღეს გაგრძელდა. ბუნიუელმა ფილმი პარიზში დაამონტაჟა. ბუნიუელმა დამონტაჟებული ფილმი აჩვენა მან რეისა და ლუი არაგონს, რომლებიც აღფრთოვანდნენ.
1929 წლის აპრილში პირველი საჯარო პრემიერა შედგა. პრემიერისას გრამოფონი უკრავდა რიხარდ ვაგნერის მუსიკას ოპერიდან "ტრისტანი და იზოლდა" და არგენტინულ ტანგოს. არსებობს ფილმის ასლი, სადაც ასევე ბეთჰოვენის მუსიკა ისმის.
ბუნუელმა და დალიმ სახელი გაიქთვეს და პარიზის სიურრეალისტურ წრეებს დაუახლოვდნენ. ისინი მოგვიანებით კვლავ თანამშრომლობდნენ ფილმში ოქროს საუკუნე, რომელიც სტილისტურად "ანდალუსიური ძაღლის" გაგრძელება იყო.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ფილმის ორივე მთავრმა მსახიობმა თავი მოიკლა: პიერ ბატჩეფმა პარიზში, 1932 წელს, ხოლო სიმონა მარეილიმ 1954 წელს პერიგიოში.
- ფილმში გაჭრილი თვალი ხბოსია. ბუნიუელმა ძლიერი განათების საშუალებით მოახერხა რომ ცხოველის ტყავი კადრში ადამიანის ნაზ კანს დამსგავსებოდა.
- გამოთქმით ანდალუსიური ძაღლი მადრიდში ე.წ. დედიკოს ბიჭებს მოიხსენიებდნენ
- ფილმი შეიცავს იმ პერიოდის მწერლების ნაწარმოებების რამდენიმე ალუზიას, მათ შორის იყო ფედერიკო გარსია ლორკას ლექსები და ხუან რამონ ხიმენესის რომანი "პლატერო და მე", რომელიც ფილმის ავტორებს ძალიან არ უყვარდათ.
- ფილმის პრემიერაზე ბუნიუელს ჯიბეები ქვებით ჰქონდა სავსე, რათა გამოეყენებინა აჟიოტაჟის შემთხვევაში აღშფოთებული პუბლიკისგან თავის დასაცავად, მაგრამ მისი შიში უსაფუძვლო გამოდგა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფილმის საიტი დაარქივებული 2011-12-09 საიტზე Wayback Machine.
- Videoartworld: ბუნიუელის ფილმები დაარქივებული 2011-02-20 საიტზე Wayback Machine.
- ფილმის სცენარი
- ფილმის კრიტიკა დაარქივებული 2011-10-14 საიტზე Wayback Machine.
- სურათები ფილმიდან დაარქივებული 2009-10-27 საიტზე Wayback Machine.
- ანდალუსიური ძაღლი, გალერეა
- Луис Бунюэль, Сальвадор Дали – “АНДАЛУССКИЙ ПЕС”