ჭიანჭველასებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან ჭიანჭველა)

ჭიანჭველასებრნი (ლათ. Formicidae) — მწერების ოჯახი სიფრიფანაფრთიანთა რიგისა. ისინი „საზოგადოებრივი მწერები“ არიან და ენათესავებიან ბზიკებსა და ფუტკრებს. ჭიანჭველები წარმოიშვნენ და განვითარდნენ ბზიკისებრთა სახეობის წინაპრებისგან შუა ცარცულ პერიოდში, 110-130 მილიონი წლის წინ და ამ მწერების სხვადასხვა სახეობად დაყოფა მოხდა დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების განვითარების შემდეგ. საერთო, 22 000 სახეობიდან ჭიანჭველების 12 500-ზე მეტი სახეობა კლასიფიცირებულია, რაც გამოწვეულია მათთვის დამახასიათებელი თავზე მიერთებული მოხრილი საცეცებითა და სხეულის კვანძოვანი აგებულებით.

ჭიანჭველასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
ლათინური სახელი
Formicidae

ჭიანჭველები ცხოვრობენ რთულ ბუდეებში, სადაც ფრთიან მამლებსა და დედლებთან ერთად არის ერთი ან რამდენიმე კვერცხმდები უფრო დედალი ანუ „დედოფალი“ და ბევრი უფრო მუშა (სქესობრივად განუვითარებელი დედალი). მუშის სხეულის სიგრძე 0,8-30 მმ აღწევს, დედალი ბევრად უფრო მსხვილია, რადგან მუცელი გამოვსებული აქვს კვერცხებით. ჭიანჭველებს მღრღნელი ტიპის პირის აპარატი აქვთ. ზოგჯერ ოჯახები ქმნიან კოლონიებს, რომელთა შორისაც ხდება საკვებისა და ინდივიდების გაცვლა. წელიწადის თბილ დროს ფრთიანი დედალ-მამალი ჭიანჭველები ტოვებენ ბუდეს საქორწინო ფრენისთვის; დაწყვილების შემდეგ მამალი კვდება, დედალი კი კარგავს ფრთებს და იწყებს ახალი ბუდის შენებას.

ჭიანჭველები ცხოვრობენ კოლონიებად, დაწყებული მცირე ზომის ჯგუფიდან, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს პატარა ბუნებრივ ღრმულებში, დამთავრებული რთული სტრუქტურის ორგანიზაციით, რომლებიც შეიძლება იკავებდეს უზარმაზარ ტერიტორიას და მისი კოლონია შედგებოდეს მილიონობით ინდივიდისაგან. დიდი კოლონიები ხშირად შედგება უნაყოფო და უფრთო მდედრი ჭიანჭველებისაგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან „მუშების“, „ჯარისკაცების“ ან სხვა სპეციფიკურ ჯგუფებში. თითქმის ყველა კოლონიას ჰყავს რამდენიმე ნაყოფიერი მამრი და ერთი ან მეტი ნაყოფიერი მდედრი, რომელსაც ეძახიან დედოფალს. კოლონიებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სუპერორგანიზმს, რადგანაც მათ ახასიათებთ ერთობლივი მოქმედება და საერთო საქმიანობა კოლონიის განსავითარებლად.

ჭიანჭველები დასახლებულნი არიან დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისია მხოლოდ ანტარქტიდა და ასევე, რამდენიმე უმნიშვნელო და საცხოვრებლად არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მქონე კუნძული. ჭიანჭველები ვითარდებიან უმრავლეს ეკოსისტემაში და ხმელეთის ბინადართა ბიომასის დაახლოებით 15-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა გარემოში განვითარების მთავარი გასაღები მდგომარეობს მათ სოციალურ ორგანიზაციასა და უნარში, გარდაქმნან საცხოვრებელი ადგილი გარემო პირობების შესაბამისად.

ჭიანჭველასებრთა წარმომადგენლებს ახასიათებთ სპეციფიკური ნიშნები დაანაწილონ სამუშაო, დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასევე, გადაჭრან რთული პრობლემები. ამით ისინი ადამიანთა საზოგადოებას ემსგავსებიან. ჭიანჭველებს იყენებენ სხვადასხვა კულტურაში: სამზარეულოში, მედიცინაში და ასევე, სხვადასხვა რიტუალში. ჭიანჭველების უნარმა, დაამუშაონ და გამოიყენონ სხვადასხვა სახის რესურსი, შესაძლოა გარკვეული კონფლიქტი წარმოშვას ადამიანებთან, რადგანაც ისინი ქმნიან საფრთხეს გაანადგურონ მარცვლეულის მარაგები ან შეაღწიონ შენობებში. ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა წითური ჭიანჭველები, ცნობილნი არიან როგორც „დამპყრობლები“, რადგანაც ისინი ფუძნდებიან და იკავებენ იმ ტერიტორიას, სადაც შემთხვევით მოხვდებიან.

ტყისა და ველის ბიოცენოზში ტყის ქარც ჭიანჭველებს მათი მტაცებლური ბუნების გამო დიდი მნიშვნელობა აქვთ. მათ იყენებენ ტყის მავნებლების წინააღმდეგ და ამიტომ ხელოვნურადაც ავრცელებენ, ზრუნავენ როგორც ჭიანჭველასებრთა, ისე მათი ბუდეების დასაცავად. საქართველოში ჭიანჭველების 102 სახეობა და 23 ქვესახეობაა აღნიშნული.

ევოლუცია

რედაქტირება
 
ქარვაში გაქვავებული ჭიანჭველას ნაშთი

ჭიანჭველასებრთა ოჯახი მიეკუთვნება სიფრიფანაფრთიანთა სახეობას, რომლებიც ასევე აერთიანებს კრაზანებსა და ფუტკრებს. ჭიანჭველები განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ ნესტრიანი ბზიკისებრთა მწერისგან 100 მილიონზე მეტი წლის წინ. 1966 წელს, ედვარდ უილსონმა და მისმა ჯგუფმა მოახდინეს იდენტიფიცირება გაქვავებული ნამარხი ნაშთების, სადაც შემორჩენილი იყო ჭიანჭველის ნარჩენი, ხოლო აღნიშნული ნამარხი განეკუთვნებოდა ცარცულ პერიოდს. ამ ნიმუშს, რომელსაც გარს ეკრა ქარვის გარსი და რომლის ასაკი განისაზღვრებოდა 92 მილიონი წლით, გარკვეული ნიშნები საერთო ჰქონდა ბზიკთან, ხოლო ეს თავისებურებები თანამედროვე ჭიანჭველებს არ გააჩნდათ. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ყვავილოვანმა მცენარეებმა იწყეს განვითარება, ჭიანჭველები გახდნენ უფრო მრავალფეროვანნი და მიაღწიეს ეკოლოგიურ დომინირებას დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ. ზოგიერთი სახეობა განსხვავდება ადრეული პრიმიტიული ჭიანჭველებისგან, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ მათ ცხოვრება უწევთ მიწის ზედაპირის ქვეშ.

ცარცული პერიოდის განმავლობაში, ჭიანჭველასებრთა ოჯახის რამდენიმე სახეობა გავრცელებული იყო ლავრაზიის კონტინენტზე. ისინი ამ არეალში წარმოადგენდნენ უმცირესობას სხვა მწერებთან შედარებით, დაახლოებით 1%-ს მწერების სხვა სახეობებთან შედარებით. თუმცა, პალეოგენური პერიოდის დასაწყისისთვის, ჭიანჭველებმა ამ რეგიონში მოიპოვს დომინანტის როლი. ხოლო ოლიგოცენისა და მიოცენის პერიოდისთვის, ჭიანჭველების წილი შეადგენდა დაახლოებით 20-40%-ს, რაც დასტურდება ამავე პერიოდების ნამარხი ნაშთების მიხედვით.

მართალია, ტერმიტებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „თეთრ ჭიანჭველებს“, თუმცა ისინი სულაც არ განეკუთვნებიან ჭიანჭველების სახეობას. ტერმიტები უფრო მეტად ახლოს დგანან ტარაკნებთან და კალიებთან. ტერმიტებსაც, ისევე როგორც ჭიანჭველებს, ახასიათებთ საზოგადოებრივ ჯგუფებად დაყოფა, თუმცა, ისინი დიდად განსხვავდებიან როგორც გენეტიკით, ასევე რეპროდუქციით.

გავრცელება და მახასიათებლები

რედაქტირება

ჭიანჭველები სახლობენ დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ანტარქტიდის გარდა. ასევე, კუნძულები, როგორიცაა გრენლანდია, ისლანდია, პოლინეზიის ნაწილი და ჰავაის კუნძულები არ წარმოადგენენ მშობლიურ ტერიტორიას ჭიანჭველებისთვის. ჭიანჭველასებრთა სახეობას შეუძლია მრავალმხრივ შეეგუონ გარემო პირობებს, რასაც ადასტურებს მათი უნარი მრავალმხრივ დაამუშაონ საკვები პროდუქტები. ამით, ისინი წარმოადგენენ როგორც ბალახისმჭამელთა კატეგორიას, ასევე არიან ხორცისმჭამელები და ხშირ შემთხვევაში, შეუძლიათ ნაგვითაც გაიტანონ თავი. ამ ოჯახის სახეობათა აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფრისმჭამელთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა არსებობს სახეობათა ნაწილი, რომლებიც შერჩევით იკვებება. მათი ეკოლოგიური დომინირება შეიძლება განისაზღვროს ბიომასის მიხედვით და მათი საერთო რაოდენობა სხვადასხვა გარემოში, ხმელეთის ბინადართა 15-20%-ს შეადგენს (ხოლო ტროპიკებში — დაახლოებით 25%-ს). ეს რიცხვი კი უფრო მეტია, ვიდრე ხერხემლიანთა სახეობის საერთო რაოდენობა.

ჭიანჭველების ზომა მერყეობს 0.75 მმ-დან 5.2 სმ-მდე. უდიდესი ჭიანჭველად მიჩნეულია Titanomyrma, რომლის ზომა იყო 6 სმ, ხოლო ფრთების შლილის ზომა — 15 სმ. ჭიანჭველებს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ, რომელთაგან უმრევლესობა არის შავი ან წითელი, თუმცა ზოგიერთი სახეობა მწვანეა ან რკინის შეფერილობის მზინავი გარსი აკრავთ. 12 000-ზე მეტი სახეობა დღეისთვის ცნობილია, თუმცა სხვადასხვა დათვლებით, მათი საერთო ოდენობა 22 000 სახეობას აღწევს. ტაქსონომიური კვლევები აგრძელებენ მცდელობას საბოლოოდ გადაჭრან ჭიანჭველების კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის საკითხი.

აგებულება

რედაქტირება

ჭიანჭველასებრთა ოჯახის წარმომადგენლები გამოირჩევიან თავიანთი მორფოლოგიით სხვა მწერებისგან თავიანთი მოხრილი საცეცებით, მეტაპლევრული ჯირყვალითა და მუცლის მეორე სეგმენტით. თავი, მეზოსომა და მეტასომა არიან მკაფიოდ გამოკვეთილი ნაწილები.

 
მუშა ჭიანჭველას აგებულება

ჭიანჭველის თავი შედგება მრავალი მგრძნობიარე ნაწილისგან. მწერთა უმრავლესობის მსგავსად, მას აქვს რთული აგებულების თვალები, შემდგარი უამრავი ერთმანეთთან შეკავშირებული ლინზისგან. ჭიანჭვალის თვალს შეუძლია დააფიქსიროს უმცირესი მოძრაობაც კი, თუმცა მას არ აქვს უნარი მიიღოს მკვეთრი გამოსახულება. მათ ასევე გააჩნიათ სამი პატარა მარტივი თვალი თავის ზედა ნაწილში, რომელთა მთავარი ფუნქციაა სინათლის დონისა და გავრცელების სიხშირის დაფიქსირება. ხერხემლიანთა შედარებით, მათ არ შეუძლიათ ფერთა სრულად აღქმა, ხოლო მიწისქვეშა ბინადრების რამდენიმე სახეობა საერთოდ ბრმა არის. თუმცა, ჭიანჭველების რამდენიმე სახეობა, როგორიცაა მაგალითად ავსტრალიური ბულდოგი-ჭიანჭველა, გამოირჩევა შესანიშნავი მხედველობითი უნარით. ამ სახეობას შეუძლია განასხვავოს სხვადასხვა ფერი, ზუსტად განსაზღვროს ობიექტამდე მანძილი და ზომა დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში.

თავზე დაკავშირებული ორი საცეცით ჭიანჭველას შეუძლია დააფიქსიროს ქიმიური ნივთიერებები, ჰაერის ნაკადები და ვიბრაცია. ეს წანაზარდები ასევე გამოიყენება ერთმანეთს შორის სიგნალის გადასაცემად და სიგნალის მისაღებად. მას აქვს ასევე ორი ძლიერი ყბა, რაც გამოიყენება საკვების გადასატანად, საგნების გადასაადგილებლად, ბუდეების ასაშენებლად და ასევე, თავის დაცვის მიზნით. ზოგიერთ სახეობას პირის შიგნით აქვს სპეციალური ჩაღრმავება, სადაც გროვდება საკვები, რომელიც შემდეგ შეიძლება სხვა ჭიანჭველას გაუნაწილოს.

ჭიანჭველას, მეზოსომასთან დაკავშირებული ექვსი ფეხი აქვს, რომლებიც მოკაუჭებული ბრჭყალისებრი ბოლოთი მთავრდება.

ფრთები ჭიანჭველებში მხოლოდ გამრავლების უნარის მქონე ინდივიდებს, როგორიცაა დედოფალი ჭიანჭველა და მამრი ჭიანჭველები, გააჩნიათ. დედოფალი ჭიანჭველა ფრთებს საქორწინო გაფრენის შემდეგ კარგავს. არსებობს რამდენიმე სახეობა, სადაც არც დედოფალს და არც მამრ ჭიანჭველებს არ გააჩნიათ ფრთები.

მეტასომა

რედაქტირება

მეტასომა (იგივე მუცლის ღრუ) აერთიანებს ჭიანჭველების უმნიშვნელოვანეს ორგანოებს, როგორებიცაა რეპროდუქციის, სასუნთქი და გამომყოფი სისტემები. მრავალი სახეობის მუშა ჭიანჭველებში კვერცხსადები ორგანო გარდაქმნილია ნესტრად, რომელსაც იყენებენ როგორც ნანადირევის დასამორჩილებლად, ასევე ბუდეების დასაცავად.

პოლიმორფიზმი

რედაქტირება

ჭიანჭველასებრთა ოჯახის რამდენიმე სახეობის კოლონიაში, არსებობს მუშა ჭიანჭველების ერთგვარი „კასტები“ სხეულებრივი მახასიათებლების მიხედვით: მცირე, საშუალო და დიდი მუშა ჭიანჭველები. უმეტესად, დიდ ჭიანჭველებს აქვთ არაპროპორციულად დიდი თავი და შესაბამისად ძლიერი ქვედა ყბა. ასეთ ინდივიდებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ჯარისკაცებს“, რადგანაც მათი ძლიერი ყბების გამო ისინი ბრძოლებში ეფექტურობით გამოირჩევიან, თუმცა ისინი მაინც „მუშები“ არიან და მათი ძირითადი ფუნქციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან მცირე და საშუალო კატეგორიებისგან. რამდენიმე სახეობაში საერთოდ არაა საშუალო ზომის მუშების კატეგორია და ამიტომაც, ამ სახეობებში არის უხეში დაყოფა მცირე და დიდ მუშა ჭიანჭველებად. მცირე და დიდ ჭიანჭველებს შორის, Pheidologeton diversus-ის სახეობაში არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც გამოიხატება იმაში, რომ დიდი ჭიანჭველის მასა ხშირ შემთხვევაში 500-ჯერ აღემატება მცირე ჭიანჭველის მასას.

ჭიანჭველის როლი და ფუნქცია შეიძლება ასაკთან ერთად შეიცვალოს. მაგალითად, რეზერვუარი-ჭიანჭველების მთავარი ფუნქცია ადრეულ პერიოდში არის საკვები ნივთიერებების დაგროვება, ხოლო შემდგომ ეტაპზე, არსებობას განაგრძობენ როგორც „საკვების შესანახი ცოცხალი ჭურჭლები“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება