ანა ჰაიდი (ინგლ. Anne Hyde; დ. 12 მარტი, 1637 — გ. 31 მარტი, 1671) — გამოჩენილი ინგლისელი არისტოკრატი. იორკისა და ალბანის ჰერცოგინია როგორც ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ის პირველი მეუღლე, რომელიც მის გამეფებამდე გარდაიცვალა. 1660 წელს, მისი და ჯეიმზის ქორწინებას დიდი სკანდალი მოჰყვა, რომლის ჩასაცხრობადაც მეფემ ანას მამას ერლის წოდება უბოძა. მისი და ჯეიმზის მრავალი შვილიდან აღსანიშნავნი არიან ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი მერი II და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი ანა.

ანა ჰაიდი
წოდებები
იორკისა და ალბანის ჰერცოგინია
დაიბადა 12 მარტი, 1637
უინძორი, ინგლისი
გარდაიცვალა 31 მარტი, 1671, (34 წლის)
ლონდონი, ინგლისი
მეუღლე(ები) ჯეიმზ II, ინგლისის მეფე
შვილ(ებ)ი მერი II, ინგლისის დედოფალი
ანა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
მამა ედუარდ ჰაიდი, კლარენდონის ერლი
დედა ფრანცისკა აილესბური
რელიგია ჯერ ანგლიკანიზმი
შემდეგ კათოლიციზმი

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ლედი ანა ჰაიდი

ანა ჰაიდი დაიბადა 1637 წლის 12 მარტს უინძორში, ინგლისში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ედუარდ ჰაიდისა და მისი მეორე ცოლის, ფრანცისკა აილესბურის პირველი შვილი ექვსიდან. ანას მშობლები მამამისის პირველი ცოლის, ანა აილიფეს გარდაცვალების შემდეგ შეუღლდნენ, რომელიც ქორწილიდან სულ ექვს თვეში დაიღუპა უშვილოდ. აღსანიშნავია, რომ ანას სახელი სწორედ მამამისის პირველი ცოლის პატივსაცემად დაარქვეს. მისი ადრეული ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მის შესახებ სანდრო წყაროები მხოლოდ 1649 წლიდან იწყებენ წერას, როდესაც ჰაიდების ოჯახი მეფე ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ მეფის ქალიშვილ მერი სტიუარტთან გაიქცა, რომელიც ნიდერლანდების შტატჰალტერზე იყო დაქორწინებული. ნიდერლანდებში ისინი ქალაქ ბრედაში ცხოვრობდნენ, რომელიც მერი სტიუარტის ოფიციალური რეზიდენცია იყო, სადაც მან რევოლუციის პერიოდში მრავალი თანამემამულე შეიფარა.

ანა მერი სტიუარტის ფავორიტი მალევე გახდა, რის შემდეგაც იგი ჰააგას სამეფო კარზე გადავიდა. იგი მეტად მომხიბვლელი იყო და კარგი გემოვნებაც ჰქონდა, რის გამოც ხშირად იქცევდა მამაკაცთა ყურადღებას. ერთ-ერთი პირველი მამაკაცი, რომელსაც ანა შეუყვარდა იყო სპენსერ კომპტონის ვაჟი, ნორთემპტონის ერლი. მისდა საუბედუროდ, ამ დროისათვის ანას ჰენრი ჯერმინთან ჰქონდა ურთიერთობა. სწორედ ჯეიმზთან ურთიერთობისას გაიცნო ანამ თავისი მომავალი მეუღლე, იორკის ჰერცოგი ჯეიმზ სტუარტი, რომელიც თავის დასთან, მერისთან იყო ჩასული. 1659 წლის 24 ნოემბერს, მათი გაცნობიდან ორი, ან სამი წლის შემდეგ, ჯეიმზმა ანას ცოლობა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. სწორედ ამ დროს, 1660 წლის 29 მაისს ჯეიმზის უფროსი ძმა, ჩარლზ II ავიდა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის სამეფო ტახტზე, რითაც განხორციელდა სტიუარტთა რესტავრაცია და ქვეყნიდან გაქცეული არისტოკრატიაც უკან დაბრუნდა.

იორკის ჰერცოგინია

რედაქტირება

ქორწინება

რედაქტირება
 
იორკის ჰერცოგი ჯეიმზ სტიუარტი თავის ცოლთან, ლედი ანა ჰაიდთან და მათ ორ ქალიშვილთან: მერისა და ანასთან ერთად.

მას შემდეგ რაც ჩარლზ II-მ ტახტი დაიბრუნა, ჯეიმზისა და ანას ქორწინება შეუძლებელი გახდა, რადგანაც იგი ახლა უკვე სამი სამეფოს მეფის ძმა და ტახტის შესაძლო მემკვიდრე იყო და არ შეეძლო უბრალო წარმომავლობის ქალზე ქორწინება. ამის გამო ჩარლზი ძმისთვის საცოლედ რომელიმე ევროპელ პრინცესას ეძებდა, ისევე, როგორც თავისთვის, მაგრამ 1660 წელს გაირკვა, რომ ანა ჰაიდი ჯეიმზისაგან იყო ორსულად. ამის გამო, 1660 წლის 3 სექტემბერს, ლონდონში ჯეიმზ სტიუარტი და ანა ჰაიდი მალულად დაქორწინდნენ. ამ ქორწინების შესახებ არც ჯეიმზის ოჯახმა იცოდა არაფერი და არც ანას ახლობლებმა. როდესაც ეს ამბავი გასაჯაროვდა, მეფე ჩარლზმა მითქმა-მოთქმის თავიდან ასარიდებლად ანას მამას, ედუარდ ჰაიდს სასწრაფოდ მიანიჭა კლარენდონის ერლობა და სულ მალე იგი მისი საყვარელი მინისტრიც გახდა. მათი საიდუმლო ქორწინების შემდეგ, ანაზე საფრანგეთის ელჩმა ასეთი რამ განაცხადა:

 
„მისი გამბედაობა, ჭკუა და ენერგია თითქმის ღირსია სამეფო სისხლისა“

ქორწინებიდან სულ ერთ თვეში, 1660 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა მათი პირველი შვილი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ჩარლზი დაარქვეს. ამის შემდეგ ანამ კიდევ შვიდი შვილი გააჩინა, მაგრამ მათი რვა შვილიდან მხოლოდ ორმა გოგონამ — მერიმ და ანამ — მოახერხეს სრულწლოვანებამდე მიღწევა.

ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება
 
ანა ჰაიდი 1661 წელს

ოჯახური ცხოვრება ანასათვის მეტად პრობლემური აღმოჩნდა. მას არ მოსწონდა სამეფო კარი, სადაც ჯეიმზს უამრავი საყვარელი ჰყავდა, მათ შორის არაბელა ჩერჩილი, რომელთანაც მას უამრავი უკანონო შვილი გაუჩნდა, რომელთა უმეტესობაც ანას ხანმოკლე სიცოცხლის პერიოდში დაიბადა. ანა არ იყო თავისი რძლის, დედოფალ კატარინა ბრაგანსას მსგავსი, რომელსაც საერთოდ არ ადარდებდა თავისი ქმრის რომანები და უკანონო შვილები. როგორც სამეფო კარის მატიანე წერდა, ანა ხშირად ეჭვიანობდა ჯეიმზზე, თუმცა საჯაროდ ისინი ჰარმონიული წყვილის სახელით იყვნენ ცნობილები, რადგან ისინი ხშირად კოცნიდნენ ერთმანეთს და რთულ სიტუაციებში ერთმანეთს ეყრდნობოდნენ. ამავე მატიანეს ცნობით, ჯეიმზისა და ლედი ჩესტერფილდის რომანით ანა იმდენად შეწუხდა, რომ თავის მაზლს, მეფე ჩარლზ II-ს სთხოვა საქმეში ჩარევა და დახმარება. ანას კატეგორიული მოთხოვნით ჩარლზმა ლედი ჩესტერფილდი ლონდონიდან გადაასახლა და უკან მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დააბრუნა.

ანა, ისევე როგორც ჯეიმზი, საზღვარგარეთ ცხოვრებისას კათოლიციზმის გავლენის ქვეშ მოექცნენ, რის გამოც სტიუარტთა რესტავრაციისთანავე ისინი კათოლიკეები გახდნენ. როგორც ისტორიკოსი ჯონ ჩერჩილი წერდა, „კათოლიციზმმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია ანას აზროვნებაზე“. ანას გადანათვლიდან მხოლოდ რვა, ან ცხრა წლის შემდეგ გადავიდა კათოლიციზმზე, მაგრამ 1676 წლამდე იგი პარალელურად ესწრებოდა ხოლმე ანგლიკანურ ღვთისმსახურებასაც. ჯეიმზი ყოველთვის ანგლიკანურ საზოგადოებასთან ურთიერთობას ამჯობინებდა, მაგალითად ჯონ ჩერჩილთან, რომლის ცოლიც მოგვიანებით გახდა მათი უმცროსი ქალიშვილის ანას საუკეთესო მეგობარი გახდა. ვინაიდან მეფე ჩარლზ II აპროტესტებდა კათოლიკურ რელიგიას, ჯეიმზისა და ანას შვილები ანგლიკანურ რელიგიაზე აღიზარდნენ, თუმცა მისი გარდაცვალებისთანავე ისინი კათოლიკობაზე მონათლეს. მიუხედავად ამისა, ჯეიმზისა და ანას ქალიშვილები საბოლოოდ ანგლიკანებად აღიზარდნენ.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
ანა ჰაიდი 1670 წელს

მისი უმცროსი ვაჟის, ედგარის დაბადებიდის შემდეგ წელიწად-ნახევარში ანა მძიმედ დაავადდა, მაგრამ ამის მიუხედავად მან კიდევ ორი გოგონა გააჩინა. 1669 წელს დაიბადა მისი მეშვიდე შვილი — ჰენრიეტა, ხოლო 1671 წელს კეთრინი. პრინცესა კეთრინის დაბადებიდან სულ ერთ თვეში, 1671 წლის 31 მარტს, 34 წლის ანა ჰაიდი გარდაიცვალა ლონდონში, სარძევე ჯირკვლის სიმსივნით. ანას გარდაცვალებისას მისი ძმები, ჰენრი და ლორენსი ცდილობდნენ საზიარებლად ანგლიკანი მღვდლის მოყვანას, მაგრამ მან ამაზე მკაცრი უარი განაცხადა და კათოლიკე მღვდელი მოითხოვა. მისი გარდაცვალებიდან ორ დღეში ანას ცხედარი გადაასვენეს უესტმინსტერის სააბატოში, მეფე ჰენრი VII-ის სახელობის სამლოცველოში, სადაც დაკრძალეს შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალ მერი I სტიუარტის გვერდით, რომელიც მისი მეუღლის დიდი ბებია იყო. იმავე წლის ივნისში გარდაიცვალა ანას ერთადერთი ვაჟი — ედგარი, რასაც მოჰყვა დეკემბერში კეთრინის გარდაცვალება. ამრიგად, მისი შვილებიდან მხოლოდ მერი და ანა გადარჩნენ.

ანა ჰაიდის გარდაცვალების შემდეგ მისი ცნობილი პორტრეტები მისმა ქალიშვილმა, დედოფალმა მერი II-მ განათავსა თავის საძინებელში, უინძორის სასახლეში. ანას გარდაცვალებიდან სულ ორ წელიწადში, ვაჟის გაჩენის მიზნით ჯეიმზი დაქორწინდა იტალიელ კათოლიკე პრინცესა მარია დ’ესტეზე, რომელიც იყო მოდენას ჰერცოგის ასული. ჯეიმზს მასთან მართლაც შეეძინა ორი ჯანმრთელი ვაჟი. 1685 წელს ჩარლზ II-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ მეფე ანას ქვრივი, ჯეიმზ II გახდა, რომელიც 1688 წელს ტახტიდან ჩამოაგდო ანას უფროსმა ქალიშვილმა მერი II-მ და ტახტზე თავის ქმართან, უილიამ III-თან ერთად ავიდა. ჯეიმზი თავის ცოლ-შვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. 1694 წელს მერი II უშვილოდ დაიღუპა, მაგრამ ქვეყნის მართვას 1702 წლამდე მისი ქმარი უილიამი განაგრძობდა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ტახტი ანა ჰაიდის მეორე ქალიშვილმა, დედოფალმა ანამ დაიკავა, რომელმაც 1707 წელს ინგლისი და შოტლანდია დიდი ბრიტანეთის სამეფოდ გააერთიანა. 1714 წელს დედოფალი ანა ასევე უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ტახტი მისმა ბიძაშვილმა ჯორჯ I ჰანოვერელმა დაიკავა, თუმცა ჯეიმზ II-ის ვაჟები, რომლებიც მას მეორე ცოლისაგან ჰყავდა ტახტისათვის განაგრძობდნენ ბრძოლას, თუმცა ამაოდ. ისტორიაში ამ პერიოდს „იაკობინური ომები“ ეწოდება.

  1. ჩარლზი (დ. 22 ოქტომბერი, 1660 — გ. 5 მაისი, 1661), კემბრიჯის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილი;
  2. მერი II (დ. 30 აპრილი, 1662 — გ. 28 დეკემბერი, 1694), ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი 1688-1694 წლებში, ცოლად გაჰყვა თავის მამიდაშვილს, ნიდერლანდების შტატჰალტერ უილიამ III-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ჯეიმზი (დ. 12 ივლისი, 1663 — გ. 20 ივნისი, 1667), კემბრიჯის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბუბონული ჭირით;
  4. ანა (დ. 6 თებერვალი, 1665 — გ. 1 აგვისტო, 1714), დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი 1702-1714 წლებში, ცოლად გაჰყვა ჯორჯ დანიელს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია, რის გამოც შეწყდა სტიუარტთა დინასტია;
  5. ჩარლზი (დ. 4 ივლისი, 1666 — გ. 22 მაისი, 1667), კენდალის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილი;
  6. ედგარი (დ. 14 სექტემბერი, 1667 — გ. 8 ივნისი, 1671), კემბრიჯის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. ჰენრიეტა (დ. 13 იანვარი, 1669 — გ. 15 ნოემბერი, 1669), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. კეთრინი (დ. 9 თებერვალი, 1671 — გ. 5 დეკემბერი, 1671), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Callow, John (2000). The Making of King James II: The Formative Years of a King. Gloucestershire: Sutton. ISBN 0-7509-2398-9.
  • Curtis, Gila (1972). The Life and Times of Queen Anne. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 0-297-99571-5.
  • Devine, Tom (2006). The Scottish Nation 1700–2007. London: Penguin Books. ISBN 0-14-102769-X.
  • Everett Green, Mary (1857). Lives of the Princesses of England, from the Norman Conquest. London: Longman, Brown, Green, Longman, & Roberts. OCLC 15617187.
  • Fraser, Antonia (2002). King Charles II. Phoenix. ISBN 0-7538-1403-X.
  • Green, David (1970). Queen Anne. London: Collins. ISBN 0-00-211693-6.
  • Gregg, Edward (1984). Queen Anne. New Haven and London: Yale University Press. ISBN 0-7448-0018-8.
  • Henslowe, J. R. (1915). Anne Hyde, Duchess of York. London: T. W. Laurie.
  • Hutton, Ronald (1989). Charles II: King of England, Scotland and Ireland. Oxford: Clarendon. ISBN 0-19-822911-9.
  • Lister, Thomas Henry (1838). Life and Administration of Edward, First Earl of Clarendon. London: Longman, Orme, Brown, Green, and Longmans. OCLC 899249.
  • Maclagan, Michael; Louda, Jiří (1999). Line of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe. London: Little, Brown & Co. ISBN 1-85605-469-1.
  • Melville, Lewis (2005). The Windsor Beauties: Ladies of the Court of Charles II. Michigan: Loving Healing Press. ISBN 1-932690-13-1.
  • Miller, John (2000). James II. New Haven: Yale University Press. ISBN 0-300-08728-4.
  • Panton, Kenneth John (2011). Historical Dictionary of the British Monarchy. Lanham: Scarecrow Press. ISBN 0-8108-5779-0.
  • Softly, Barbara (1979). The Queens of England. Michigan: Bell Pub Co. ISBN 0-517-30200-4.
  • Strickland, Agnes (1882). The Queens of England. Boston: Easton and Lauriat. OCLC 950726.
  • Van der Kiste, John (2003). William and Mary. Gloucestershire: Sutton. ISBN 0-7509-3048-9.
  • Waller, Maureen (2002). Ungrateful Daughters: The Stuart Princesses who Stole Their Father's Crown. London: Hodder & Stoughton. ISBN 0-312-30711-X.
  • Weir, Alison (2008). Britain's Royal Families: The Complete Genealogy. London: Vintage Books. ISBN 978-0-09-953973-5.